Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯ ბუში ირანზე სამხედრო თავდახმის შესაძლებლობის შესახებ საუბარს ”ხმაურს” უწოდებს


აპირებს თუ არა ვაშინგტონი ირანზე სამხედრო იერიშის მიტანას, რათა თეირანი აიძულოს შეწყვიტოს ატომური პროგრამა?

ეს გახლავთ შეკითხვა, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ისმის საერთაშორისო მედიაში. ორშაბათს, 12 თებერვალს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა ეს ხმები გადაჭრით უარყო - ირანზე შესაძლო თავდასხმის შესახებ დისკუსიას მან იმ პოლიტიკური ოპონენტებისგან წამოსული ”ხმაური” უწოდა, ვისაც არ ესმით მისი ადმინისტრაციის გეგმები თეირანთან მიმართებით.

თეირანთან მიმართებით შეერთებული შტატების ადმინისტრაციის გეგმა ვაშინგტონში მიმდინარე ალბათ ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან დისკუსიას უდევს საფუძვლად. დროდადრო ეს დისკუსია საერთაშორისო მედიის სფეროშიც აღწევს - ერთ-ერთი ვარაუდი, რომელიც ხშირად ისმის, ის არის, რომ ირანის ატომურ ობიექტებზე საჰაერო იერიშის მისატანად ისრაელი ემზადება. 7 იანვარს ბრიტანეთში გამომავალმა ”Sunday Times"-მა განაცხადა, რომ ისრაელს ირანში, ურანის გასამდიდრებელი მიწისქვეშა ობიექტების განადგურების გეგმა ჰქონდა შემუშავებული. თუმცა უკვე მეორე დღეს ბრიტანეთის სხვა გამოცემებმა ისრაელის პოლიტიკოსების ციტატები დაბეჭდეს - რომ ისრაელს ირანთან შექმნილი კრიზისის გადაჭრა დიპლომატიური გზებით სურს.

სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობას შეერთებული შტატების პოლიტიკოსებიც გამორიცხავენ. ”ჩვენ ირანთან ომის დასაწყებად არ ვემზადებითო” - რამდენიმე დღის წინ განაცხადა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა, რობერტ გეიტსმა.

თუმცა დისკუსია მაინც არ ცხრება.

მაგალითად, მოისმინეთ განცხადება, რომლითაც შეერთებულ შტატებში, დემოკრატმა სენატორმა, ჯოზეფ ბაიდენმა, სახელმწიფო მდივანს, კონდოლიზა რაისს მიმართა:

[ჯოზეფ ბაიდენის ხმა]: ”იმედი გვქონდა, და ვლოცულობდით, რომ გეგმას, რომელსაც შემოგვთავაზებდნენ, ორი მახასიათებელი ექნებოდა - ამერიკელი ჯარისკაცების სახლში დაბრუნების დაწყება, და სტაბილური ერაყის დატოვების რეალისტური პერსპექტივა. ამის ნაცვლად, ჩვენ ომის ესკალაციის გეგმა მოვისმინეთ. არა მხოლოდ ერაყში, არამედ შესაძლოა ირანში და სირიაშიც. ჩემი აზრით, პრეზიდენტის სტრატეგია ვითარებიდან გამოსავალს არ წარმოადგენს, მდივანო რაის. ჩემი აზრით, ეს ტრაგიკული შეცდომაა”.

კონგრესის დემოკრატი ლიდერები გამოვიდნენ ინიციატივით, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის განხორციელებამდე პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოს ნებართვა დასჭირდეს.

თუმცა ორშაბათს, 12 თებერვალს, ამერიკის ერთ-ერთი ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გადაჭრით უარყო ირანზე სამხედრო იერიშის მიტანის შესაძლებლობა:

[ჯორჯ ბუშის ხმა]: ”რეაქცია, რომელსაც ჩემში ეს ხმაური იწვევს - როცა ამბობენ, ”მას ომის დაწყება უნდაო” - ის არის, რომ ჩემთვის გაუგებარია ეს ტაქტიკა. და თან, ჩემი აზრით, ეს პოლიტიკური ამბავია. მეორე მხრივ, იმედი მაქვს, რომ კონგრესის წევრებს, განსაკუთრებით კი ოპოზიციურ პარტიას, ესმით, როგორი მნიშვნელოვანი საფრთხე შეიქმნება თუ ირანი ატომურ იარაღს გაიჩენს. ამდენად, პრობლემის გადაჭრაზე ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ”.

ჯორჯ ბუშის თქმით, მას ირანთან მიმართებით მასშტაბური დიპლომატიური სტრატეგია აქვს, ხოლო ”სამხედრო ძალა პრობლემის მოგვარების უკიდურესი საშუალებაა”.

მაშ რა ასაზრდოებს შეერთებული შტატების, ან მისი მოკავშირე ქვეყნის მხრიდან ირანზე შესაძლო თავდასხმის შესახებ დისკუსიას?

ნაწილობრივ, ეს თავად ადმინისტრაციის ქმედების შედეგია, რომელიც უარს ამბობს სამხედრო ძალის გამოყენების გამორიცხვაზე. ამასთან, ეს ვარაუდი მყარდება კონკრეტული სამხედრო ქმედებებიტ, რომლებსაც ვაშინგტონი თეირანზე ფსიქოლოგიური ზეწოლის გასაზლიერებლად მიმართავს - მაგალითად, სპარსეთის ყურეში მეორე ავიამზიდის გაგზავნას. გასათვალისწინებელია აგრეთვე ახლახანს ერაყში ირანის მოქალაქეთა დაპატიმრება. ვაშინტგონი თეირანს ბრალს სდებს, რომ ის ერაყში შიიტ ექსტრემისტებს იარაღით და ტექნოლოგიით ამარაგებს.

თუმცა, რაოდენ ხმამაღალიც არ უნდა იყოს დისკუსია, ამ ეტაპზე, როგორც სჩანს, ვაშინგტონიც და საერთაშორისო თანამეგობრობაც თეირანთან შექმნილი უთანხმოების მოგვარებას მხოლოდ დიპლომატიით და სანქციებით ცდილობენ.

ორშაბათს ევროკავშირი დათანხმდა თეირანისთვის შეზღუდული სადამსჯელო სანქციების დაწესებას - ურანის გამდიდრების შეწყვეტის მოთხოვნით. სანქციები, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით დაწესდა, ირანის ატომური და სარაკეტო პროგრამებისთვის გამოსადეგი მასალების გაყიდვის აკრძალვას ითვალისწინებს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG