Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად პერსპექტიულია ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში სახელმწიფოთაშორისო სარჩელის შეტანა?


საქართველოს პარლამენტში მუშაობას ასრულებს რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეთა მიმართ ჩადენილი ქმედებების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

კიდევ ერთი სხდომაც და კომისია პარლამენტს თავის საბოლოო დასკვნას შესთავაზებს. მანამდე კი, 13 თებერვალს, მისმა წევრებმა რუსეთში საქართველოს კონსულს ზურაბ პატარაძეს და საქართველოს იუსტიციის მინისტრს გია ქავთარაძეს მოუსმინეს. საპარლამენტო კომისიის წევრებს აინტერესებდათ, რა ეტაპზეა მუშაობა სახელმწიფოთაშორისო სარჩელზე (სარჩელზე სწორედ იუსტიციის სამინისტრო მუშაობს) და რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სამინისტროში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის შეტანას, რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი ცნობილი ქმედებებით ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევასთან დაკავშირებით. მინდა გესაუბროთ იმის შესახებ, თუ რა გაირკვა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

2006-2007 წლებში რუსეთში, მთლიანობაში, საქართველოს 4634 მოქალაქის დეპორტაციის შესახებ მიიღეს სასამართლო გადაწყვეტილება.

აქედან 2300-ს მიმღებ-გამანაწილებელ პუნქტებში იძულებით განთავსების შემდეგ დაატოვებინეს რუსეთის ტერიტორია. რუსეთის ტერიტორიაზე 1015 დამსაქმებელი შეამოწმეს იმის გამოსარკვევად, საქართველოს მოქალაქეებიც ხომ არ ჰყავდათ დასაქმებული. ამ შემოწმების შედეგად, 65 ორგანიზაცია დახურეს. ასეთი სტატისტიკა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას რუსეთში საქართველოს კონსულმა ზურაბ პატარაძემ წარუდგინა. მან აღნიშნა, რომ 2007 წელს რუსეთის ფედერაციაში საგრძნობლად იკლო საქართველოს მოქალაქეების დევნა-შევიწროებამ, თუმცა მიმდინარე წელს - კერძოდ, 25 იანვარს - რუსეთის ქალაქ ენგელსში, მიმღებ- გამანაწილებელ პუნქტში, კიდევ ერთი ქართველი, ზურაბ მუზაშვილი, გარდაიცვალა. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებულ ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქართველოს კონსულს ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაცია მოსთხოვეს.

[ზურაბ პატარაძის ხმა]” ის თავის ფეხით მივიდა მილიციაში, წარადგინა ცნობა, რომ იყო ავად და ნებაყოფლობით მოითხოვა რუსეთის ტერიტორიის დატოვება. სამწუხაროდ, იძულების წესით წაიყვანეს სასამართლოში და შემდეგ გადაიყვანეს მიმღებ-გამანაწილებელ პუნქტში.”

ზურაბ მუზაშვილი ტუბერკულოზით იყო დაავადებული. მიმღებ-გამანაწილებელ პუნქტში ის თავს ცუდად გრძნობდა, რამდენჯერმე სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა, მაგრამ საავადმყოფოში არ იქნა გადაყვანილი. მუზაშვილი მიმღებ-გამანაწილებელ პუნქტში, როგორც უკვე ვთქვით, 25 იანვარს გარდაიცვალა .

ცნობილია სხვა ასეთი ტრაგიკული ფაქტებიც. არსებობს ბევრი ადამიანის ჩვენება იმის შესახებ, თუ როგორ დაირღვა მათი უფლებები რუსეთის ტერიტორიაზე. დაგროვილი დოკუმენტური მასალა ცხადყოფს, რომ, გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, რუსეთში საქართველოს მოქალაქეების მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის ისეთი მუხლები, როგორიცაა: კოლექტიური გაძევების აკრძალვა, სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, დისკრიმინაციის აკრძალვა და ასე შემდეგ. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს მთავრობაში ეეჭვებათ, რომ, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში სახელმწიფოთაშორისო სარჩელის შეტანის შემთხვევაში, საქართველოს ჰქონდეს საქმის მოგების გარანტია. ” აზრის დონეზეც კი არ უნად დავუშვათ, რომ ვერ მოვიგებთ, ამიტომ სარჩელზე მუშაობა გრძელდება. პრობლემებს ქმნის მტკიცებულებათა დეფიციტი,” - აცხადებს იუსტიციის მინისტრი გია ქავთარაძე.

[გია ქავთარაძის ხმა] ” მაგალითად, იგივე რუსეთის ტერიტორიაზე გაცემული დოკუმენტები ძნელად მოსაპოვებელია. ძნელად მოსაპოვებელია ისეთი დოკუმენტები, რომლებიც არის ხელმოწერილი - სასამართლო გადაწყვეტილებები არ გამოატანეს ადამიანებს ან აეროპორტში ჩამოართვეს. ” (სტილი დაცულია)

საქართველოს მხარეს სარჩელის მომზადებაში ბრიტანული იურიდიული ფირმები ეხმარება. უჩივლებს თუ არა საქართველო რუსეთს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში, ამის შესახებ გადაწყვეტილება მალე უნდა იქნეს მიღებული. სარჩელი ევროპის სასამართლოში მარტის ბოლომდე უნდა იქნეს შეტანილი. პარლამენტში უკმაყოფილონი არიან იუსტიციის მინისტრის ერთგვარი ორჭოფობით, მტკიცებულებების დეფიციტზე აპელირებით. თუმცა, ისევ მინისტრის თქმით, როცა წაგება არ გინდა დაუშვა, ყველაფერი უნდა გააკეთო სარჩელის დასასაბუთებლად. ასე რომ, ვნახოთ, უჩივლებს თუ არა საქართველო რუსეთს რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი ქმედებებისთვის.
XS
SM
MD
LG