Accessibility links

logo-print

ვის თავზე დაეცემა ”აგურები” მწვანე ზოლში მიმდინარე მშენებლობების გამო?


გასული კვირის დასაწყისში თბილისის მერმა კატეგორიულად აკრძალა ყოველგვარი მშენებლობა მწვანე ზონებსა და პარკებში.

დიღმის ტყე-პარკში ნარგავების ჩასაყრელად მისულმა გიგი უგულავამ მკაცრი სახით განაცხადა, ვინც თუნდაც ერთ აგურს დადებს პარკში, ეს აგური თავში მოხვდებაო. თუმცა ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა პარტიამ თბილისის მწვანე ზოლსა და რეკრეაციულ ზონებში უამრავი აგური, ბლოკი და სიმკარი აღმოაჩინა უკვე დაწყებული მშენებლობიდან. მშენებლობის გაცემის ნებართვა კი სწორედ თბილისის ახალი ხელმძღვანელობის მიერ აღმოჩნდა გაცემული. რესპუბლიკური პარტიის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე ასეთი მშენებლობის ფაქტები დასახელდა.

1998 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს ყოველგვარ მშენებლობას თბილისის ბაღებსა და სკვერებში. იმავე შინაარსის დადგენილება გამოსცა ქალაქის მუნიციპალიტეტმა. ასეთი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე ვაკის იმჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატი და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ხშირად უპირისპირდებოდა ქალაქის მწვანე ზოლში დაწყებულ უკანონო მშენებლობებს. ერთ-ერთი ასეთი მშენებლობა ვაკეში, მონადირეთა კავშირის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის ჩარევით შეჩერდა. ეკა შალუტაშვილი, რომელიც საკუთარი ფანჯრებიდან ყოველდღიურად უყურებს მწვანე ზონაში მიმდინარე 16 სართულიანი სახლის მშენებლობას, გაკვირვებით კითხულობს და პასუხი ვერ მოუძებნია შეკითხვაზე, თუ როგორ მოხდა, რომ ის, რაც მიხეილ სააკაშვილის საკრებულოს თავმჯდომარეობისას უკანონო იყო, კანონიერი აღმოჩნდა მისი პრეზიდენტობის დროს.

[ეკა შალუტაშვილის ხმა] ”ეს არის ძალიან პატარა ტყის პატარა ნაჭერი, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდებით და ეს არის ერთადერთი დასასვენებელი ადგილი 15 საცხოვრებელი მრავალსართულიანი კორპუსისათვის, რომელიც ძალიან იზიდავდა მდიდარ მშენებლებს. და ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი იყო მიხეილ სააკაშვილი, აიკრძალა ეს მშენებლობა ამ კონკრეტულ ტერიტორიზე.” (სტილი დაცულია)

ზემოხსენებული მშენებლობის საკითხი იმ პოლიტიკური კამპანიის პირველი მერცხალი აღმოჩნდა, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკურმა პარტიამ წამოიწყო იმის საილუსტრაციოდ, რომ ბაღებსა და სკვერებში მშენებლობის გაცემის ნებართვა ახლაც გრძელდება უშუალოდ ქალაქის მერის ნებართვით. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა, 14 თებერვალს ჟურნალისტები ბავშვთა ქალაქ ”მზიურში” მიიწვია, სადაც 22 სართულიანი სახლის მშენებლობა სწორედ მერის, გიგი უგულავას, 2006 წლის სექტემბრის სპეციალური ნებართვით მიმდინარეობს.

[თინა ხიდაშელის ხმა] ”აქ საუბარია იმაზე, რომ გაიცა სპეციალური ნებართვა, იმიტომ რომ, მოგეხსენებათ, ბაღებში ესე მარტივად ვერ აშენებენ სახლებს. და მერმა გასცა სპეციალური ნებართვა, სახლის განაშენიანებისათვის ”მზიურის” ამ ტერიტორიაზე. და პლუს, მან შეცვალა სპეციალურად და ერთჯერადად ამ კონკრეტული სახლისთვის კოეფიციენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთხჯერ უფრო მაღალი სახლის აშენების უფლება მისცა, ვიდრე ვაკის ამ რაიონში არის ნებადართული. იმ სიმახინჯეებისა და მონსტრების კვალობაზეც კი, რაც ”მზიურში” უკვე დგას, ესეთი შენობა ჩვენ იქ არა გვაქვს.” (სტილი დაცულია)

თინა ხიდაშელი ვარაუდობს, რომ ”სპეციალური ნებართვის” გაცემა კორუფციული გარიგების შედეგია და ქალაქის მერს ერთი კვირის წინ მის მიერ ნათქვამ სიტყვებს შეახსნებს:

[თინა ხიდაშელის ხმა] ”აი, დიღმის ტყე-პარკში რაც მოვისმინეთ, ეს არის საზოგადოებისათვის თვალში ნაცრის შეყრა. და მე ძალიან მაინტერესებს, იმ აგურის ჩარტყმას ვის უპირებს გიგი უგულავა, რომელმაც თავად გასცა ასეთი ნებართვა.” (სტილი დაცულია)

ბაღებსა და პარკებში მიმდინარე მშენებლობების შესახებ კომენტარი რადიო ”თავისუფლებასთნ” ინტერვიუში ქალაქის ვიცე-მერმა მამუკა ახვლედიანმა გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული მშენებლობა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს, ხოლო ოპოზიციური პარტიის კამპანიას ”ბიზნესის განვითარებისთვის საზიანო” უწოდა.

რესპუბლიკური პარტია აგრძელებს წამოწყებულ კამპანიას და მოსახლეობას პარკებში მიმდინარე მშენებლობების შესახებ ახალი ფაქტების გამომზეურებას ჰპირდება.
XS
SM
MD
LG