Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკუთრების ხელშეუხებლობის შესახებ პირველი კანონპროექტი უკვე მზადაა


საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატთა საინიციატივო ჯგუფმა დაასრულა მუშაობა „საკუთრების ხელშეუხებლობის შესახებ“ კანონპროექტზე,

რომელიც დღეიდან საჯარო განხილვებისთვის ღია დოკუმენტად ცხადდება. ეგრეთ წოდებული ბილი საკუთრების შესახებ არის პირველი პროექტი იმ საკანონმდებლო პაკეტში, რომლის მიზანი კერძო საკუთრებისთვის მყარი გარანტიების შექმნაა. პაკეტმა, მთლიანად, სამი კანონპროექტი უნდა მოიცვას– მათ შორის, კანონპროექტები ფინანსური და საგადასახადო დავების მომრიგებელი კერძო არბიტრაჟის დანერგვისა და საყოველთაო ფინანსური ამნისტიის შესახებ. გაგაცნობთ „საკუთრების ხელშეუხებლობის შესახებ”ორგანული კანონის პროექტის ძირითად პარამეტრებს.

კერძო საკუთრების დაცვის საკითხებზე სამუშაოდ საქართველოს პარლამენტში უახლოეს ხანში შეიქმნება ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელშიც, სავარაუდოდ, ის დეპუტატებიც გაერთიანდებიან, რომლებმაც საკუთრების ხელშეუხებლობის შესახებ კანონპროექტი მოამზადეს. კანონპროექტის გადაცემა ამ ეტაპზე სწორედ ინტერფრაქციული ჯგუფისთვის იგეგმება. თუმცა არ არის გამორიცხული, საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით ბოლომდე რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ისარგებლოს – მათ შორის: კოკა გუნცაძემ, გია ცაგარეიშვილმა, გია თორთლაძემ და კახა კუკავამ. „საკუთრების ხელშეუხებლობის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტის ძირითადი პარამეტრები მასმედიას პრეზენტაციაზე სწორედ ამ უკანასკნელმა გააცნო. კახა კუკავას განმარტებით, პროექტის მთავარი პრინციპია, კერძო საკუთრების ჩამორთმევის კომპეტენცია მხოლოდ სასამართლოს განესაზღვროს. ამას გარდა, უნდა აიკრძალოს სახელმწიფოს მიმართ კერძო საკუთრების ჩუქება და, შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 2006 წლის პირველი იანვრიდან ეკონომიკის განვითარების სამინისტროს მიერ დადებული ჩუქების ხელშეკრულებები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, თუ საჩუქრის მიმღებს სახელმწიფო წარმოადგენს:

[კახა კუკავას ხმა]“ უნდა გაუქმდეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს კეთილსინდისიერი შემძენებისათვის დანაშაულის საგნის ჩამორთმევას და საპროცესო გარიგებების დადებას ქონებრივ საფუძველზე. დაბოლოს, რესტიტუციის პრინციპი – 2006 წლის პირველი იანვრის შემდეგ სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ კერძო საკუთრების შელახვის ყველა აქტს ჩვენ ვაცხადებთ გაუქმებულად და ყველა კერძო მესაკუთრეს ჩვენ აღვადგენთ იმ კანონიერ უფლებებში, რომელიც იყო 2006 წლის პირველი იანვრისათვის.“ (სტილი დაცულია)

„კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის შესახებ” ორგანული კანონის პროექტი, შიდასაპარლამენტო განხილვის გარდა, განსჯისათვის წარედგინებათ ასევე არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ექსპერტებსა და თავად მესაკუთრეებს.

[კოკა გუნცაძის ხმა] “ჩვენ შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ მხოლოდ კანონმდებლობაშია პრობლემა. პრობლემა არის, უპირველეს ყოვლისა, პრაქტიკაში. ამიტომ ჩვენ უახლოეს ხანებში - ალბათ, მომდევნო კვირაში - წარვადგენთ ამ კანონპროექტს და მთელ ჩვენს ინიციატივას ფართო აუდიტორიის წინაშე, რომ მოხდეს ინტერესჯგუფის ორგანიზება. საზოგადოების ძალა არის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც საბოლოოდ შეაკავებს ამ ხელისუფლებას და დღეს ექსპროპრიაციის და კერძო საკუთრების წართმევის მის მახინჯ პრაქტიკას.“ (სტილი დაცულია)

ამბობს საპარლამენტო ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ წევრი კოკა გუნცაძე, რომელიც, თავის მხრივ, ნებისმიერი კომპრომისისთვისაა მზად. საკუთრების ხელშეუხებლობის შესახებ ჯერჯერობით ერთადერთი კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ გაიზიარებენ ყველა იმ ალტერნატიული თუ საბაზისო დოკუმენტის საფუძვლებს, რომელიც ქვეყანაში კერძო საკუთრების სრულფასოვან დაცვას უზრუნველყოფს. აქვე ისინი მიმართავენ გენერალურ პროკურატურას, 2007 წლის საშემოდგომო სესიის გახსნამდე გამოიძიოს სახელმწიფოს მიერ დადებული ჩუქების ხელშეკრულებების კანონიერება და გამოძიების შედეგები საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს.
XS
SM
MD
LG