Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აკა მორჩილაძის “სანტა ესპერანსა” გერმანულად


“ზღვა შტორმიანია და ნაპირის გაყოლებაზეც,

ოცი ნაბიჯის სიგანეზე თითქოს წვიმს კიდეც. მზე იშვიათია, თუმცა მაინც გემრიელი, ასეთია ზამთარი სანტა სიტიში”, - აღწერს სანტა ესპერანსას, ანუ იოანეს კუნძულების ქალაქს, იქ ჩასული “მოგზაური”, მწერალი აკა მორჩილაძე. სანტა ესპერანსა შავ ზღვაშია, ბათუმიდან სულ პირდაპირ რომ იცურო კონსტანცისკენ, ამ კუნძულებზე მოხვდები. აკა მორჩილაძის რომანი "სანტა ესპერანსა" საქართველოში 2004 წელს გამოიცა. ახლა ის გერმანულად ითარგმნა და დაიბეჭდა შარშანდელი წლის მიწურულს.. ამბავი თუ ამბები ოცდათექვსმეტ რვეულშია აღწერილი, როგორც ბანქოში. ამ ოცდათექვსმეტ რვეულს ოთხი სხვადასხვა ფერი აქვს, მაგრამ ფერებს იოანურ ბანქოს თამაშში ჰქვია: ვაზი, მაყვალი, ბუძგი და ხმალი. თამაშის წესებს, როგორც ამ წიგნის სარჩევში წერია, ვერ მოვყვებით. გეტყვით მხოლოდ, რომ ჩვენს რადიოგადაცემაში, ფერების ნაცვლად, “სანტა ესპერანსას” გერმანულ თარგმანში მონაწილე ადამიანები გამოვლენ: ავტორი აკა მორჩილაძე, მთარგმნელი ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი, გერმანული თარგმანის რედაქტორი ლაშა ბაქრაძე და გერმანულ-შვეიცარული გამომცემლობის, “პენდოს”, წარმომადგენელი კლაუს კარლსბერგი. ვინც არ იცით, ეს რვეულები ქართულ გამოცემაში ტილოს ხაკისფერ პატარა ჩანთაში აწყვია, გერმანულში - მოწითალო- მონარინჯისფრო ქეჩის ჩანთაში. ... ამ სარჩევის გარეშე გადაცემას თავსა და ბოლოს ვერ გაუგებ, თუმცა დიდად არცა სჭირდება თავის და ბოლოს გაგება, თუ დაკვირვებით მოუსმენთ ყველაფერს - ყველაფერს, ანუ ყველა მონაწილეს - ჩანთაზეც, თარგმანზეც, და იმაზეც, არის თუ არა სანტა ესპერანსა, იოანეს კუნძულები, საქართველო.

(აკა მორჩილაძის ხმა)”არა მგონია, რომ ეს საქართველო იყოს. რაღაცა ფორმით, შეიძლება, იმიტომ რომ იქ ქართველები არიან. მაგრამ ის ძალიან კარგია, რომ რუკაზე ეძებენ. რახან რუკაზე ეძებენ, ესე იგი სჯერათ და წიგნში, მე მგონია, იმდენად აზრები არ არის მთავარი, რამდენადაც სიტყვები. მე, სიმართლე რომ გითხრათ, საერთოდ ეგრე არ ვწერ წიგნებს, იდეიდან გამომდინარე არ ვწერ. წიგნებს ვწერ მე ამბიდან და იქიდან რა გამოვა, აბა, რა ვიცი. თუ სწორად წერ ამბავს, უკვე ბევრი რამ შეიძლება გამოვიდეს. ასეთი მიზანი ნამდვილად არ მქონია.”(სტილი დაცულია)

მთარგმნელი ნათია იმაზე, არის თუ არა კავშირი სანტა ესპერანსასა და შავი ზღვისპირა ქვეყანას შორის:

(მიქელაძის ხმა) “მე ვფიქრობ, რომ მაინც არის “ლინკი” ჩვენს ისტორიასთან და ეს მიმაჩნდა სწორედ მნიშვნელოვნად. ჩემთვის ის იყო საინტერესო, რომ არარსებული ქვეყანა თუ “არქიპელი” არის ჩართული... გარშემო რაც ხდება, ეს ისტორიულად იყო ყველაფერი, ხო, პრინციპში, და ეს შუა საუკუნეების ისტორია არის რეალური, იგივე დავით აღმაშენებელი და ისტორიული მომენტები - ყველაფერი რეალურია და მხოლოდ ეს მომენტი, რაც უკავშირდება ამ კუნძულებს, არის ფიქტიური.”(სტილი დაცულია)

იმავეზე ლაშა ბაქრაძე:

(ბაქრაძის ხმა)”აქ აკა ხშირად ქართულ რეალიებზე თამაშობს. და ეს საკითხი, რასაკვირველია, ცოტა უფრო ძნელი არის გადასატანად და არ ვიცი, რამდენად გაიგებს გერმანელი ყველაფერს, რაც საქართველოს ეხება.”

გამომცემლობა “პენდოს” წარმომადგენელი კარლსბერგი:

(კარლსბერგის ხმა)
“პირველი გამოცემა 8 ათასი იყო. ეს არაა ცოტა, საკმაოდ ბევრია. ეს არაა ჩვეულებრივი წიგნი. წიგნი არც კია. ძნელი გასათვლელია ამგვარი ობიექტისთვის ( უფრო ობიექტია ეს, ვიდრე წიგნი). ეს სოლიდური რიცხვია. 8 ათასი გაყიდულია და კიდევ სამი ათასი გამოდის. გაგრძელება არ გამოდის, რადგან ეს ჩანთები, რომელშიც ეს რვეულებია, ჩინეთში დავამზადებინეთ და მეტის შეკვეთა შეუძლებელია. ისე რომ, 11 ათასზე გავჩერდებით და ოდესმე კოლექციონერთათვის საინტერესო იშვიათობა გახდება.”

მწერალი აკა მორჩილაძე:

(მორჩილაძის ხმა)“რაღაც ამბავი დაიბადება, მერე იზრდება და იზრდება და ბოლს გამოვიდა ეს ქვეყანა და რა ვქნა? (იცინის) უბრალოდ, იქ არის ეთნოგრაფიული მომენტები, რაღაცეები, რამდენიმენაირი ქართველებია, ხო, წიგნში. ხო შეიძლებოდა, რომ ესე ყოფილიყო. არისტოტელე ხომ გვეუბნებოდა: ისტორია არის, რაც იყო; პოეზია არის, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო. ამ შემთხვევაში ავიღოთ ლიტერატურა. აი, ეგ არი.”(სტილი დაცულია)

- გაგიჭირდა თარგმანება?

(მიქელაძის ხმა)
“განსაკუთრებით რთული იყო ამ ნაწარმოებში სხვადასხვა “ჟარგონები” და სტილები. აქ არის ფსევდონუსხური ძველი ენა, მერე არის “ძველი ბიჭების ლაპარაკი”. ეს უნდა გადმოგეტანა გერმანულშიც ასევე, რომ ეს განსხვავება ყოფილიყო და ამაზე მომიხდა დიდხანს ფიქრი და მუშაობა. აი, ეს იყო ძალიან რთული.”(სტილი დაცულია)

ლაშა ბაქრაძე ენის სპეციფიკის შესახებ:

(ბაქრაძის ხმა) ”მე ვიტყოდი, რომ გერმანული თარგმანი არის ძალიან კარგი და შეიძლება ვერც კი წარმომედგინა, რომ ასე კარგად იქნებოდა აკა მორჩილაძის თარგმნა, რადგანაც აკას ქართულში აქვს ძალიან სპეციფიკური ენა. რასაკვირველია, ბევრი რამ იკარგება თარგმნის დროს, მაგრამ რაღაცა პეწი დარჩა ამ თარგმანში.”(სტილი დაცულია)

კლაუს კარლსბერგი გამომცემლობიდან:

(კარლსბერგის ხმა) “და გაამართლა კიდეც. გერმანულ პრესაში მას ძალიან კარგად გამოეხმაურნენ, არამხოლოდ როგორც წიგნს (ის კვირის წიგნად გამოცხადდა). ბევრი ამბობს, რომ ეს არის წლის ყველაზე გაბედული და ყველაზე ამბიციური მოვლენა საგამომცემლო საქმეში.”

- იოანური ბანქოს თამაში: ვაზი, მაყვალი, ბუძგი და ხმალი - რაში დასჭირდა ავტორს?

(მორჩილაძის ხმა) “გარეგნობაც თვითმიზანი კი არ იყო. აღიზიანებს ბევრს ეგეთი, მაგრამ მე მერჩივნა უფრო დემოკრატიული დამეწერა, ასე რომ ვთქვათ. შეგიძლია რამდენიც გინდა, იმდენი წაიკითხო და როგორც გინდა, არსი მაგის ეგ იყო. უბრალოდ, ეს გამოგონება კარტის დაემთხვა კარგად და მომცა საშუალება. რა ვიცი, ეგეთი ბევრი რამე მაფიქრდება ძალიან და უფრო მომწონს და მომწონს.”(სტილი დაცულია)

თარგმანის სირთულის მაგალითი:

(მიქელაძის ხმა)
“კუთხური, როგორც სუნგალები ლაპარაკობენ. სუნგალები ხომ არარსებულნი არიან - არც სვანები არიან, არც კახელები. კუთხური უნდა გადმოიტანო, როგორც გერმანიაშიც არ არსებობს, ფიქტიურია. მე რაღაც შვაბიური ლექსიკონი ვიყიდე და ეს შვაბურ-საქსონური (დედაჩემი საქსონიელია) რაღაცა სტილი შეიქმნა, რომ არ ყოფილიყო დამახასიათებელი არც შვაბებისთვის, არც საქსონელებისთვის, მაგრამ გამოსულიყო ისე, რომ არის კუთხური რაღაცა, რომ ეს არის დიალექტი.”(სტილი დაცულია)

ქართული ლიტერატურა გავა დასავლეთში “სანტა ესპერანსას” გერმანული თარგმანის გზით.

რედაქტორი ლაშა ბაქრაძე:

(ბაქრაძის ხმა) “შეიძლება აკა მორჩილაძე, როგორც ყინულმჭრელი, ისე გამოდგეს და შემდგომში ქართული ლიტერატურისადმი გაიზარდოს ინტერესები და ამ გერმანიისა და ევროპისთვის უცნობ კუთხეს მეტი ყურადღება მიაქციონ.”(სტილი დაცულია)

ამ რომანის გარეგნული ფორმა და შინაარსიც შესანიშნავია.

(კარლსბერგის ხმა) “არავის შეეძლო მისი წაკითხვა თავიდან. ერთი ლექტორი გამოჩნდა, რომელმაც ქართული იცოდა და ერთი თავი გვითარგმნა. წაკითხვამდე არავინ იცოდა, რაზეა წიგნი, თარგმანი არა გვქონდა. ისე რომ, თავიდან ამ გარეგნულმა ფორმამ დაგვაინტერესა, მერე კი ვნახეთ, რომ საკმაოდ მიმზიდველი შინაარსი აქვს. ეს რომ, უბრალოდ, წიგნი ყოფილიყო, ის თავის გზას ვერასოდეს იპოვიდა.”

დაბოლოს, კიდევ ერთხელ ავტორი აკა მორჩილაძე “სანტა ესპერანსას” ქართულ ხაკისფერ ტილოს ჩანთასა და “პენდოს” მიერ გერმანულად გამოცემულ უფრო მოვლილ ჩანთაზე:

(მორჩილაძის ხმა)“ჩვენ ის, ხაკის ის რომ გვქონდა, ჩვენი 80-იანი და 70-იანი წლების ზურგჩანთის ვარიანტია, სამოგზაუროსი. იქიდან, ეხლა გამახსენდა, თუ არა ვცდები, იყო შეკითხვები, რატოა საომარი სამოსისფერი და საომარი ამუნიციის. ანუ მაგათთვის ეს არ იყო ჩვენებური ტურისტული ჩანთა, საბჭოთა. მერე თქვეს, რომ ფეტრისგან ვაკეთებთო. გამოვიდა ესეთი. უფრო ისეთია, კუთხეები აქვს, ჩვენსას არა აქვს (იცინის). რაღაცა პროცენტით რაღაცა დაკარგულია, მაგრამ არა მგონია, რაღაცა გადამწყვეტი იყო ეგ. რაღაც ამბავში კი არის. რაც ეხლა ვთქვი, იმას იტყვი და ყველა გაიგებს.”(სტილი დაცულია)

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG