Accessibility links

logo-print

წინასაარჩევნოდ გალის რაიონში ვითარება იძაბება


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ვითარება გამწვავდა გალის რაიონის ქართულ სოფლებში.

ბოლო რამდენიმე დღეა, გალის რაიონში პროკლამაციები და ქართული დროშები გამოჩნდა. ინკოგნიტო ”ქართული წინააღმდეგობის კომიტეტი” მოსახლეობას მოუწოდებს ბოიკოტი გამოუცხადოს სეპარატისტულ არჩევნებს. საპასუხოდ, აფხაზურმა მილიციამ ”არასაიმედო ქართველების” წინააღმდეგ სადამსჯელო ზომებს მიმართა. ექსპერტები უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში გალში ვითარების კიდევ უფრო დაძაბვას ვარაუდობენ.

აფხაზური ხელისუფლების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები კვირასაა დაგეგმილი. სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივი ტელევიზიით გამოსვლისას საგანგებოდ მიმართეს გალში მცხოვრებ ქართველებს და არჩევნებში აქტიური მონაწილეობისაკენ მოუწოდეს. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბატალ ტაბაღუას განცხადებით, ხმის მიცემის პროცედურა აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე - მათ შორის, გალის რაიონშიც - აუცილებლად უნდა ჩატარდეს და ამისათვის ყველა ზომა იქნება მიღებული. მიმართვებისა და მოწოდებების საპასუხოდ, გალის ქართულ სოფლებში არჩევნების ბოიკოტის მოწოდების შემცველი პროკლამაციები გამოჩნდა. საპასუხოდ, აფხაზურმა მილიციამ პროკლამაციების დარიგებაში ეჭვმიტანილი პირების დაკავება და ფიზიკური შეურაცხყოფა დაიწყო. მილიციელთა მიერ ნაწამები გალის მკვიდრი ვიტალი ჯანჯღავა პარასკევს, გვიან ღამით, ზუგდიდის საავადმყოფოში მოათავსეს. ადგილობრივი ექიმის ნუგზარ სართანიას განმარტებით, ჯანჯღავას რამდენიმე ოპერაცია გაუკეთდა:

[ნუგზარ სართანიას ხმა] “ავადმყოფს აღენიშნება ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები მუცლის არეში, კისრის მიდამოსა და ყურის ნიჟარის მიდამოში, მარცხნივ. დაზიანება მიყენებულია გალის რაიონში. “

კონფლიქტოლოგი, რესპუბლიკური პარტიის წევრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ახლა უკვე გამოიკვეთა აფხაზური არჩევნების მიმართ ქართული მხარის პოლიტიკა, რომელიც, როგორც ჩანს, ბოიკოტსა და ხმის მიცემის პროცესის ხელის შეშლაზე იქნება გათვლილი:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] “გალის რაიონის გარკვეული მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ნაწილი არ მიიღებს მონაწილეობას. არმიღებულზე გააკეთებს პოლიტიკას ქართული მხარე, ვინც მიიღებს მონაწილეობას, მათზე გააკეთებს პოლიტიკას აფხაზური მხარე. აქეთკენ მიდის, ალბათ, ყველაფერი.” (სტილი დაცულია)

პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ვითარების უკიდურესად გამწვავება გალის რაიონში მარტის დასაწყისშია მოსალოდნელი. როგორც ცნობილია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, 4 მარტს, აფხაზეთის ტერიტორიაზე დე ფაქტო ხელისუფლების საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი. ექსპერტი ვარაუდობს, რომ გალის რაიონის ქართულ სოფლებში ვითარება განსაკუთრებით სწორედ საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში დაიძაბება:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] “არ არის გამორიცხული, რომ, მაგალითად, ფსევდოპარტიზანული ჯგუფები გააქტიურდნენ და დაატერორონ ხალხი და შეეშინდეთ და არ გავიდნენ არჩევნებზე და ასე შემდეგ. ანდა გამოიწვიოს აგრესია აფხაზური მხრიდან და აფხაზებმა შემოიყვანონ გარკვეული შენაერთები და გამოაცხადონ საგანგებო მდგომარეობა გალის რაიონში, რაც არ აწყობთ აფხაზებს არანაირად.” (სტილი დაცულია)

როგორ განვითარდება მოვლენები აფხაზეთის ტერიტორიაზე ერთთვიანი შუალედით დაგეგმილ ორ არჩევნებზე, ამჯერად ძნელი სათქმელია. ის კი უდავოა, რომ გალის რაიონი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის მასშტაბით, ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ და დაუცველ რეგიონად რჩება.
XS
SM
MD
LG