Accessibility links

logo-print

პრეზიდენტისა და საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერების პირველი შეხვედრა პოზიტიურად შეფასდა


საქართველოს პრეზიდენტისა და საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა სახელმწიფო კანცელარიაში დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

შეხვედრამ ორსაათ-ნახევარს გასტანა და თემატურადაც დატვირთული აღმოჩნდა. საუბრის დეტალების შესახებ შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგაც ბევრი არაფერია ცნობილი. თუმცა, ამის მიუხედავად, ოპოზიციისა და უმრავლესობის ლიდერები პრეზიდენტთან გამართულ კონსულტაციებს ცალსახად პოზიტიურად აფასებენ.

ახალი მოწვევის პარლამენტის სამწლიანი მუშაობის განმავლობაში საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები საქართველოს პრეზიდენტმა კანცელარიაში სასაუბროდ პირველად მიიწვია. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას უმრავლესობიდან პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მაია ნადირაძე და ფრაქციის წევრი ნიკა გვარამია ესწრებოდნენ, საპარლამენტო უმცირესობიდან კი - ოპოზიციური ფრაქციების ლიდერები: დავით ბერძენიშვილი, ზურაბ ტყემალაძე და დავით გამყრელიძე. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის ორგანიზება და ოპოზიციური ფრაქციების ლიდერებსა და პრეზიდენტს შორის შუამავლობა დეპუტატ ნიკა გვარამიას დაევალა.

[ნიკა გვარამიას ხმა]“ მე არც დაგიდასტურებთ ამას და არც უარვყოფ. მე მგონი, არ არის მნიშვნელოვანი.”

[კორესპონდენტის ხმა]“ აქტუალობა რამ განაპირობა ამ შეხვედრის?”

[ნიკა გვარამიას ხმა]“ ეს უნდა ჰკითხოთ იმას, ვინც გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. აქტუალობის შეგრძნებას მისთვის არასოდეს უღალატია.“

განსახილველი თემები კი, რომლებიც აქტუალობის შესაბამისად განისაზღვრა, იყო: ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების დარეგულირება. სწორედ ამიტომ პრეზიდენტისა და პარლამენტარების შეხვედრას საქართველოს მთავრობიდან საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი და კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მერაბ ანთაძეც დაესწრნენ.

[მერაბ ანთაძის ხმა]“ძირითადად, საკითხები იყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სტრატეგიასთან, რაზეც გარკვეული კითხვები ჰქონდათ. ბუნებრივია, ჩვენ მოვახსენეთ ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა დღეს და იყო რაღაც კითხვები, რომელზედაც ასევე პრეზიდენტმაც გასცა პასუხი. მე ვფიქრობ, ეს სრულიად მისაღები იყო ოპოზიციისთვის.“(სტილი დაცულია)

მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი შეხვედრები კონკრეტული შედეგებით არ სრულდება ხოლმე, ოპოზიციისთვის მისაღები აღმოჩნდა პრეზიდენტთან რეგულარული კონსულტაციების გამართვის პირობა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

[ზურაბ ტყემალაძის ხმა]“თქვენ როგორ გგონიათ, ერთმა შეხვედრამ შეიძლება საბოლოოდ რამე შეცვალოს? არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ბუნებრივია, ერთმანეთი უნდა დავარწმუნოთ ერთმანეთის ოპონირებაში და ეს დიალოგი საბოლოო შედეგს გამოიღებს.“(სტილი დაცულია)

განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ, რომელიც,შეხვედრის სხვა მონაწილეების დარად, ადასტურებს, რომ თემათა სპექტრი, ძირითადად, იმ საკითხებით შემოიფარგლა, რომელიც პრაქტიკულად არ არის პოლიტიკური ოპონირების საგანი, მათ შორის - ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურაში და ძირითადი სირთულეები ამ გზაზე. თუმცა, როგორც დავით გამყრელიძე აღნიშნავს, შეხვედრას არც საზოგადოებისათვის განსაკუთრებით საჭირბოროტო პრობლემებზე მსჯელობის გარეშე ჩაუვლია, ისეთებზე, როგორიცაა: სასამართლოების დამოუკიდებლობა, გახმაურებული საქმეების გამოძიება, კერძო საკუთრების ხელყოფა და სხვ. ამასთან დაკავშირებით, ფრაქცია „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უახლოეს ორ–სამ კვირაში საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტი მესაკუთრეთა ქონების დაცვასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ინიციატივით შევა. პრეზიდენტს ამ ინიციატივის მიზანშეწონილობაზე გასულ კვირაში მისი მრჩეველი, ესტონეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი მარტ ლაარიც ესაუბრა.

[მარტ ლაარის ხმა]“ ჩემი ღელვა იმას უკავშირდება, რომ როდესაც კერძო საკუთრებასთან მიმართებით იდგმება ასეთი ნაბიჯები, რაოდენ დიად მიზნებსაც უნდა ემსახურებოდეს ის, თუნდაც სამართლიანობის აღდგენას, რეალურად უდიდეს პრობლემებს წარმოშობს. ეს იქნება ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ვიმუშავებ. უკვე ვესაუბრე რამდენიმე მინისტრს, პრეზიდენტსაც, და მიმაჩნია, რომ მისაღებია მკაფიო გადაწყვეტილება, გნებავთ – საკუთრების დაცვის შესახებ საგანგებო საკანონმდებლო აქტის სახით, რომლითაც ხალხს განემარტებოდა, პრივატიზაციისას დაშვებული რა დარღვევების შემთხვევაში და რომელ ობიექტებზე დაიწყება გამოძიება. ყველა შემთხვევა, რასაკვირველია, უნდა განიხილოს სასამართლომ.“

ეს იყო ნაწყვეტი ინტერვიუდან პრეზიდენტის მრჩეველ მარტ ლაართან, რომელიც რადიო “თავისუფლების” ეთერში გასულ ხუთშაბათს მოისმინეთ. საქართველოს პრეზიდენტისა და ოპოზიციის ლიდერთა შეხვედრის დეტალებსა და მხარეთა დიალოგის პერსპექტივებზე საუბარს ხვალ საპარლამენტო ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ ლიდერ დავით ბერძენიშვილთან ინტერვიუში განვაგრძობთ.

XS
SM
MD
LG