Accessibility links

”დიდი სარკინიგზო გარიგება” და ”რაზე გაებუტა ალიევი სააკაშვილს”


ხუთშაბათს გამოსული ქართული გაზეთების წარმმართველი თემაა სამი ქვეყნის - საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის -პრეზიდენტების შეხვედრა თბილისში და ყარსი-ახალქალაქი- თბილისი -ბაქოს სარკინიგო ზომაგისტრალის მშენებლობის შესახებ ჩარჩო-ხელშეკრულების ხელმოწერა.

გაზეთი ”რეზონანსი” ამ ფაქტს უწოდებს ”დიდ სარკინიგზო გარიგებას”, რომელიც, მეზობელი სომხეთის წინააღმდეგობისა და მეგობარი ამერიკის თავშეკავების მიუხედავად, ოფიციალურად გაფორმდა. გაზეთში მოტანილი ერთ-ერთი ციტატა, რომლის ავტორი სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვაამ ოვანესიანია, ცხადყოფს, თუ რა სახის წინააღმდეგობაზეა საუბარი:”ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის პროექტი წმინდა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და მას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არა აქვს. პროექტი სომხეთის ბლოკადის გაძლიერებისკენ არის მიმართული”, აცხადებს სომეხი პოლიტიკოსი, რომლის სიტყვებსაც გაზეთი ”რეზონანსი” იმოწმებს. სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ”ყარსი-ახალქალაქის ” რკინიგზას ყაზახეთი და ჩინეთი შეუერთდება.

გაზეთ ”ალიას” ვარაუდით კი, სარკინიგზო პროექტის მომავალი არც ისე უღრუბლოა. ”ეს კიდევ ერთი მძიმე გამოცდა იქნება ხელისუფლებისათვის, რადგანაც ერევანს, როგორც თურქეთთან, ისე აზერბაიჯანთან გართულებული ურთიერთობის გამო, ეს პროექტი ძალიან აღიზიანებს. საქართველოს, შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეექმნას, ” ვკითხულობთ გაზეთ ”ალიაში”.

ამავე გაზეთში გამოქვეყნებული კიდევ ერთი სტატია შეეხება ეკონომიკის მინისტრ გიორგი არველაძის უძრავი ქონების საკითხს. მინისტრი, რომელიც, გაზეთ ”ალიას” თქმით, სხვებს ქონებას ართმევს, საკმაოდ შთამბეჭდავ უძრავ ქონებას ფლობს. “თბილისში მიმდინარე გაქანებული ნგრევის ფონზე არველაძე, თურმე, საგურამოში ვილას იშენებს. არველაძის მფლობელობაშია საბურთალოზე 2-სართულიანი კერძო სახლი. ეს სახლი ქალაქში ყველაზე დაცულია. არველაძე, რამდენიმე წელია, თავის კუთვნილ სახლს ამერიკის ელჩებზე აქირავებს”, წერს გაზეთი ”ალია”, რომელიც ახალბედა მოხელეების ქონებრივ მდგომარეობაზე ჟურნალისტურ გამოძიებას განაგრძობს.

საქართველოში აზერბაიჯანის პერზიდენტის ვიზიტის შემდეგ თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე ზვიად გამსახურდიას გამზირის ”სეკვესტრის” ხარჯზე, აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ქუჩა გაჩნდა. გაზეთ ”ახალ თაობაში” ამ ფაქტს კრიტიკულად აფასებს ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი: ”21-ე საუკუნეში ცეკას მდივნებისა და კგბ-ს გენერლების სახელობის ქუჩებს აღარ უნდა ვხსნიდეთ საქართველოში. ეს პერიოდი დიდი ხანია გავიარეთ.”

გაცილებით კატეგორიულია ამ საკითხის შეფასებისას პოლიტიკური პარტია ”თავისუფლების” ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია, რომლის გამონათქვამიც გაზეთ ”24 საათს” მოაქვს: ”საააკაშვილი თავისი გადაწყვეტილებებით მაგონებს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ცეკას პირველ მდივანს და არ გამიკვირდება, თუ მტკვრის მარცხენა სანაპიროს ედუარდ შევარდნაძის, ხოლო რომელიმე ცენტრალურ გამზირს ნურსულთან ნაზარბაევის სახელს დაარქმევს,”აცხადებს კონსტანტინე გამსახურდია გაზეთ ”24 საათისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
XS
SM
MD
LG