Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ჰამასი” და ”ფატაჰი” ერთიანი მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდნენ


საუდის არაბეთის ქალაქ მექაში ორი დღის განმავლობაში გამართული მოლაპარაკების შემდეგ,

ერთმანეთის მეტოქე პალესტინური დაჯგუფებები - ”ჰამასი” და ”ფატაჰი” - ხუთშაბათს ერთიანი მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდნენ. ბევრი ვარაუდობს, რომ ამით დასრულდება შეტაკებები, რომლებიც ”ჰამასისა” და ”ფატაჰის” მომხრეებს შორის დეკემბრის შემდეგ ხდება და რომლებსაც უკვე 100 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პარალელურად, დღეს იერუსალიმში ისრაელის პოლიცია მუსულმან მლოცველებს შეეტაკა. მინდა ამ პროცესების შესახებ მოგითხროთ - ჩემი სიუჟეტი ღაზის სექტორში ამ დილით ჩაწერილი ხმაურით იწყება:

[მანქანის საყვირისა და სროლის ხმები]

პარასკევს, დილით, ღაზის სექტორში და დასავლეთის სანაპიროზე სროლის ხმა ისევ ისმოდა - თუმცა ამჯერად ჰაერში ისროდნენ. პალესტინელები ორი მთავარი პოლიტიკური ჯგუფის მიერ შეთანხმების მიღწევასა და თვეების განმავლობაში მიმდინარე შეტაკებების დასრულებას ზეიმობდნენ.

საუდის არაბეთის ქალაქ მექაში ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, ”ჰამასის” წარმომადგენელი, პრემიერ-მინისტრი ისმაილ ჰანიე თანამდებობას ინარჩუნებს, თუმცა შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრებად დამოუკიდებელი კანდიდატები ინიშნებიან. ვიცე-პრემიერს კი პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის ”ფატაჰის” მოძრაობა დანიშნავს.

დოკუმენტს ხელი ხუთშაბათ საღამოს მოაწერეს მაჰმუდ აბასმა და ”ჰამასის” ლიდერმა, ემიგრაციაში მცხოვრებმა ხალედ მეშაალმა. ხელის მოწერის ცერემონია საუდის არაბეთის მეფე აბდულას თანდასწრებით შედგა.

შეთანხმების გაფორმების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში მაჰმუდ აბასმა დოკუმენტს ”ახალი ეპოქის დასაწყისი” უწოდა:

[აბასის ხმა] ”შევთხოვთ ღმერთს, რომელმაც გვიწყალობა მადლი და მფარველობა, რომ ეს შეთანხმება წარმატებული აღმოჩნდეს. ღვთის ნებით, ჩვენს ძმასთან, ისმაილ ჰანიესთან, გამართული პირველი მოლაპარაკებით ჩვენ ახალ ეპოქაში შევალთ - გვეყოლება ახალი მთავრობა, რომელიც შეძლებს ჩვენი და ჩვენი ხალხის ტანჯვას წერტილი დაუსვას. ხალხი უკვე დიდი ხანია იტანჯება. სწორედ ასეთი მთავრობა გვჭირდება ახლა.”

ხალედ მეშაალმა, თავის მხრივ, ორივე პოლიტიკური ჯგუფის წევრებს მოუწოდა, დაიცვან შეთანხმება, რომელსაც ბევრი ”ჰამასსა” და ”ფატაჰს” შორის სამოქალაქო ომის თავიდან არიდებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს.

შეთანხმებას ”მექის დეკლარაცია” ეწოდა. დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ აბასმა ჰანიეს ახალი მთავრობის ფორმირების თხოვნით მიმართა.

დოკუმენტი შეიცავს მოწოდებას ”პატივი სცენ” ისრაელთან წარსულში დადებულ სამშვიდობო შეთანხმებებს. ”ჰამასი” უარს ამბობს ისრაელის აღიარებაზე, მიუხედავად დასავლეთის მოთხოვნისა, რომლის შეუსრულებლობის გამოც დასავლეთის ქვეყნებმა ”ჰამასის” ხელმძღვანელობით მოქმედ მთავრობას ემბარგო დაუწესეს.

ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენად აკმაყოფილებს მექაში მიღებული დეკლარაცია დასავლეთის მოთხოვნებს, რომელთა შორის ”ჰამასის” მხრიდან ძალადობის უარყოფაც არის.

საერთაშორისო თანამეგობრობა დოკუმენტს ჯერჯერობით ფრთხილად ეკიდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დეკლარაციას მიესალმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა დოკუმენტს ”ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი” უწოდა. ევროკავშირი დოკუმენტის შესწავლას აპირებს. შეერთებულმა შტატებმა კი განაცხადა, რომ კომენტარის გაკეთებამდე დეტალების გარკვევა სურს.

პარალელურად, პარასკევს იერუსალიმში მუსულმან მლოცველებს და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. მლოცველების აღშფოთება ისრაელის მხრიდან ტაძრის მთის სიახლოვეს წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოიწვია. პარასკევის ლოცვაზე ტაძრის მთასთან, ალ-აყსას მეჩეთთან, შეკრებილმა მორწმუნეებმა პოლიციას ქვები დაუშინეს - ამის შემდეგ კი პოლიცია მეჩეთის ტერიტორიაზე შევიდა და მლოცველების ჯგუფი დაშალა. დაჭრილია რამდენიმე ადამიანი.

[შეტაკების ხმები]

ტაძრის მთა როგორც მუსულმანებისთვის, ისე ებრაელებისთვის წმინდა ადგილს წარმოადგენს. ახლახან მუსულმანთა ლიდერებმა მორწმუნეებს მოუწოდეს, გააპროტესტონ მთის სიახლოვეს ისრაელის მიერ წარმოებული არქეოლოგიური სამუშაოები.









  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG