Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”რა საფასურად შევდივართ ნატოში?” - პასუხგაცემული შეკითხვების ”დაბრუნება”


საქართველოს ხელისუფლება,

რომელმაც დაიჯერა, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების საკითხში საბოლოოა, მოულოდნელ დაბრკოლებას წააწყდა. გასულ კვირაში რამდენიმე პოლიტიკურმა გაერთიანებამ კვლავ დისკუსიის საგნად აქცია შეკითხვა, რომელიც პასუხგაცემულად ითვლებოდა. ამასთან, მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერები არც იმას გამორიცხავენ, რომ დისკუსიას, რომლის უკანაც, მათი აზრით, მოსკოვი დგას, სულ მალე ფართომასშტაბიანი ანტინატოური გამოსვლები მოჰყვეს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ნატოში საქართველოს გაწევრიანებას მხარს გამოკითხული მოსახლეობის 74 პროცენტი და თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტია უჭერს. ბოლო 16 წლის მანძილზე გადატანილი რამდენიმე სამოქალაქო ომის, სისხლისმღვრელი ეთნიკური კონფლიქტების, პოლიტიკური ქაოსისა და რუსეთზე ორიენტირებული პოლიტიკის სრული კრახის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებმა ირწმუნეს, რომ ხსნა ქვეყნის პროდასავლურ კურსშია. ნატოში გაწევრიანების მომხრეები რომ სჭარბობენ მოწინააღმდეგეებს, ამაში დასარწმუნებლად თბილისის ქუჩებში დიქტოფონით გასვლაც საკმარისია.

[მოქალაქეების ხმა] ”რატომ არ უნდა შევიდეს? უნდა იყოს წევრი!”/ ”ნატო? - კი”/ ”შენი აზრით, არ უნდა იყოს?”/ ”იყოს, რა! ”


ამ მაღალი მხარდაჭერისა და საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილი ე.წ. ”ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის” საფუძველზე, გასულ წელს საქართველომ ნატოს ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერა მოიპოვა და ალიანსთან ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადავიდა. მაგრამ ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერთა მაღალი პროცენტების მოშველიება არ არის მყარი საფუძველი სტრატეგიული მიზნის მისაღწევად. მით უფრო, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, როგორ რადიკალურად იცვლებოდა დროის მოკლე მონაკვეთში 80-90 პროცენტიანი ნდობა საქართველოში სრულიად განსხვავებული ორიენტაციისა და ამ ორიენტაციის მატარებელი ლიდერების მიმართ. და კიდევ ერთი არსებითი მომენტი, რასაც რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში ყურადღება მიაქცია კოკი იონათამიშვილმა, ლიდერმა არასამთავრობო ორგანიზაციისა ”ახალი თაობა-ახალი ინიციატივები”:

[კოკი იონათამიშვილის ხმა] ”74 პროცენტი უჭერს მხარს ნატოში ინტეგრაციას და, ამავე დროს, 71 პროცენტს არ გააჩნია სათანადო ინფორმაცია.”

ამ ფონზე გასულ კვირაში საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ერთ ნაწილში დაწყებული დისკუსია კიდევ უფრო მეტად დამაფიქრებელია. შეკითხვები, რომლებიც, ხელისუფლების მტკიცებით, მოხსნილი იყო დღის წესრიგიდან, გასულ კვირაში საზოგადოების სამსჯავროზე პოლიტიკურმა მოძრაობა ”ეროვნულმა ფორუმმა” გამოიტანა.

[ირაკლი მელაშვილის ხმა] ”თუ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ნატოს და რუსეთის ჯარი ერთად არის, როგორ მიდის კონფლიქტის მოგვარება? მე დარწმუნებული ვარ, არც ნატო და არც ევროპა, განსაკუთრებით, არ აპირებს რუსეთთან სერიოზულ დაპირისპირებას ამ კონფლიქტების გამო. და თუ ჩვენ ვრჩებით ესე გაყოფილად, მანამდე არ წყდება არც აფხაზეთის პრობლემა, არც სამაჩაბლოს პრობლემა, და თუ ეს პრობლემები არ გადაწყდა, მაშინ, ბუნებრივად, რუსეთის სამშვიდობო ძალები ამ ტერიტორიებზე რჩებიან და მე შევდივარ ნატოში დანარჩენი ტერიტორიით და აქ დგება ნატოს ბაზა. ფაქტიურად, ეს ხომ ნიშნავს, რომ ეს ტერიტორიები ჩვენ დე ფაქტო დაკარგული გვაქვს?”(სტილი დაცულია)

ეროვნული ფორუმის წარმომადგენლის ირაკლი მელაშვილის თქმით, რომელმაც 10 წლის წინ საქართველოში ნატოს მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციაც კი დააარსა, საკითხის ასე დაყენება - ნატო თუ ტერიტორიული მთლიანობა - მომდინარეობს თავად ნატოს გენერალური მდივნის იაპ დე ჰოპ სხეფერიდან, რომელმაც 2 წლის წინ, ქართველ ექსპერტებთან საუბარში, თურმე, განაცხადა, რომ საქართველო ნატოში მოუგვარებელი კონფლიქტებით ვერ გაწევრიანდება. თუმცა ასეთი ინტერპრეტაცია უცნობია საქართველოში ნატოს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის თორნიკე შარაშენიძისთვის, რომელიც ესწრებოდა ხსენებულ შეხვედრას:

[თორნიკე შარაშენიძის ხმა] ”ნუ, ეს მან ახსენა იმისთვის, რომ არ ჰქონდეს არავის იმედი, რომ მანიპულირებით ამ თემებისა, როგორიცაა აფხაზეთი და ცხინვალი, ხელს შეუშლიან ჩვენს ინტეგრაციას. ეს იყო და ეს, მეტი არაფერი. ნუ, ზოგიერთებმა ძალიან შორს მიმავალი დასკვნები გააკეთეს აქედან, როგორც ვიცით. რომ, ვითომ, ეს ნიშნავს, რომ ნატოში მიგვიღებენ ტერიტორიების გარეშე, რაც აბსურდია ყველანაირად.” [სტილი დაცულია]

ნატოში საქართველოს გაწევრიანების პოლიტიკაში, განვლილი კვირის ბოლოს, ეჭვი ქართველ ტრადიციონალისტთა ლიდერმა აკაკი ასათიანმაც შეიტანა. ”მე ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი არა ვარ, თუმცა თუ ქვეყანა ამ ორგანიზაციაში აფხაზეთისა და ოსეთის გარეშე შევა, მე მას მხარს არ დავუჭერ,” - განაცხადა აკაკი ასათიანმა. გასულ კვირაში ოპოზიციონერთა საჯარო განცხადებებზე თავიანთი კომენტარი არ გაუკეთებიათ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს. თუმცა რადიო ”თავისუფლებამ” მოახერხა და განმარტება სთხოვა მმართველი პარტიის, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, გენერალურ მდივანს დავით კირკიტაძეს, რომელიც ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა. კირკიტაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი ამ განცხადებებით მხოლოდ ნიადაგს ამზადებს უფრო ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის წამოსაწყებად ნატოში საქართველოს გაწევრიანების იდეის დისკრედიტაციისთვის:

[დავით კირკიტაძის ხმა] ”მე გარწმუნებთ, რომ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება ამას შემდგომ მოჰყვეს. აქ შეიქმნება სპეციალური ჯგუფები, პარტიებიც კი, რომლებიც იქნებიან დაკავებული ერთი რამით, რომ მოხდეს ამ იდეის დისკრედიტაცია და საქართველოს მოსახლეობას მიაწოდონ აბსოლუტურად ცრუ ინფორმაცია ნატოს შესახებ. თქვენ კარგად იცით, თუ საიდან იქნება ეს პროცესი მართული და წამოსული.”[სტილი დაცულია]

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ ასეთი კამპანია განწირულია წარუმატებლობისათვის. დავით კირკიტაძის თქმით, წლის ბოლომდე საქართველო ნატოსთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავა და გაწევრიანების სამოქმედო გეგმას მიიღებს. აღსანიშნავია, რომ გასული კვირის ბოლოს გავლენიან ამერიკელ სენატორთა 14 კაციანმა ჯგუფმა სენატში შეიტანა კანონპროექტი, რომელიც საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების აუცილებლობას ეხება. კანონპროექტი, რომელშიც, საქართველოს გარდა, ნატოში გაწევრიანების კანდიდატებად დასახელებულები არიან ალბანეთი, ხორვატია და მაკედონია, ამ ქვეყნების უსაფრთხოების სფეროს გაძლიერებისთვის 19 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ამ თანხის თითქმის ნახევარი, 10 მილიონი დოლარი კი, საქართველოსთვის არის გამიზნული.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG