Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტის მიუნხენში გამოსვლა და ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკა


გასულ შაბათს, მიუნხენში,

უსაფრთხოების საერთაშორისო ყოველწლიური კონფერენციის მონაწილე 40 ქვეყნის პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერთა წინაშე გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ იმისათვის, რომ, როგორც თვითონ ფიქრობს, ვაშინგტონი მსოფლიოს თავის ნებას ახვევს. პუტინმა დაგმო ერთპოლარული სამყაროს კონცეფცია და დაადანაშაულა აშშ იმაში, რომ მსოფლიოს უსაფრთხოებას ძირს უთხრის. რუსეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის მიმართაც გამოთქვა საყვედური - აშშ-ის გავლენის საპირისპიროდ ცოტას აკეთებსო. რას ისახავდა პუტინის ეს გამოსვლა მიზნად? ყველაზე მარტივი პასუხი, ალბათ, ის იქნება, რომ პუტინს სურდა თავისი პოზიცია ცხადად გამოეხატა. რატომ იყო ის ასეთი მკაცრი და არამხოლოდ აშშ-ის მიმართ? ჩვენი რადიოს პოლიტიკური მიმომხილველი ვიქტორ იასმანი აქ რამდენიმე მიზეზს ვარაუდობს, რომელთაგან ერთ-ერთი ისაა, რომ პუტინი ცდილობს თავისთვის სასარგებლოდ გამოიყენოს აშშ-ის სიძნელეები ერაყში. რუსეთი შეიძლება, ასევე, ცდილობდეს, ლიდერობა მოიპოვოს იმ ქვეყნებში, რომლებიც არ არიან აშშ-ის გავლენის ქვეშ მოქცეული. დავიმოწმებ რუსეთის ნაციონალისტური ყოველკვირეული გაზეთის, “ზავტრას”, მთავარი რედაქტორის, ალექსანდრ პროხანოვის, ნათქვამს, პუტინის სიტყვამ მიუნხენში რუსეთი, არაბულ სამყაროსა და ჩინეთთან ერთად, ანტიამერიკული მოძრაობის ცენტრში მოაქციაო.

ამასთან, როგორც ჩანს, რუსეთი სულაც არ გრძნობს თავს იზოლირებულად და არც დასავლური ინვესტიციების დაკარგვის შიში აქვს. ერთ-ერთმა გერმანელმა პოლიტიკოსმა განაცხადა, პუტინის გამოსვლა ახლა რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობისა და რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის კონტექსტში უნდა განვიხილოთო. ჩვენი თემა დღეს, უპირველეს ყოფლისა, რუსეთის მიმართ ევროპის დამოკიდებულებაა.

რადიო “თავისუფლების” თანამშრომელი ჯერემი ბრენსტენი მიუნხენში შეხვდა საგარეო ურთიერთობათა გერმანიის საბჭოს წევრს პროფესორ ებერჰარდ ზანდშნაიდერს და სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი-ორი შეკითხვა დაუსვა. ევროპისგან აშშ თავისას მოელის, მოსკოვი კი საკუთარი პრეტენზიებს გამოხატავს - საით გაემართება ბრიუსელი, ანუ ევროკავშირი? ამ შეკითხვას გერმანელმა პროფესორმა ასე უპასუხა:

(ზანდშნაიდერის ხმა) "რა თქმა უნდა, თავისას მოელის ორივე, აშშ-იც და რუსეთიც, და, სხვათა შორის, ჩინეთიც. ევროპამ უნდა ისწავლოს, პირველ რიგში, ის, რომ მოძებნოს საკუთარი პოზიცია, რაც ისედაც რთულია, და ითანამშრომლოს ჩვენს ტრადიციულ პარტნიორთან - აშშ-თან, ასევე ახალ მნიშვნელოვან პარტნიორებთან, როგორიც რუსეთია, იმის გათვალისწინებით, რომ ურუსეთოდ ძნელი იქნება გზების პოვნა უმთავრესი საერთაშორისო კონფლიქტების მოსაგვარებლად. საითაც უნდა გაიხედოთ, კოსოვოსა თუ ირანისკენ, ჩვენ გვჭირდება რუსეთი. ევროპის კავშირისთვის ეს არის სწავლის პროცესი, რომელიც მას უახლოესი რამდენიმე წლის მანძილზე ელის."

ჩვენ ზემოთ რუსეთის პრეზიდენტის მოტივი ვახსენეთ - რატომ შეიძლებოდა მას ასე კრიტიკულად ელაპარაკა, რა აძლევს მას ამის მიზეზს თუ საფუძველს? ჩვენი რადიოს პოლიტიკური ანალიტიკოსი ვიქტორ იასმანი ირიბად იზიარებს გერმანელი პროფესორის შეხედულებას, რომ რუსეთს თითქმის ყველგან მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია. იასმანი ამბობს, რომ სპარსეთის ყურეში მოგზაურობის წინ, მიუნხენში გამოსვლისას, პუტინი, ალბათ, სხვა, ეკონომიკურ, მიზნებთან ერთად, იმასაც ფიქრობდა, არაბულ ქვეყნებთან ურთიერობა დაამყაროს და ამით თავისი როლი დაიბრუნოს ახლო აღმოსავლეთში. ისევ ევროპას მივუბრუნდეთ. მცირე სახელმწიფოებისთვის - და არამხოლოდ მათთვის - რუსეთთან მარტოდმარტო ჭიდილი ძნელია. მისცემს თუ არა პუტინის გამოსვლა სტიმულს ევროპის ლიდერებს ერთიანი საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე იზრუნონ? ებერჰარდ ზანდშნაიდერის თვალსაზრისი:

(ზანდშნაიდერის ხმა) "გვარიანი ოპტიმისტი უნდა იყო, დაუშვა, რომ რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლა ევროპელებს საბოლოოდ შეაგნებინებს ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ შეთანხმებისა და ჩამოყალიბების საჭიროებას. ყველასთვის - მათ შორის ჩვენთვისაც - ცნობილია ის პრობლემები, რომლებიც უკავშირდება არა მარტო ევროკავშირის წევრთა განსხვავებულ ინტერესებს, არამედ კოორდინაციას თვით კავშირის შიგნით. ვითარება ნათელია: თუ ევროპას სურს, მსოფლიოში მნიშვნელოვან როლს ასრულებდეს, რა სფეროშიც უნდა იყოს ეს, აუცილებელია საერთო ევროპული პოზიციის შემუშავება. ცალკე აღებულ არც ერთ ქვეყანას არ შესწევს იმის უნარი, რომ ეს ინტერესები დაიცვას. ასე რომ, გვჭირდება ევროპის კავშირი. ევროპაზეა დამოკიდებელი, როგორ შეასრულებს საშინაო დავალებას."

და გერმანიის საგარეო პოლიტიკური საბჭოს წევრი აქვე განმარტავს, თუ რას გულისხმობს “საშინაო დავალებაში”:

(ზანდშნაიდერის ხმა) "ჩვენთვის დიდი გამოცდაა, გავარკვიოთ, როგორ ვიმოქმედოთ მეტისმეტად თვითდაჯერებული, საერთაშორისო სარბიელზე მოქმედი ახალი თუ ძველი მონაწილეების მიმართ, რომლებიც პოლიტიკას საკუთარ შესაძლებლობებზე აგებენ. რუსეთის შემთხვევაში ეს არის ენერგეტიკა, ჩინეთის შემთხვევაში - ეკონომიკური ზრდა."
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG