Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრესის მიმოხილვა


ქართული პრესის ყურადღება მიიქცია ამერიკელ სენატორთა ერთი ჯგუფის საკანონმდებლო ინიციატივამ, რომელიც

საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერას ითვალისწინებს. გთავაზობთ ამ და სხვა თემებზე გამოქვეყნებული რამდენიმე პუბლიკაციის მიმოხილვას.
გაზეთი “24 საათი” გვამცნობს, რომ საკანონმდებლო აქტი “ნატოს ფარგლებში თავისუფლების განმტკიცების შესახებ” სენატში განსახილველად მეორედ შედის, რომ გასულ წელს სენატში კენჭისყრის შემდეგ პროექტი კონგრესის წარმომადგენელთა პალატას გადაეცა, თუმცა წინა მოწვევის კონგრესმა მისი მიღება ვერ მოასწრო და რომ, მოქმედი პროცედურის თანახმად, კონგრესის ორივე პალატამ აქტი ხელახლა უნდა განიხილოს. ავტორი წერს: “როგორც ჩანს, საქართველოს ალიანსში შესაძლო წევრობასთან დაკავშირებით რუსეთის რადიკალურმა პოზიციამ, რომელსაც მოსკოვი აქამდე მხოლოდ მინიშნებებით ახმოვანებდა, რამდენიმე დღის წინ კი პრაქტიკულად ღია ტექსტით დააფიქსირა, აშშ-ის პოლიტიკურ წრეებზე ზეგავლენა ვერ მოახდინა. ფაქტობრივად, ვაშინგტონში საქართველოს ნატოს წევრობის კანდიდატად განიხილავენ. საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი შეიძლება დაჩქარდეს, თუ აშშ-ის პოზიცია ალიანსის წამყვანმა ევროპელმა წევრებმაც გაიზიარეს და, რა თქმა უნდა, თავად საქართველოს შიგნით რეფორმები სწორი მიმართულებით წარიმართა”, - წერს “24 საათი”.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე კი “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ნატოს გაფართოების საკითხი რუსეთისა და ამერიკის დიდი პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ რგოლად უნდა განვიხილოთ. ამასთან, საყვარელიძე დასძენს: “საქართველოს არ უთხოვია და რაიმე განსაკუთრებული არ გაუკეთებია, მაგრამ რუსეთმა საქართველოში ელჩი გამოუშვა. აქ კი გადამწყვეტი როლი დასავლეთის კრიტიკულმა შეფასებამ ითამაშა, როდესაც რუსეთი საქართველოსთან, ბელორუსთან, უკრაინასთან მიმართებაში გადადგმული ნაბიჯებისთვის გააკრიტიკა. ახლა რუსეთმა შეიძლება მკვეთრი შეფასებები გააკეთოს, მაგრამ თუკი აგრესიულ ნაბიჯებს გადადგამს, ის ამით მხოლოდ საკუთარ თავს ავნებს,” - განუცხადა რამაზ საყვარელიძემ “რეზონანსს”.

“ახალი ვერსია” აქვეყნებს ინტერვიუს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ ნიკა გვარამიასთან, რომელიც ამბობს, რომ იმან, “რაც რუსეთმა საქართველოსთან დაკავშირებით 2006 წელს გააკეთა, ევროპული სახელმწიფოებიც საგონებელში ჩააგდო. რუსეთის მტაცებლური მიმართება ყველასთვის უფრო აშკარა და ნათელი გახდა. მე მგონი, იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს რუსეთის მეშვეობით შეექმნა, დასავლეთი უაღრესად ადეკვატური გახლავთ. სიმართლე გითხრათ, ეს უფრო რუსეთის დამსახურებაა, ვიდრე ჩვენი. ამიტომ ვეღარ დაგიკონკრეტებთ, რუსეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ”, - განუცხადებია “ახალი ვერსიისთვის” ნიკა გვარამიას.

“ახალ შვიდ დღეში” კი წაიკითხავთ ოპოზიციონერ დეპუტატ ლევან ბერძენიშვილთან ინტერვიუს, სადაც ის არაერთ პრობლემურ საკითხს ეხება და ამბობს: “ქვეყანაში დღეს დარტყმის ქვეშ არის დიდი იდეის – თავისუფლების ორი მხარე: სიცოცხლე და საკუთრება. მკვდარი არ ხარ თავისუფალი და უქონელი არ ხარ თავისუფალი. საკუთრების ხელყოფას დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესთეტიკური კატეგორიებით ხსნიან. ესთეტიკური საკითხების განხილვის მომხრე ვარ, მაგრამ ქონებაზე როცა მიდგება საქმე – დიდი ბოდიში. სიცოცხლე და საკუთრება ათჯერ უფრო მაღლა დგას, ვიდრე ესთეტიკა. თანაც ესთეტიკა ძალიან პირობითი ცნებაა და დროში ცვალებადიც”, - ამბობს ლევან ბერძენიშვილი “ახალ შვიდ დღესთან” ინტერვიუში.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG