Accessibility links

logo-print

საპრეზიდენტო არჩევნები თურქმენეთში


კვირას თურქმენეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ოფიციალური ინფორმაციით, მასში ამომრჩეველთა 98 პროცენტზე მეტმა მიიღო მონაწილეობა.

თუმცა სხვა მონაცემებით სინამდვილეში ამომრჩეველთა აქტიობა ბევრად უფრო დაბალი იყო.

მიმომხილველთა აზრით, გამარჯვებას მოიპოვებს გურბანგული ბერმუხამედოვი, ყოფილი ვიცე-პრემიერი, რომელიც ამჟამად თურქმენეთის პრეზიდენტის მოვალეობებს ასრულებს.

98 მთელი 65 მეასედი - ასეთი იყო, ოფიციალური მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტიობა თურქმენეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. სხვა ქვეყნისთვის ეს შეიძლება წარმოუდგენელი მაჩვენებელია, მაგრამ არა თუქმენეთისთვის. მაგალითად, 1992 წელს იქ საპრეზიდენტო არჩევნებში, ოფიციალური მონაცემებით, ამომრჩეველთა 99,8 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა.

თუმცა როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტები იტყობინებიან, რეალურად ამომრჩეველთა აქტიობა გაცილებით ნაკლები იყო, განსაკუთრებით აშხაბადსა და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში.

არჩევნების შესახებ მთელმა რიგმა დამოუკიდებელმა მეთვალყურეებმა გამოთქვეს უარყოფითი აზრი. მაგალითად, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წარმომადგენელმა, ჟოზე სუარეშმა თქვა კვირას, "არჩევნები სრულიად არ იყო თავისუფალი და სამართლიანი."

ღია საზოგადოების ინსტიტუტის თურქმენეთის პროექტის დირექტორის, ერიკა დეილის აზრით, დიდი იმედების ქონა არც შეიძლებოდა.

[დეილის ხმა] "ხალხი ამბობს, რომ თურქმენეთში ეს არის პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც რამდენიმე კანდიდატი მონაწილეობს. შეიძლება ეს ასეა, მაგრამ ეს გახლავთ არჩევნები არჩევნის გარეშე. ექვსი კანდიდატის პლატფორმები დიდად არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. და რამდენადაც ისინი ყველანი ერთ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენდნენ, თავისთავად კენჭისყრა მნიშვნელოვანი არ არის."
მიუხედავად ამისა, მრავალი ექსპერტის აზრით, მნიშვნელოვანია თავად ის ფაქტი, რომ საერთოდ გაიმართა არჩევნები. შეგახსნეებთ, რომ აწ გარდაცვლილი საფარმურატ ნიაზოვი 1999 წელს სამუდამო პრეზიდენტად გამოაცხადეს და არჩევნების თემა საერთოდ უცხო ხილად იყო ქცეული თურქმენეთის პოლიტიკური ცხოვრებისთვის. თურქმენეთის მთავრობას რომ უბრალოდ, არჩევნების გარეშე დაენიშნა ნიაზოვის მემკვიდრე, ალბათ საერთაშორისო თანამეგობრობას ეს ნაკლებად გააკვირვებდა.

როგორც საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ცენტრალური აზიის პროექტის დირექტორმა, მაიკლ ჰოლმა უთხრა ჩვენს რადიოს, არჩევნების ჩატარების მიზეზი "ლეგიტიმაციის" პრობლემაა.

[ჰოლის ხმა] "მეორე მხრივ, საინტერესოა თავად ის ფაქტი, რომ არჩევნები ტარდება. თურქმენეთის ახალ ხელისუფლებას გარკვეული ლეგიტიმაციის დემონსტრირება სურს საკუთარი მოსახლეობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ეს იმის კარგი ნიშანია, რომ თურქმენეთში შეიძლება რაღაც იცვლებოდეს."

უნდა ითქვას, რომ ორშაბათს თურქმენეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ასრულებს ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირებას და რომ ინტერნეტი უფრო ხელმისაწვდომი გახდება ფართო მომხმარებელთათვის. გაიხსნება ქვეყანაში პირველი სახელმწიფო ინტერნეტ-კაფე.

როგორც ვარაუდობენ ცენტრალური საარჩევნო კომისია სამშაბათს გამოახადებს არჩევნების შედეგებს.

საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრებით, გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ ქვეყნის ყოფილ ვიცე-პრემიერს, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ გურბანგული ბერმუხამედოვს.

ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 14 თებერვლისთვის არის დანიშნული.
XS
SM
MD
LG