Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობამ ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმა, საერთაშორისო დონორების შემდეგ, ქართველ ბიზნესმენებსაც გააცნო


ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმა

ორი დღეა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ინვესტორების განსჯის საგანს წარმოადგენს. პროგრამა–„100 ახალი საავადმყოფო საქართველოში“ ჰოსპიტალური სექტორის არსებული ქსელის სრულ ფიზიკურ განახლებას ითვალისწინებს. საპროექტო გათვლებით, ახალი საავადმყოფოების მშენებლობა ბევრად უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ძველის რეაბილიტაცია. ამასთან, ახალი პროგრამით გათვალისწინებული რეფორმები სამედიცინო მომსახურებას არ გააძვირებს. სამწლიანი პროგრამის განხორციელებისთვის 900 მილიონი დოლარის ინვესტიციაა საჭირო. აქედან 300 მილიონი ჰოსპიტალურ სექტორს მოხმარდება, 100 მილიონი - ჯანდაცვის სექტორს, ხოლო 500 მილიონი - უძრავი ქონების შეძენას. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ქართველ ბიზნესმენებს დღეს პროექტის საინვესტიციო ნაწილი გააცნეს.

ჯანდაცვის სფეროში ინვესტირების მოდელი ახალ სამედიცინო ინფრასტრუქტურაში მოზიდული საინვესტიციო კაპიტალის პირდაპირ ჩადებას ითვალისწინებს. გამოცხადდება კონკურსი. მას შემდეგ, რაც ყველა საინვესტიციო ვალდებულებას შეასრულებს, ინვესტორი კონკრეტული ქონების მესაკუთრე გახდება. პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა და ჯანდაცვის სამინისტრომ პრემიერ–მინისტრისგან უკვე მიიღეს სტანდარტული საავადმყოფოების დაპროექტებისა და თბილისსა და რეგიონებში მშენებლობებისთვის საჭირო ტერიტორიების გამოყოფის დავალება. ქართველ ინვესტორთა უმრავლესობა მთავრობის გამოწვევას ღებულობს და ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტში ჩართვას აპირებს.

[ლადო გურგენიძის ხმა]“ პროექტი ძალიან საინტერესოა. ძალიან ელეგანტური სქემა იქნა მოფიქრებული, თუ როგორ შეიძლება ამ სფეროს კარდინალური რეფორმირება.ჩვენ ვაპირებთ ნამდვილად ამაში მონაწილეობის მიღებას. როგორც საქართველოს ყველაზე დიდ ბანკს, ჩვენ ინტერესი გვაქვს ეკონომიკის ყველა მსხვილი სფეროსადმი და, მით უმეტეს, ისეთი სფეროებისადმი, სადაც ლაპარაკია მოსახლეობისთვის სერვისების მიწოდებაზე.ისევე, როგორც ყველა სხვა სექტორში, სადაც ვართ წარმოდგენილები, ვაპირებთ ბაზრის დიდი წილის აღების პრეტენზიით ამაში მონაწილეობას.“(სტილი დაცულია)

ამბობს საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლადო გურგენიძე. საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმის პრეზენტაციას, მის გარდა, 60–ზე მეტი ადგილობრივი ინვესტორი ესწრებოდა. გეგმის თანახმად, ჰოსპიტალიზაციის პროცესში ჩართვის მსურველ ინვესტორთა შორის უპირატესობა მათ მიენიჭებათ, რომლებიც რამდენიმე საავადმყოფოს შექმნის ვალდებულებას იკისრებენ. მთლიანობაში, ქვეყნის მასშტაბით, 7 800 საწოლზე გათვლილი 100 ახალი საავადმყოფო უნდა აშენდეს.

[ვახტანგ ბუცხრიკიძის ხმა]“ მოკლე ხანში გაცხადდება თანხები და კონკრეტული ობიექტები. დღესდღეობით ჯერ არ არის განსაზღვრული. მე ვფიქრობ, რომ საინტერესო ხედვა წარმოადგინა მთავრობამ, ანუ 2 წლის მერე მთლიანად კერძო სექტორს გადაეცემა ჯანდაცვის სფერო.“(სტილი დაცულია)

თი–ბი–სი ბანკის პრეზიდენტი ვახტანგ ბუცხრიკიძე მზადაა, ამ საქმის მცოდნე პარტნიორებთან ერთად ახალი საავადმყოფოების მშენებლობის პროცესში ჩაერთოს. რაც შეეხება ჯანდაცვის სფეროს მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადასვლის პერსპექტივას, ამის თაობაზე კომენტარი საქართველოს სახელმწიფო მინისტრს კახა ბენდუქიძეს ვთხოვეთ.

[კახა ბენდუქიძის ხმა]“ორი წლის შემდეგ ამ ძველი ინფრასტრუქტურის ნაცვლად, უნდა შეიქმნას ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც იქნება კერძო. გარდა ამისა, არის რესპუბლიკური საავადმყოფოს პროექტი, რომელიც არის სახელმწიფო კლინიკა. გარდა ამისა, ღუდუშაურის საავადმყოფო, უზარმაზარი, და, გარდა ამისა, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა. რეგიონებში კი შეიქმნება ახალი ინფრასტრუქტურა.“
(სტილი დაცულია)

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მიერ ჩამოთვლილი სახელმწიფო დაწესებულებების გარდა, ახალი სტაციონარები არა მხოლოდ რეგიონებში, თბილისის რაიონებშიც აშენდება. საქართველოში არ იქნება არც ერთი მოქალაქე, რომელსაც საავადმყოფომდე მისასვლელად 30 წუთზე მეტი დრო დასჭირდება, ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ლადო ჭიპაშვილი.

[ლადო ჭიპაშვილის ხმა]“ სტანდარტი იქნება ერთნაირი. პატარა რაიონულ ცენტრებში იქნება პატარა საავადმყოფოები, დაახლოებით 15 და 20 საწოლიანი საავადმყოფოები, ხოლო მსხვილ ცენტრებში - მათ შორის, რეგიონალურ ცენტრებში - იქნება დიდი, მრავალპროფილიანი თანამედროვე საავადმყოფოები.“


ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმა მთავრობამ 2 კვირის წინ დაამტკიცა. პირველ ობიექტებზე კონკურსი დაახლოებით 10 დღეში გამოცხადდება.ობიექტებს ეკონომიკის განვითარების სამინისტრო წარადგენს.


XS
SM
MD
LG