Accessibility links

ყოველკვირეული პროგრამა


თათა ომიაძე ამ კვირაში, ჩვენი თხოვნით, დღიურს აწარმოებდა

ფილოლოგი თათა ომიაძე.

4 თებერვალი, კვირა
ჩვეულებრივი დილა გათენდა, ოღონდ - ცოტა უჟმური ამინდით. ცხრაზე გამეღვიძა. ბავშვები ინგლისურზე მიდიოდნენ და ჩემს ოთახში ატეხეს ბორიალი. საწყლები! სულ იმას წუწუნებენ, არ შეიძლება, კვირას მაინც დავიძინოთო? შაბათსაც უთენია გერმანული აქვთ. პაატამ წაიყვანა.
არ მიყვარს დღიურის წერა და არც არასდროს დამიწერია. სულ მეშინოდა, სხვას არ წაეკითხა. ახლა კი სწორედაც სხვის წასაკითხად ვწერ. სასაცილოა!
ძილი ვეღარ გავაგრძელე. ავდექი და დაიწყო: სარეცხი-სადილი-მტვერი-სარეცხი-სამზარეული-აბაზანა-სადილი-სარეცხი-აჭამე-გარეცხე... საშინელებაა! კვირაობით, მე მგონი, დამლაგებლად ვმუშაობ. სულ ტყუილი იქნება, რომ ვთქვა: ეს წავიკითხე, ის წავიკითხე, ამაზე ვიფიქრე და ეს მოვიფიქრე-მეთქი. ნეტავ, დამლაგებლები თუ ახერხებენ რამეზე ფიქრს? მე ვერ მოვახერხე. საღამოს მაინც გავმძვრალიყავი სადმე. თავი აღარ მქონდა.
დამავიწყდა: მართამ არაჩვეულებრივი ვარენიკები გააკეთა. რომ არ დამეწერა, ეწყინებოდა. კარგი გოგოა ეს მართუსა!

5 თებერვალი, ორშაბათი
არაფერი საინტერესო! დილით პაატამ ჩამოგვარიგა: ბავშვები -სკოლაში, მე - სამსახურში. მთელი დღე ზევით-ქვევით სირბილი ქაღალდებით, შეხვედრები, საუბრები, სასწავლო გეგმის დამტკიცების მოლოდინი...
მაიკო მოვიდა. ციტა წავამეცადინე. ახალ სამსახურს იწყებს და სახელმწიფო ენის ცოდნა ყველგან აუცილებელია. ფრანგული ვიმეცადინე, ხვალ მაქვს გაკვეთილი. ინგლისურზეც დავდიდარ. ვინმემ არ მკითხოს, რატომო? მინდა და იმიტომ!
დეიდა ნიტა გარდაცვლილა. მეწყინა. მე და ნინო ძველი მეგობრები ვართ. ხშირად დავდიოდი მათთან გოგებაშვილზე და მე და დეიდა ნიტა ვჭორაობდით ხოლმე. ჩუმი იყო და ჩუმად წავიდა. უნდა მივიდე ნინოსთან და ლევანთან.
ჭორაობაზე გამახსენდა: ერთხელ ტელევიზიით რაღაც გადაცემა იყო და ქალებს ეკითხებოდნენ, ჭორაობა თუ გიყვართო. არაო, რას ბრძანებთ, როგორ გეკადრებათო. ქალბატონ მარიკა ლორთქიფანიძეს ჰკითხეს და - რას ამბობთ, ვგიჟდებიო. სწორია! ჭორი მაინცდამაინც ცუდი და ბოროტი კი არ არის. აბა, არ უნდა იცოდე, შენს ქალაქში რა ხდება?! მიყვარს ქალებში ჩაჯდომა და ქოთქოთი.
საღამოს გვიან დავბრუნდი შინ, სამსახურში მიმაბრუნეს - რაღაც იყო გასაკეთებელი. რატომღაც ტელეფონით ბევრი ვილაპარაკე, რაც დიდად არ მიყვარს.

6 თებერვალი, სამშაბათი
დილა - ისეთივე, როგორიც გუშინ. სამსახურში - ატესტაციის მოლოდინი. მე და ნათია ვაპირებთ მეცადინეობის დაწყებას, მაგრამ ჯერ ვერ ვახერხებთ. ორი წელია, ამ სამსახურში ვართ და მეორედ გვიწევს გამოცდების ჩაბარება. კანონები უნდა ვისწავლოთ. ფრანგული გავაცდინე. ცუდია! მაიკო რატომღაც არ მოვიდა. სამსახურის შემდეგ მთელი დეპარტამენტი წავედით პანაშვიდზე თემქაზე. იქიდან წამოსულები, რაოდენ გასაკვირი უნდა იყოს, აღმოვჩნდით "თაღლაურაში". კარგი იყო!
ხვალ ვარჯიში მაქვს. მე და ნათია "ტაიბუზე" დავდივართ კვირაში სამჯერ. ინგლისურიც მაქვს. ლიზა და მართა მაშაყირებენ: "ფრანგული თუ იმეცადინე? ინგლისური თუ დაწერე?" სულ ტყუილად დამცინიან - ორივე ტესტში უმაღლესი შეფასება მივიღე. სადმე ტურნირი რომ ტარდებოდეს "ტაიბუში", იქაც გავიდოდი. ოღონდ, მოვიგებდი თუ არა, ეგ უკვე აღარ ვიცი.
ერთი ამბავი მახსენდება. რამდენიმე წლის წინ, ასევე დავდიოდი "ტაიბუზე". უცებ მოვარდა ტელევიზია, პირველი არხი, მოიყვანეს გამოჩენილი ქართველი მოდელები და დაიწყეს ვარჯიშის გადაღება. სარვამარტო გადაცემას ამზადებდნენ. კი არ მინდოდა, მაგრამ ქაჯივით ხომ არ გავხტებოდი გვერდზე და მე არ გადამიღოთ-მეთქი, ხომ არ დავიწყებდი?! თანაც, მეგონა, მოდელები ამისთვის მოიყვანეს. დადგა 8 მარტი. მე და ბავშვები გუდაურში ვართ. ჩაირთო ჩემი ტელეფონი და აღარ გამოირთო! მთელი თბილისი მირეკავდა: აუ, რას ვარჯიშობო! თურმე, მარტო მე ვიყავი ეკრანზე. ეტყობა, რეჟისორმა იფიქრა, ეს ფერხორციანი ქალბატონი რა კარგად ვარჯიშობსო და კამერა არ მოუშორებია. მოდელების ვარჯიში ვის გაუკვირდებოდა, ჩემი იყო მთავარი! მოკლედ, დღესაც დავდივარ "ტაიბუზე".

7 თებერვალი, ორშაბათი
თითქოს, არაფერი საინტერესო. გუშინ მართა აცრეს და დღეს მთელი დღე მკლავი ტკიოდა. საღამოს სიცხეც ჰქონდა. დადიოდა აქეთ-იქით გაბუსუნებული. სამსახურში, ანუ პარლამენტში, დილიდან ხალიჩებს შლიდნენ და აფენდნენ, პრეზიდენტები მოდიანო: ჩვენი პრეზიდენტი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი და თურქეთის პრემიერი, თუ არ მეშლება. საწყალი დამლაგებლები გულმოდგინედ აპრიალებდნენ და აკრიალებდნენ შენობას. ჩემი თავი გამახსენდა, ოღონდ კვირაობით.
მეტი არაფერი...

8 თებერვალი, ხუთშაბათი
მე, ლიზა და პაატა ერთად წავედით. მართა სახლშო დარჩა, როგორც აცრილი. ლიზა რძის კომბინატში წაიყვანეს სკოლიდან და მერე ჩემთან გამოიარა სამსახურში. ერთად წავედით დეიდა ნიტას დაკრძალვაზე. ბევრი ხალხი იყო. კარგი ხალხი.
საღამოს ჭიჭის დაბადების დღეზე ვიყავი. ჭიჭი ჩემი კლასელია და ამით ყველაფერია ნათქვამი. ამხანაგი, მეგობარი და ახლობელი შეიძლება იყოს ბევრი ან ცოტა. კლასელი კი, ზუსტად იცი, რომ ოცდაათია. ჭიჭი მდედრია და თანაც - ბებია. ფანტასტიკური საბა ჰყავს. მოკლედ, ქალებმა მოვილხინეთ - ვიმღერეთ! სიმღერას ჩვენ ვეძახით, თორემ... ინგამ, რასაკვირველია, მიკროფონით და არა მიკროფონში. ჩვენ, რაც შეგვეძლო, ხმებს ვაშველებდით. თამუნამ თქვა - მას კი ეს საკითხი ნამდვილად ესმის - "მანჰეტენი" მიმიქარავსო! მოკლედ, კარგი იყო. მერე რა, რომ ასი წლის ვართ.
სახლში კვლავ გვიან დავბრუნდი. მართამ მითხრა, მაინცდამაინც ამ კვირაში რომ მოდიხარ ასე გვიან, არ დაწერო მაინც, ხალხი რას იტყვისო! რა უნდა თქვას?

8 თებერვალი, პარასკევი
10 საათისთვის პარლამენტში უვნებლად შემოსვლა წარმოუდგენელია. ისეთი ზედახორაა ჩამოსაჩხაკუნებელთან, სკოლის ბუფეტი მახსენდება. არადა, თუ არ ჩამოაჩხაკუნე, კომპიუტერი შენს მოსვლას არ დააფიქსირებს და დარჩები გაღიმებული - ხელფასს დაგიქვითვენ. მე - პაატას გაახარებს ღმერთი! - კი მოვდივარ ადრე, მაგრამ სხვა გასაჭირი მაქვს: ჩანთაში მიგდია პატარა წითელი "ვიქტორინოქსის" დანა, რომელსაც ზედ აქვს ბოთლის გასახსნელი და სხვა ათასი სისულელე. დაცვა მამოწმებს და მაგარი დაბნეულია: გამატანოს ეს წითელი დანა, თუ ჩამომართვას და ზოგიერთი დეპუტატის სერიოზული იარაღის გვერდით შეინახოს სეიფში. ხან მატანენ, ხან მართმევენ.
პარლამენტის დერეფნებში ოთახებიდან გამოსული ერთადერთი სიტყვა ისმის: ატესტაცია! მოკლედ, იწყება საყოველთაო მეცადინეობა და საყოველთაო გამოცდები: ფრანგული, რუსული, კომპიუტერი, კანონები და სახელმწიფო ენა. შარშან ეს ყველაფერი ერთხელ უკვე ჩავაბარე, მაგრამ ვაითუ, დამავიწყდა! ხომ უნდა შემამოწმონ!

10 თებერვალი, შაბათი
არ მეგონა, თუ ასეთი მონდომებით შევუდგებოდი დღიურის წერას. პროექტის მიხედვით, დღეს უნდა დავამთავრო, მაგრამ არ მინდა. იქნებ, გავაგრძელო კიდეც. თურმე, წერა მდომებია. ეს ყველაფერი თამუნას დამსახურებაა. ყოველ დილით ვრთავ კომპიუტერს და ვიწყებ. ადრე არ შემეძლო საკუთარი ნაფიქრის გაფილტვრა. როგორც ირკვევა, მისწავლია და აწი შეიძლება ვწერო კიდეც. ოთხიდან ხუთამდე რადიო "თავისუფლების" ოფისში უნდა მივიდე და ეს ყველაფერი მე თვითონ ჩავწერო. აი, ეს უკვე რა გამოვა, ნამდვილად არ ვიცი...

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG