Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალური მდივნის განცხადება ხელისუფლებამ და ექსპერტებმა სხვადასხვაგვარად გაიგეს


მიუნხენში, საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე, ნატოს გენერალური მდივნის იაპ დე ჰოოპ სხეფერის განცხადების ნაწილი,

რომელიც ნატოს მომავალ წევრებს შეეხებოდათ, საქართველოს ხელისუფლებამ და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა სხვადასხვაგვარად აღიქვეს. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ 2009 წელი საქართველოს ნატოში გაწევრიანების საბოლოო თარიღია, ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ალიანსის ხელმძღვანელი მხოლოდ სურვილზე ლაპარაკობდა, რომლის რეალობად ქცევას ბევრი შრომა და ეროვნული თანხმობა სჭირდება. არადა, საქართველოში ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ალიანსში გაწევრიანების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით კვლავ მწვავე შეკითხვებს სვამს, რაზეც ხელისუფლების პასუხი ზოგჯერ ბუნდოვანია.

ნატოს გენერალური მდივნის გამოსვლის ტექსტი იოლად ხელმისაწვდომია. ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია ეწვიოს ნატოს ოფიციალურ ვებ-გვერდს და სიტყვასიტყვით წაიკითხოს, თუ რა თქვა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა საქართველოზე. არსებობს ამ გამოსვლის აუდიოვერსიაც.

[იაპ დე ჰოოპ სხეფერის ხმა] ”2009 წელს მსურს ნატოში მეტი ქვეყანა ვიხილო. მსურს ვიხილო სერბეთი, რომელიც მყარად იდგება ნატოსკენ მიმავალ გზაზე და აგრეთვე მსურს, რომ ჩვენ უფრო მეტად მივუახლოვდეთ უკრაინისა და საქართველოს მიზნების შესრულებას. უკრაინის ხსენებაზე თქვენ გაიფიქრებთ, რომ ეს არ არის იოლი და რომ უკრაინის ხალხმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ამის მიუხედავად, ვიმედოვნებ, რომ 2009 წელს ნატოს ურთიერთობა უკრაინასთანაც უფრო გამყარდება.”

მაშ, ასე. ნატოს გენერალურმა მდივანმა ილაპარაკა მხოლოდ ”საქართველოს მიზნების შესრულებასთან მიახლოებაზე”, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ ალიანსის შიგნით უკვე არსებობს გადაწყვეტილება, 2009 წელს საქართველო აუცილებლად ნატოს წევრი სახელმწიფო გახდეს. თუმცა ამ ბუნდოვან ფრაზაში საქართველოს პრეზიდენტმა მკაფიო მინიშნება ამოიკითხა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ” ნატოს გენერალურმა მდივანმა პირველად დაასახელა თარიღი საქართველოს ნატოში გაწევრიანების. აქამდე ნატოში ამასაც ყველანი ერიდებოდნენ. ეს, მე მიმაჩნია, კიდევ ერთი უტყუარი ნიშანია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის შეუქცევადობის.” [სტილი დაცულია]

ევროატლანტიკურ სისტემაში საქართველოს ინტეგრაციას შეუქცევად პროცესს უწოდებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველო ნატოში”. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის შალვა ფიჩხაძის თქმით, სხეფერის გამონათქვამში არსებული ”დიპლომატიური ბუნდოვანება”, მართლაც, იძლევა სხვადასხვაგვარი წაკითხვის შესაძლებლობას. თუმცა ქართველი ექსპერტი ფიქრობს, რომ 2009 წელს ისიც კარგი იქნება, თუ საქართველო გაწევრიანების სამოქმედო გეგმას მიიღებს:

[შალვა ფიჩხაძის ხმა] ”მე არ მიმაჩნია, რომ თუკი 2009 წლისთვის საქართველო ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის შესრულებას დაიწყებს, ან, ყველაზე კარგ შემთხვევაში, მას დაამთავრებს და მიწვევას მიიღებს, ეს იქნება ცუდი. პირიქით, მიმაჩნია, რომ ეს ძალიან კარგი იქნება, იმის კვალობაზე, თუ რა განწყობებია ნატოს გაფართოების მიმართ თავად ალიანსში. მოგეხსენებათ, ალიანსის ბევრი გავლენიანი წევრი საერთოდ ეწინააღმდეგება გაფართოებას, აი, იმ სამი ბალკანური სახელმწიფოს მიწვევის შემდეგ.” (სტილი დაცულია)

შალვა ფიჩხაძეს მიაჩნია, რომ საქართველომ ბევრი პოზიტიური სიგნალი მიიღო ნატოდან და არ არის საჭირო დროის დაკარგვა მარჩიელობაზე, თუ როდის გავხდებით ალიანსის წევრი. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც გარკვეულმა პოლიტიკურმა პარტიებმა კვლავ წამოჭრეს ალიანსში გაწევრიანების მიზანშეწონილობისა და ქვეყნის ნეიტრალიტეტის საკითხები. გარდა ამისა, მწირია საჯარო ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესი.

[შალვა ფიჩაძის ხმა] ”ფაქტია, რომ IPAP-ი (ინდივიდუალური თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა) ჯერჯერობით, სამწუხაროდ, დასრულებული არ არის. და, ნუ, იყო დანაპირები და ძალიან სერიოზული და მჟღერადი, რომ ჩვენ 2008 წელს გავხდებით ნატოს წევრები. ადრეც ვამბობდით ჩვენ, რომ ეს არარეალისტურად მიგვაჩნია. დღეს უკვე სავსებით ნათლად ჩანს, რომ ეს არარეალისტური ვადები იყო.” (სტილი დაცულია)

”ნუ მისცემთ ნატოში გაწევრიანების ვადების შესახებ ფუჭ იმედებს საზოგადოებას, რადგან ვადების გადაწევამ, შესაძლოა, დიდი იმედგაცრუება გამოიწვიოს,” - ეს სიტყვები ეკუთვნის ნატოს საპარლამენტო დელეგაციის ყოფილ ხელმძღვანელს კლოდ ლელუშის, რომელიც შარშან იმყოფებოდა საქრთველოში. შარშან საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ქვეყანა ნატოს წევრი 2008 წელს გახდებოდა. იაპ დე ჰოოპ სხეფერის განცხადებაში კი ლაპარკია 2009 წელზე და, როგორც ზემოთ ვთქვით, ისიც ძალიან ბუნდოვან კონტექსტში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG