Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრესა თურქეთ-საქართველოს საფეხბურთო მატჩის გარშემო


გუშინ თბილისში გამართულ საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით, შეფასებებს არ იშურებდა თურქეთის დღევანდელი პრესა.

გაზეთი “ფანატიკი” თურქეთის ნაკრების წარუმატებლობის მიზეზად ქართველი გულშემატკივრების აქტიურობას ასახელებს. გერმანელმა მწვრთნელმა ტოპმიოლერმა, “ფანატიკის” თანახმად, თამაშამდე თქვა, მე შევცვალე საქართველოს ნაკრებიო. და, გაზეთის აზრით, ეს, მართლაც, ასეა. მან შექმნა კარგად მოძრავი გუნდი, რომელიც მოედნის ყველა კუთხეში იბრძვის, წერს გაზეთი.
გაზეთ “საბაჰის” თანახმად, თბილისში თამაში მწვრთნელ ფათიჰ თერიმისთვის 55-ე მატჩი იყო და ის მან წააგო. ჩხუბმა კი აჩვენა, რომ თურქეთის ნაკრები ფსიქოლოგიურდაც არ არის მზად საბერძნეთსა და ნორვეგიასთან მომავალი შეხვედრებისთვის.
“მილიეთი” საქართველოს ნაკრებს აქებს და განაგრძობს: წარმატებული პრესინგი არა მხოლოდ მოედანზე, არამედ ტრიბუნიდანაც იყო. იგივე გველის ათენში, წერს “მილიეთი”. ასე რომ, თბილისზე არჩევანი სწორი იყო: ამ მატჩმა ბევრი რამ ასწავლა თურქეთის ნაკრებსო.
საღამოს გაზეთი “აქშანი” გაკვირვებულია, რომ შვეიცარიასთან თამაშის გამო 6- თვიანმა სასჯელმა, საკუთარი მაყურებლების გარეშე თამაშმა, მაინც ვერ ასწავლა ჭკუა თურქ ფეხბურთელებს და ახლა კიდევ ქუჩურ ჩხუბში გადაიტანა თამაში.

გაზეთი “ფოტომატჩი” სტატიაში, სათაურით “თბილისის ბრძოლა”, წერს: ეს იყო არა ამხანაგური, არამედ ოფიციალური თამაში. 60 ათასი ქართველი გულშემატკივრის აქტიურობა დაძაბულობას ზრდიდა. პირდაპირ უნდა ვთქვათ, ცუდად ვითამაშეთ, ვერ შევძელით იმ კლასის ჩვენება, რაც გვაქვს. წავაგეთ თამაში, რომელიც ცუდად ვითამაშეთ, ანგარიშმა არავინ უნდა გააკვირვოსო.


  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG