Accessibility links

ჩრდილოეთ კორეის განიარაღების თაობაზე წარმოებული მოლაპარაკება შეთანხმებით დასრულდა


ჩრდილოეთ კორეის განიარაღების თაობაზე პეკინში გამართული საერთაშორისო მოლაპარაკება სამშაბათს, 13 თებერვალს, შეთანხმებით დასრულდა.

დახმარების მიღების სანაცვლოდ ფხენიანმა თანხმობა განაცხადა მთავარი ბირთვული რეაქტორის დახურვაზე. იმისათვის, რომ შეთანხმება სისრულეში მოვიდეს, დოკუმენტს ახლა ექვსმხრივი მოლაპარაკების მონაწილეებმა ხელი უნდა მოაწერონ.

ჩრდილოეთ კორეისა და სამხრეთ კორეის გარდა, ექვსმხრივ მოლაპარაკებაში ჩინეთი, იაპონია, რუსეთი და შეერთებული შტატები მონაწილეობდნენ. სამშაბათს, 13 თებერვალს, მოლაპარაკებაზე შეთანხმების მიღწევა ჩინეთის წარმომადგენელმა, ვუ დავეიმ, საზოგადოებას ასე ამცნო:

[ვუ დავეის ხმა] ”იმის გათვალისწინებით, რომ საბოლოო მიზანს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ობიექტების განიარაღება წარმოადგენს, ჩრდილოეთი კორეა დახურავს იონგბიონის ბირთვულ კომპლექსს. ჩრდილოეთი კორეა ქვეყანაში მიიწვევს ინსპექტორებს, რათა აუცილებელი შემოწმება ჩატარდეს.”

ვუ დავეის თქმით, ჩრდილოეთი კორეა დათანხმდა რეაქტორი 60 დღის ვადაში დახუროს იმ პირობით, რომ, სანაცვლოდ, საწვავით დახმარებას მიიღებს:

[ვუ დავეის ხმა] ”ჩრდილოეთ კორეას მიეწოდება დაახლოებით 100,000 ტონა საწვავის ზეთი და ჰუმანიტარული დახმარება, სადაც შევა საწვავის პირველი პარტია, 50,000 ტონა. დახმარების მიწოდების მეთოდს ეკონომიკური და ბირთვული ჯგუფები მოლაპარაკების გზით დაადგენენ.”

ჩინეთის წარმომადგენლის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ფხენიანი სამუდამოდ შეწყვეტს ატომურ პროგრამას, ჩრდილოეთ კორეას კიდევ 1 მილიონი ტონა საწვავის ზეთი ან ეკვივალენტური დახმარება მიეწოდება.

ექვსმხრივ მოლაპარაკებაზე შეერთებული შტატების წარმომადგენელმა, ქრისტოფერ ჰილმა, შეთანხმება დადებითად შეაფასა და მას ”ძალზე სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი” უწოდა. თუმცა შეერთებული შტატების წარმომადგენელმა დასძინა, რომ შეთანხმება პროცესის მხოლოდ დასაწყისია და მხარეებს ”კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი”. მისი თქმით, ჩრდილოეთმა კორეამ უნდა უპასუხოს ბრალდებას იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში ურანის საიდუმლო პროგრამა ხორციელდება.

კიდევ ერთი ასპექტი, რომელსაც პეკინში მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს, ის არის, რომ ვაშინგტონი ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიიდან ჩრდილოეთ კორეის ამოღების პროცესს დაიწყებს და ქვეყანასთან დიპლომატიური კავშირის დამყარებისკენ გადადგამს ნაბიჯებს.

ვაშინგტონიდან გავრცელებულ განცხადებაში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა პეკინში მიღწეულ შეთანხმებას ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის ირგვლივ დიპლომატიური პროცესის განვითარებისთვის ”საუკეთესო შესაძლებლობა” უწოდა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში კი სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა შეთანხმება მნიშვნელოვან ნაბიჯად მოიხსენია, თუმცა, მისი თქმით, ეს ჯერ კიდევ არ არის ”ამბის დასასრული”:

[რაისის ხმა] ”პეკინში მიღწეული ექვსმხრივი შეთანმება მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, რომელიც ბირთვული იარაღისგან თავისუფალი კორეის ნახევარკუნძულისა და უფრო სტაბილური და უსაფრთხო ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის მისაღწევად გადაიდგა. ამის მიღწევა მომთმენი, შემოქმედებითი და მკაცრი დიპლომატიით მოხერხდა. ეს მრავალმხრივი შეთანხმებაა. მისი შედეგებითა და მის წინაშე ანგარიშვალდებულებით რეგიონში წარმოდგენილი ყველა მნიშვნელოვანი ძალა არის დაინტერესებული.”

შეთანხმების მიღწევას თავშეკავებული გამოხმაურებაც მოჰყვა. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ განაცხადა, რომ ამაზე მეტი უნდა გაკეთდეს - მისი თქმით, იაპონია ჩრდილოეთ კორეისთვის დახმარებას არ გამოყოფს მანამ, სანამ ნათელი არ მოეფინება 70-იან და 80-იან წლებში ჩრდილოეთ კორეის მხრიდან იაპონიის მოქალაქეთა გატაცების საკითხს.

გაეროში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა ჯონ ბოლტონმა კი შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეთანხბემის უარყოფისკენ მოუწოდა. ტელეკომპანია CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბოლტონმა განაცხადა, რომ ქვეყნებს, რომლებიც ატომური იარაღის შექმნას აპირებენ, ეს შეთანხმება არასასურველ სიგნალს აძლევს - რომ ”თუ პოზიციას დიდი ხნის მანძილზე შევინარჩუნებთ და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს მოლაპარაკებით დავღლით, ბოლოს დაგვაჯილდოებენ.”

ჩრდილოეთმა კორეამ მსგავს შეთანხმებას ხელი 90-იან წლებშიც მოაწერა, თუმცა შეთანხმება მალე დაირღვა, ვინაიდან გაირკვა, რომ ფხენიანი აგრძელებდა ატომურ პროგრამას.

მოლაპარაკების მონაწილეთა შემდეგი შეხვედრა 19 მარტს უნდა გაიმართოს.
XS
SM
MD
LG