Accessibility links

logo-print

როგორია არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის დასაკუთრების ახალი წესი


ცოტა ხნის წინ, 29 იანვარს,საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა

ბრძანებულებას კანონიერი სარგებლობისთვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის კანონიერი მოსარგებლეებისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ. აღნიშნული ბრძანებულებით განისაზღვრა არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის საკუთრებაში მიღების ახალი წესი და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოშიც განახლდა ცალკეულ ბინებზე გაცემული დოკუმენტაციის მიღება და მის საფუძველზე უფლებათა რეგისტრაციის პროცესი. მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო აქამდე ვერ გახდნენ მათ კუთვნილებაში არსებული საცხოვრებელი ფართის კანონიერი მესაკუთრეები, ქონების დასაკუთრების ახალი წესი საქმეს უმარტივებს. პირველი და მთავარი პროცედურის გავლა მათ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში - გამგეობებში მართებთ.


არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის კანონიერი მოსარგებლეებისთვის უსასყიდლოდ გადაცემის წესი პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ბრძანებულებით განისაზღვრა. როგორც აღნიშნავენ, ახალი წესი საგრძნობლად ამარტივებს აქამდე არაპრივატიზებული ფართის კანონიერ მფლობელობაში მიღების პროცედურას. ახალი წესი ამოქმედებულია. შესაბამის ორგანოებში - პირველ რიგში, რაიონების გამგეობებში, შემდეგ კი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში - დაწყებულიც უნდა იყოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეების მომსახურება, თუმცა დაინტერესებულმა პირებმა ცოტა რამ თუ იციან პრეზიდენტის ბრძანებულებით ძალაში შესულ სიახლეზე. უფრო მეტიც,საჯარო რეესტრის იურიდიულ განყოფილებაში აგვიხსნეს, რომ იციან პრეზიდენტის ბრძანებულებისა და ახალი წესების ძალაში შესვლის შესახებ, მაგრამ პრეზიდენტის ბრძანებულების ტექსტი მათ სამსახურში ჯერ არ მიუღიათ და ამ მიზეზით განმარტებების მიცემა არ შეუძლიათ.

8 თებერვალს ”რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა დაინტერესებულ პირებს მოუწოდა, მიაკითხონ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს, რადგან, ახალი წესით, სწორედ გამგეობებმა უნდა გასცენ მოქალაქეებზე, უფასოდ, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა:

[თინა ხიდაშელის ხმა] ”მოსახლეობას ვუთხარით, რომ ასეა და მოვუწოდეთ გამოიყენონ ახალი წესი, რათა ხვალ არ აღმოჩდნენ გაუგებარ მდგომარეობაში. მოვუწოდეთ მერიასაც, გააკეთონ სოციალური კლიპები და მოსახლეობას აცნობონ ახალი წესების შესახებ. ”

რაში მდგომარეობს ახალ წესი? - თბილისელებმა, რომლებმაც საკუთარ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი თუ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაცია აქამდე ვერ მოახერხეს, უნდა მიმართონ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოებს - გამგეობებს და არა საჯარო რეესტრს, წარადგინონ პირადობის მოწმობა, ასევე საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი ფართის კანონიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საბინაო წიგნი, ბინის ორდერი და ასე შემდეგ. პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის შესახებ მოქალაქის განცხადება უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 15 დღეში. გამგეობები გასცემენ საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას უფასოდ, ამის შემდეგ გადავა საქმე საჯარო რეესტრში. სწორედ გამგეობაში მიღებული საკუთრების მოწმობის საჯარო რეესტრში რეგისტრაციით მოიპოვებს დაინტერესებული პირი საკუთრების შეძენის უფლებას. გადასახდელი თანხა ამ შემთხვევაში მიზერულიაო, - განმარტავს ”ძველი თბილისის” გამგებლის მოადგილე კობა ხარშილაძე. რაში მდგომარეობს განსხვავება საკუთრების დაკანონების ძველსა და ახალ წესს შორის? კობა ხარშილაძის თქმით, ადრე გამგეობებში მოქალაქეები იღებდნენ პრივატიზაციის ხელშეკრულებას, შემდეგ კი ხდებოდა ამ ხელშეკრულების ნოტარიული დადასტურება:

[კობა ხარშილაძის ხმა] ”ამ შემთხვევაში ამ ყველაფერს აღარ სჭირდება ნოტარიული დამოწმება. ჩვენი ნოტარიული აქტი, სხვა პროცედურების გარეშე, საკმარისია, რომ საჯარო რეესტრში მოხდეს მისი რეგისტრაცია. ” (სტილი დაცლია)

ასე რომ, პროცესი გამარტივდა. დაინტერესებულმა პირებმა გამგეობებს უნდა მიაკითხონ.





XS
SM
MD
LG