Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთში პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა


თურქმენეთს ახალი პრეზიდენტი უკვე ოფიციალურად ჰყავს. როგორც მოსალოდნელი იყო, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი გურბანგული ბერდიმუხამედოვი

თურქმენეთის პოსტსაბჭოთა ისტორიაში ქვეყნის მეორე პრეზიდენტი გახდა. კვირას გამართულ არჩევნებში, ოფიციალური მონაცემებით, ბერდიმუხამედოვმა ხმების თითქმის 90 პროცენტი მოიპოვა და ხუთი მეტოქე დაამარცხა. ბერდიმუხამედოვი ინაუგურაციას, სხვა სახელმწიფოთა მეთაურებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო.

საპრეზიდენტო არჩევნებში ბერდიმუხამედოვის გამარჯვება საზოგადოებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მურატ კარიევმა, სახელმწიფო ტელევიზიის მეშვეობით, ოთხშაბათს დილით აუწყა:

[კარიევის ხმა] ”თურქმენეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა ხმათა 89.23 პროცენტი მიიღო.”

თუმცა არჩევნების შედეგი, ალბათ, არავის გაჰკვირვებია - ბერდიმუხამედოვის გამარჯვება მოსალოდნელი იყო.

შედეგის გამოცხადებიდან ძალიან მალე ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში - სახალხო საბჭოში - პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია დაიწყო. საბჭოს დაახლოებით 2,500 წევრთან ერთად, ცერემონიას თვალს სხვადასხვა სახელმწიფოსა თუ მთავრობის ლიდერები ადევნებდნენ - საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გარდა, მათ შორის იყვნენ რუსეთის, ავღანეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, თურქეთისა და უკრაინის ლიდერები. არჩეულმა პრეზიდენტმა - გურბანგული ბერდიმუხამედოვმა - საზეიმო ფიცი დადო და არჩევნები, რომელიც, ბევრის აზრით, არც სამართლიანი იყო და, მით უფრო, არც დემოკრატიული, ასე დაახასიათა:

[ბერდიმუხამედოვის ხმა] ”თურქმენმა ხალხმა და მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის კონკურენცია ღიად და აშკარად წარიმართა.”

გურბანგული ბერდიმუხამედოვი მოღვაწეობას ყოფილი პრეზიდენტის - აწ გარდაცვლილი საფარმურატ ნიაზოვის - ჩრდილქვეშ იწყებს. ნიაზოვს, მოგეხსენებათ, ”თურქმენბაშის” - ყველა თურქმენის მეთაურს - უწოდებდნენ.

ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, ესწრაფვის თუ არა ბერდიმუხამედოვი ნიაზოვის დროს ქვეყანაში გამეფებული შიშის სინდრომის შენარჩუნებას. თუმცა, როგორც ჩანს, მის გაპრეზიდენტებას თურქმენეთის ამომრჩეველი იმედიანად ხვდება.

თურქმენეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელმა, ნურმუხამეტ ხანამოვმა, რომელიც ემიგრაციაში ცხოვრობს, რადიო “თავისუფლების” თურქმენულ სამსახურთან საუბრისას ასეთი აზრი გამოთქვა:

[ხანამოვის ხმა] ”ბერდიმუხამედოვი საფარმურატ ნიაზოვთან დაახლოებით ათი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა. მართალია, რომ საქმე კარგად მაშინ არც ნიაზოვის გარშემო მყოფ ოფიციალურ პირებს ჰქონდათ - მათ არ შეეძლოთ სტაბილურ პირობებში ცხოვრება და მუშაობა. მაგრამ თუ იგი თვლის, რომ ნიაზოვის კურსის გაგრძელება შეუძლია - და თუ ამას მართლა გააკეთებს - ჩვენ ეს შეგვაშფოთებს.”

ბერდიმუხამედოვმა უკვე განაცხადა, რომ ნიაზოვის კურსს მნიშვნელოვნად არ შეცვლის. ქვეყნებს, რომლებსაც ენერგეტიკით მდიდარ თურქმენეთთან მიმართებით ბიზნესინტერესები აქვთ, ბერდიმუხამედოვი დაჰპირდა, რომ ძველი შეთანხებები და კონტრაქტები ძალაში დარჩება.

ამასთან, ბერდიმუხამედოვი თურქმენეთში განათლების და ჯანდაცვის სისტემების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისა და პენსიების გაზრდის დაპირებებით გამოვიდა. ახალი პრეზიდენტი ამ, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი, ქვეყნის მოსახლეობას აქამდე წარმოუდგენელ სიახლესაც სთავაზობს - მისი თქმით, ქვეყანაში გაადვილდება ინტერნეტით სარგებლობის პროცესი.

ანალიტიკოსების აზრით, ბერდიმუხამედოვს სწრაფი ან ღრმა რეფორმების გატარება გაუჭირდება. თუმცა ისინი ვარაუდობენ, რომ ახალი პრეზიდენტი პოპულარობას ადვილად მოიპოვებს - ამისათვის მას მხოლოდ იმ გარკვეული შეღავათების აღდგენა დასჭირდება, რომლებიც ნიაზოვის პერიოდში გაუქმდა.

ზემოთქმულს დავამატებ კიდევ ერთ ცნობას: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანახმად, თურქმენეთი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მევალეს წარმოადგენს - რუსეთსა, გერმანიასა, თურქეთსა, იაპონიასა და აშშ-თან ერთად. თურქმენეთის მიმართ საქართველოს დავალიანება 41 მილიონ 83 ათას დოლარს შეადგენს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG