Accessibility links

logo-print

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის იორან ლენმარკერის ვიზიტი თბილისში


6-7 თებერვალს თბილისში შეხვედრებს მართავდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი იორან ლენმარკერი.

ვიზიტის პირველ დღეს ის ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებთან შეხვედრებით იყო დაკავებული, ოთხშაბათს კი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვისაც მოიცალა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის მთავარი მიზანი იყო მაქსიმალური ინფორმაციის მიღება საქართველოში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით და ”საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში” მასთან შეხვედრაზეც საუბარი, ძირითადად, სწორედ კონფლიქტების თემაზე წარიმართა. მინდა ამ შეხვედრაზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მიერ გამოთქმული რამდენიმე მოსაზრება გაგაცნოთ.


[იორან ლენმარკერის ხმა] ” რითაც არ უნდა დასრულდეს კოსოვოს ამბავი, ის არსად განმეორდება, მიუხედავად იმისა, რაც პუტინმა თქვა. კოსოვოს სტატუსი არ მოახდენს გავლენას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ბედზე. ასე არ იქნება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ვითარების მოგვარების საფუძველია. ”

”საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში” გამართულ შეხვედრაზე ასე უპასუხა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა იორან ლენმარკერმა ერთ-ერთი ქართველი პოლიტოლოგის შეკითხვას, შეიძლება თუ არა კოსოვო იქცეს სამაგალითოდ სხვა კონფლიქტების და, მათ შორის, საქართველოში არსებული კონფლიქტების მოწესრიგების საქმეში. ლენმარკერის პასუხი იმ მოსაზრებაზე გაცილებით ოპტიმისტური იყო, რომელიც შეხვედრაზე პოლიტიკოსმა ივლიანე ხაინდრავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გამოსვლამდე გამოხატა. ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებთან დაკავშირებულ ახალ რეალიებზე საუბრისას მან, როცა საერთაშორისო ასპარეზზე გამოკვეთილ საყურადღებო მომენტებს შეეხო, თქვა, რომ კოსოვოს ბედის გადაწყვეტა, გვინდა თუ არ გვინდა, აქტუალურს გახდის მსჯელობას იმის თაობაზე, უნდა იქცეს თუ არა კოსოვო პრეცედენტად. რომელი ვერსიაა სინამდვილესთან ახლოს, ოპტიმისტური თუ შედარებით პესიმისტური, დრო გვიჩვენებს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის აზრით, ოპტიმიზმი საჭიროა და, ამას გარდა, სახალისოც, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ აღმოსავლეთ ევროპის ბოლო გაკვეთილებმა სხვადასხვა სადავო საკითხებთან მიმართებით სწორედ ოპტიმისტების ხედვის მართებულობა დაადასტურა. მოვიყვან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის კიდევ ერთ განცხადებას, რომელიც მან 6 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე გააკეთა: ”ეუთო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს და, როგორიც არ უნდა იყოს კოსოვოს ბედი, ეუთო საქართველოს მიმართ მიდგომას არ შეცვლის.”

იორან ლენმარკერი 6 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარის გარდა, შეხვდა: საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. ამ შეხვედრებზე საქართველოს მხარემ სტუმარს კონფლიქტების მოწესრიგების საკუთარი ხედვა გააცნო. შეხვედრებზე ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველო ეუთოს განიხილავს რეგიონში სტაბილურობის მიღწევის ერ-ერთ უმნიშვნელოვანეს მექანიზმად და კონფლიქტების მოწესრიგების საქმეში ეუთოსა და ევროკავშირის როლის გააქტიურებას ცდილობს. ლენმარკერი ამ საკითხთან დაკავშირებითაც რომ ოპტიმისტია, ამას ”სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ფონდში” მის მიერ გამოთქმული კიდევ ერთი მოსაზრება ცხადყოფს. ”წლების წინ არც ბალტიისპირა ქვეყნები წარმოგვედგინა ევროპული ოჯახის ნაწილად, მაგრამ ეს რეალობაა, ჩვენ დღეს ერთ მაგიდას ვუსხედვართ,” - თქვა მან და დასძინა:

[იორან ლენმარკერის ხმა] ” დრო გაჩერებული არ არის. ევროინტეგრაციის კონტექსტში საქართველოსა და, გარკვეულწილად, მისი მეზობლების აღქმაც შეიცვალა. გადავინაცვლოთ 5 წლით უკან: კავკასია ევროპისთვის მაშინაც შორ, შავი ზღვის იქითა რეგიონად აღიქმებოდა. სხვადასხვა სახელმწიფოების მხრიდან ამგვარი მიდგომა იცვლება. თქვენ უახლოვდებით ევროპას და, ამ თვალსაზრისით, ჩვენ უფრო მეტად ვერთვებით საქართველოში მიმდინარე პროცესებში. ეს ნიშნავს, აგრეთვე, რომ ჩვენ სულ უფრო მეტად კრიტიკული ვიქნებით ამ პროცესების მიმართ, არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენი მიდგომა უფრო ნეგატიური გახდება, არამედ, პირიქით. გახსოვდეთ, რომ საქართველოს ცხოვრებაში ევროპის მეტად ჩართულობა ნიშნავს რაღაც-რაღაცებისთვის უფრო ახლოდან თვალის დევნებას და, ამის შესაბამისად, მეტ კრიტიკულობასაც. ”
XS
SM
MD
LG