Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”გრემის” პრემიაზე ”მსოფლიო მუსიკის” კატეგორიაში განსხვავებული და მრავალფეროვანი მუსიკაა წარდგენილი


კვირას, 11 თებერვალს, შეერთებულ შტატებში, ლოს-ანჯელესში, ”გრემის” პრემიით დაჯილდოების 49-ე ცერემონია გაიმართება.

ეს პრესტიჟული ღონისძიება ჩამოყალიბდა ადგილად, სადაც ამერიკის მუსიკალური ინდუსტრია საკუთარ წამყვან ვარსკვლავებს წარმოაჩენს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება, მაგალითად, ”საუკეთესო დებიუტის” და ”წლის ალბომის” ჯილდოები. ”გრემი” სულ 108 კატეგორიაში გაიცემა და ამ კატეგორიათა უმეტესობა დასავლური მუსიკის ჟანრებს შეესაბამება (იქნება ეს პოპი, ჰიპ-ჰოპი, რეპი, როკი, რიტმ ენდ ბლუზი, ჯაზი თუ კლასიკა). მუსიკა, რომელიც დასავლეთში არ არის შექმნილი, ერთ დიდ და ზოგად ჟანრობრივ კატეგორიაში - ”მსოფლიო მუსიკაში” - გააერთიანეს. წელს ამ ერთმა კატეგორიამ მოიცვა შუააზიური ”მუღამი”, სამხრეთაფრიკული საგალობლები, ინდური მუსიკა, სკანდინავიური ტრიო და ირანელი და სომეხი მუსიკოსების კონცერტის ჩანაწერი. მინდა ”მსოფლიოს ტრადიციული მუსიკის საუკეთესო ალბომის” კატეგორიაში წარდგენილ მუსიკოსებზე გესაუბროთ.

[ჰოსეინ ალიზადესა და ჯივან გასპარიანის დუეტი]

ირანული ჩანგის ოსტატმა, ჰოსეინ ალიზადემ, და სომხური დუდუკის ვირტუოზმა, ჯივან გასპარიანმა, თეირანში, ღია ცის ქვეშ, ერთობლივი კონცერტი 2003 წლის სექტემბერში გამართეს.

იმ კონცერტის ჩანაწერი წელს ”მსოფლიოს ტრადიციული მუსიკის საუკეთესო ალბომის” კატეგორიაში, “გრემის” პრემიაზეა წარდგენილი. დასავლეთში ალბომი გასაყიდად ასეთი სათაურით გავიდა - ”უსაზღვრო ხედვა: სპარსული და სომხური სიმღერები”.

[ჰოსეინ ალიზადესა და ჯივან გასპარიანის დუეტი]

ჰოსეინ ალიზადე ცნობილი კომპოზიტორი და სპარსული ჩანგის რამდენიმე ნაირსახეობაზე დაკვრის ოსტატია. თეირანში გამართულ კონცერტზე, რომელმაც მას და გასპარიანს ”გრემის” ნომინაცია მოუტანა, ალიზადე საკუთარი დიზაინით შექმნილ ინსტრუმენტზე, ”შურანგიზზე”, უკრავდა. ალიზადესა და გასპარიანის თანამშრომლობა, ზოგადად, ახლებური ჟღერადობის მიღწევას ემსახურება - კლასიკური სპარსული მუსიკისა და პოეზიის, სომხური მუსიკისა და აზერბაიჯანული მელოდიების თუ ლექსების შერწყმის გზით. დუდუკზე დაკვრის გარდა, თეირანში გამართულ კონცერტზე ჯივან გასპარიანი რამდენიმე მელოდიას მღერის:

[ჰოსეინ ალიზადესა და ჯივან გასპარიანის დუეტი]

ალიზადეს ანსაბლში ორი ქალიც მღერის - აფსანე რასაეი და ხოურშიდ ბიაბანი. კონცერტს თან გასდევს ჯივან გასპარიანის მიერ დუდუკზე უბადლოდ შესრულებული მელოდიები:

[ჯივან გასპარიანის სოლო]

ჯივან გასპარიანი ერევანთან ახლოს მდებარე სოფელ სოლაგში დაიბადა. 1973 წელს მთავრობამ მას ”სომხეთის სახალხო არტისტის” სტატუსი მიანიჭა. დასავლეთში გასპარიანს, უწინარესად, რამდენიმე ცნობილი ფილმის საუნდტრეკში შესრულებული მუსიკით იცნობენ - მაგალითად, ფილმებში ”გლადიატორი” და ”ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება”.

[ჯივან გასპარიანის სოლო]

”მსოფლიოს ტრადიციული მუსიკის საუკეთესო ალბომის” კატეგორიაში წარდგენილი კიდევ ერთი დისკი ტაჯიკი და უზბეკი მუსიკოსების თანამშრომლობის ნაყოფია. შუააზიელი მუსიკოსები ცდილობენ აღადგინონ ტრადიციული ”შაშმუღამი” - სტილი, რომელსაც შუა აზიაში, სამეფო კარზე, რამდენიმე საუკუნის წინ ასრულებდნენ.

[ნაწყვეტი მუღამიდან]

ალბომის სახელწოდებაა ”საყვარლის უხილავი სახე: ტაჯიკური და უზბეკური კლასიკური მუსიკა”. ალბომს თან ერთვის 44 გვერდიანი ბუკლეტი და დივიდი, რომელიც დასავლელ მსმენელს შუა აზიის მუსიკაზე მოუთხრობს. ალბომში ”შაშმუღამს” დუშამბეს მუღამის აკადემიის სტუდენტები ასრულებენ. აკადემიის დამაარსებელი და დირექტორი აბდუვალი აბდურაშიდოვი ამ მუსიკის ისტორიას ასე ხსნის:

[აბდურაშიდოვის ხმა] ”მუღამს მმართველი ემირების კარზე ასრულებდნენ. საუკუნეების განმავლობაში ეს მუსიკა თაობიდან თაობას, მასწავლებლისგან მოსწავლეს გადაეცემოდა. ამჟამინდელი ჟღერადობის მიღწევამდე, მან დიდი ცვლილებები განიცადა. მუღამად წოდებულ მუსიკას ერთი კომპოზიტორი არ ჰყავს. ამ მუსიკას ხალხი ქმნის.”

აბდურაშიდოვის თქმით, მუსიკის აკადემია 2003 წელს ისლამური სწავლების იდეალებზე დაფუძნდა - იდეალებზე, რომლებიც საკუთრივ ”შაშმუღამზე” უფრო ძველია. ამ ტრადიციის თანახმად, მუსიკის შესწავლა შეუძლებელია მისი განცალკევებით პოეზიისგან, რითმული ლექსისგან, მეტაფიზიკისა, ეთიკისა და ესთეტიკისაგან.

[აბდურაშიდოვის ხმა] ”ჩვენს მუღამს მისტიკური, სუფისტური მნიშვნელობა აქვს. მუღამი სიმართლის მიღწევას ცდილობს. სრულყოფილებაა მისი მიზანი. ამის მისაღწევად უამრავი სირთულის გადატანა გვიწევს. მუღამში ეს სირთულეები მუსიკის განვითარების სხვადასხვა სტადიებით გამოიხატება. ეს სულიერი სრულყოფილების გზაზე ადამიანის მოძრაობას ჰგავს. განცდა თანდათან იზრდება და, ბოლოს, კულმინაციის მწვერვალს - ”ავჯს” - აღწევს. ეს ის მომენტია, როდესაც პოეზიისა და მუსიკის მნიშვნელობა უზენაეს წერტილშია და სპეციფიკურ სულიერ მდგომარეობას ქმნის.”

მუღამის აკადემიის სტუდენტები პოეზიისა და მუსიკალური რიტმის ურთიერთკავშირს უღრმავდებიან - სწავლობენ მუღამის სტრუქტურას და ჟღერადობას და სიმღერათა ციკლების მთლიან ფორმას. აბდუვალ აბდურაშიდოვს მიაჩნია, რომ ამ გზით სტუდენტები მუღამს ისე ასრულებენ, როგორც ეს მეცხრამეტე საუკუნის შემდეგ აღარავის გაუკეთებია.

[ნაწყვეტი: მუღამის კულმინაცია]

”მსოფლიოს ტრადიციული მუსიკის საუკეთესო ალბომის” კატეგორიაში წარდგენილი კიდევ სამი დისკი აფრიკის, აზიისა და ევროპის მუსიკას წარმოადგენს. "ჰამბო თოვლში” ვაშინგტონში მცხოვრები სამი მუსიკოსის ალბომია - ტრიო თავის მუსიკას უძველესი სკანდინავიური მელოდიების მიხედვით ქმნის.

[ნაწყვეტი დისკიდან ”ჰამბო თოვლში]

”გრემის” მიღების კიდევ ერთი პრეტენდენტია ალბომი, სახელწოდებით ”დალოცვილი”. ეს დისკი სამხრეთაფრიკელი მუსიკოსების ჯგუფმა - ”სოვეტოს საგალობელთა გუნდმა” - ჩაწერა:

[ნაწყვეტი დისკიდან ”დალოცვილი”]

”მსოფლიოს ტრადიციული მუსიკის საუკეთესო ალბომის” კატეგორიაში წარდგენილი მეხუთე დისკი ინდურ მუსიკას წარმოადგენს. ალბომში ცნობილი მუსიკოსები, აშიშ ხანი და ზაქირ ჰუსეინი, უკრავენ.

როგორც აღვნიშნეთ, ”გრემის” პრემიით დაჯილდოების 49-ე ცერემონია შეერთებულ შტატებში, ლოს-ანჯელესში, კვირას, 11 თებერვალს, გაიმართება.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG