Accessibility links

logo-print

საქართველოს გაზეთები 13 თებერვალს


ქართული პრესა უკვე შეუდგა მსჯელობას იმაზე, თუ როგორი იქნება პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის წლევანდელი გამოსვლა,

რომელიც ორი კვირის შემდეგ იგეგმება. გთავაზობთ ამ და სხვა თემებზე დღეს გამოქვეყნებული ზოგიერთი პუბლიკაციის მიმოხილვას.

“პრეზიდენტის “მესამედ მოსვლა” - ასე ასათაურებს “24 საათი” პუბლიკაციას, რომელიც პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის მოსალოდნელ გამოსვლას შეეხება. ავტორი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის გამოსვლები არც ფორმით და არც შინაარსით ერთმანეთს არ ჰგავს. “პრეზიდენტი საზოგადოებას წარუდგენს “ჩვენი დროის გმირების გალერეას”, პრეზიდენტი მკაცრად აკრიტიკებს ოპოზიციას, რომელიც “აჩმახებს”, პრეზიდენტი ითხოვს “ნულოვან ტოლერანტობას” კრიმინალური სამყაროს მიმართ – ეს მიხეილ სააკაშვილის წინა გამოსვლების მხოლოდ ზოგიერთი შტრიხია. რით დაამახსოვრდება საზოგადოებას პრეზიდენტის რიგით მესამე ანგარიში, ჯერ ძნელი სათქმელია, მაგრამ ერთი სიახლე რომ ნამდვილად იქნება, ამის თქმა დაბეჯითებით შეიძლება: აქამდე პრეზიდენტის მოხსენების ტექსტი პარლამენტარებს არ ურიგდებოდათ და კანონმდებლები მიხეილ სააკაშვილს “ლაივში” უსმენდნენ, ამჯერად კი დეპუტატებს პრეზიდენტის ანგარიშის წინასწარ გაცნობის საშუალება ექნებათ”, - წერს “24 საათი”.

“ახალი თაობის” მიმომხილველი კი მოელის, რომ სააკაშვილის გამოსვლა, ჩვეულებისამებრ, მონოლოგის რეჟიმში ჩაივლის. ავტორი წერს: “სააკაშვილს რეალურად რომ სურდეს ოპოზიციასთან დიალოგი, მაშინ თებერვლის ბოლოს, შევარდნაძის მსგავსად, უპრობლემოდ მოუსმენდა პარლამენტის ტრიბუნაზე მდგომ ოპოზიციის ლიდერებს”. “ახალი თაობის” ავტორს მიაჩნია, რომ ოპოზიციასა და მედიასთან დიალოგი მხოლოდ წაადგებოდა პრეზიდენტის რეიტინგს.

“ალია” იუწყება, რომ ორ დღეში იწურება ტენდერის ვადა, რომელიც ქვეყნის პირველი პირის თბილისსა და რეგიონებში პირდაპირი ეთერით გამოსვლების უზრუნველყოფასა და ლიცენზიას ეხება. გაზეთი ვარაუდობს, რომ ამის გამო, “შესაძლოა, ტელევიზიებს შორის ახალი ინტრიგების ტალღა აგორდეს”.

“რეზონანსის” ინფორმაციით, ჩეხური კომპანია “ენერგო-პრო” საქართველოს რიგ ენერგოობიექტებს, საწყისი 427 მილიონი დოლარის ნაცვლად, არა 132 მილიონად, არამედ 73,5 მილიონ დოლარად ყიდულობს. გაზეთი წერს, რომ, “პრეზიდენტის განკარგულებით, ჰიდროელექტროსადგურების – ლაჯანურის, რიონის, გუმათის, შაორის, ძევრულას და აზის აქტივები “ენერგო-პროს”, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ამ საფასურად გადაეცემა. პრეზიდენტი ჩეხურ კომპანიას სხვა ჰესებსაც ჩუქნის, ოღონდ სიმბოლურ ფასად – 1000 დოლარად”, - წერს “რეზონანსი” და დასძენს, რომ “ოპოზიცია და ექსპერტები თავიდანვე აპროტესტებდნენ იმ ფაქტს, რომ ჩეხურმა კომპანიამ ენერგოობიექტები იმაზე ბევრად იაფად ჩაიგდო ხელში, ვიდრე ეს თავიდან იყო გათვალისწინებული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი”.
XS
SM
MD
LG