Accessibility links

logo-print

რუსეთში ვლადიმირ პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ 13 ჟურნალისტი მოკლეს


ჩვენმა მსმენელმა იცის, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში არასამთავრობო ორგანიზაციამ სახელწოდებით "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი" თავისი წლიური ანგარიში გამოაქვეყნა.

მასში საუბარია იმ საფრთხეებზე, რომელთა წინაშეც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დგანან ჟურნალისტები. 323-გვერდიანი დოკუმენტის იმ ნაწილზე, სადაც საქართველოზეა საუბარი, რადიო "თავისუფლებამ" ორშაბათს გიამბოთ. დღეს მოკლედ შევეხებით პოსტსაბჭოთა სივრცის რამდენიმე სხვა ქვეყანას. ამ ქვეყნებში - ანგარიშის შემდგენელთა თქმით - განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა.

რადიო "თავისუფლებამ" ინტერვიუ ჩამოართვა ნინა ოგნიანოვას, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამების კოორდინატორს, რომლის შეფასებით, რამდენიმე სასიხარულო ტენდენციის მიუხედავად, თითქმის მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში სავალალო მდგომარეობაა. ოგნიანოვას აზრით, ყველაზე უარესი ვითარებაა რუსეთში, სადაც, ხელისუფლების სათავეში ვლადიმირ პუტინის მოსვლის შემდეგ - ანუ 1999 წლიდან მოყოლებული - 13 ჟურნალისტი მოკლეს. მათგან ყველაზე ცნობილი იყო ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც დაუნდობლად აკრიტიკებდა პუტინის მთავრობას ჩეჩნეთში წარმოებული სამხედრო კამპანიისთვის. განსაკუთრებით შემაშფოთებელი ის არის, რომ - როგორც ოგნიანოვა ამბობს - მკვლელობათა უმრავლესობა დღემდე გაუხსნელია და ბოროტმოქმედები, როგორც წესი, დაუსჯელი რჩებიან.

ნინა ოგნიანოვას ხმა "დაუსჯელობის კულტურამ - ისევე, როგორც უუნარობამ, გაიხსნას მკვლელობის საქმეები და უწყებრივმა გასაიდუმლოებამ, რომელიც ბურუსში ხვევს ოფიციალურ გამოძიებას - შედეგად ის მოიტანა, რომ ასეთი დელიკატური საკითხების გაშუქებისადმი რუსეთში ინტერესი განელდა: ეს საკითხებია კორუფცია, ადამიანის უფლებათა დარღვევები და სხვა. დაუსჯელობა, ცხადია, აძლიერებს თვითცენზურას და ავრცელებს საზარელ მოსაზრებას, რომ მკვლელები დაუსჯელნი რჩებიან, და რომ ბანდიტური მეთოდებით ოპონენტების ჩაჩუმება არა მხოლოდ ეფექტიანი ხერხია, არამედ მისაღებიც."

"დაუსჯელობის კულტურა", რომელზეც ნინა ოგნიანოვა საუბრობს, რუსეთის მეზობელ ქვეყნებშიც შეინიშნება: აზერბაიჯანში, ბელორუსიასა თუ თურქმენეთში. ამ უკანასკნელის მიმართ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს. იქ ამ ხუთიოდე თვის წინათ, გაურკვეველ ვითარებაში, პატიმრობაში გარდაიცვალა რადიო "თავისუფლების" თურქმენული სამსახურის კორესპონდენტი ოგულსაფარ მურადოვა. და მართალია, თურქმენეთს სათავეში აღარ უდგას საფარმურად ნიაზოვი (იგი დეკემბერში გარდაიცვალა), ოგნიანოვას ეჭვი არ ეპარება, რომ პრესის შევიწროების პოლიტიკაზე არც თურქმენბაშის მემკვიდრე აიღებს ხელს.

ნინა ოგნიანოვას ხმა "ნიაზოვის მემკვიდრემ, ბერდიმუხამედოვმა, პირობა დადო, რომ თავისი წინამორბედის გზას გააგრძელებს. ამდენად, ჩვენი ვარაუდით, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ამ ქვეყანაში გაგრძელდება ინფორმაციისა და მედიის ცენზურა."

ნინა ოგნიანოვას კოლეგა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტიდან, კრისტინ ჯონსი, აზიის სახელმწიფოებში არსებულ ვითარებას იკვლევს. იგი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს ავღანეთში შექმნილი მდგომარეობის გამო, სადაც ჟურნალისტები არა მარტო მოკლებული არიან მუშაობის ნორმალურ პირობებს, არამედ მუდმივ ხიფათში უხდებათ საქმიანობა.

კრისტინ ჯონსის ხმა "საზღვრის ავღანურ მხარეს ჟურნალისტებს ყველა ემუქრება: თალიბანიც, ნარკობარონებიც და შეიარაღებული ძალებიც. პაკისტანის მხარეს ჟურნალისტები საერთოდ გააძევეს ფედერალურ მმართველობას დაქვემდებარებული საზღვრისპირა რაიონებიდან. უცხოელი ჟურნალისტები უკვე რამდენიმე წელია, მოკლებული არიან საშუალებას, ეს რაიონები მოინახულონ. ის კი არა, ადგილობრივი ჟურნალისტებიც გაყარეს! ყოფილა დაკავების, მოტაცებისა და მკვლელობის შემთხვევებიც."

კრისტინ ჯონსის თქმით, სერიოზული შეშფოთების საგანია ჩინეთიც. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მონაცემებით, 2006 წელს, ამ ქვეყანაში, სულ ცოტა, 19 ჟურნალისტი იმყოფებოდა ციხეში უშუალოდ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო. მაგრამ იმავე ჯონსის აზრით, ჩინეთზე უარესი ვითარებაა ჩრდილოეთ კორეაში.

კრისტინ ჯონსის ხმა "ჩრდილოეთი კორეა, ფაქტობრივად, შავი ხვრელია. იქიდან გამოსული ნებისმიერი სახის ინფორმაცია მეტად მწირია. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება და პროპაგანდას ავრცელებს, ხოლო უცხოელ ჟურნალისტებს მხოლოდ იშვიათად თუ ეძლევათ ქვეყანაში შესვლის უფლება, და მაშინაც კი მათ უკიდურესად უზღუდავენ მუშაობის პირობებს."

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ანგარიშის თანახმად, 2006 წელს მსოფლიოში 55 ჟურნალისტი დაიღუპა იმის გამო, რომ ისინი თავიანთ პროფესიულ მოვალეობებს ასრულებდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ერაყში, იქ შარშან 32 ჟურნალისტი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG