Accessibility links

logo-print

მადრიდში დაიწყო 2004 წლის 11 მარტის ტერაქტების მოწყობაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი


მადრიდში დაიწყო სასამართლო პროცესი, რომელსაც თითქმის სამი წელი ელოდა მთელი ესპანეთი. პროცესზე 2004 წლის 11 მარტის ტერაქტების საქმეს განიხილავენ.

ალბათ გახსოვთ: იმ მსხვილმასშტაბიანმა ტერორისტულმა ოპერაციამ, რომლის მსვლელობაში ესპანეთის დედაქალაქის რამდენიმე საგარეუბნო მატარებელში მძლავრი აფეთქებები მოხდა, 200-მდე ადამიანი იმსხვერპლა. საბრალდებო სკამზე 29 პირი ზის - როგორც ესპანეთის მოქალაქეები, ისე რამდენიმე არაბული ქვეყნის მკვიდრნი. მათგან ზოგს ბრალი ედება აფეთქებების მოწყობაში, ხოლო ზოგს - ტერორისტთა ხელშეწყობაში.

სასამართლო პროცესი, რომელიც მადრიდში გაიხსნა, რამდენიმე თვეს გასტანს. საბრალდებო დასკვნა არც მეტი, არც ნაკლები 100 ათასი გვერდისგან შედგება; პროცესზე მოწმის სახით 600-ზე მეტი პირია გამოძახებული; სასამართლოს საკუთარ დასკვნებს გააცნობს 107 ექსპერტი. ივლისამდე, გეგმის თანახმად, კვირაში სამი სხდომა უნდა მოეწყოს, ხოლო განაჩენის გამოტანას მოსამართლეები ოქტომბრისთვის ვარაუდობენ.

ახლავე აშკარაა, რომ პროცესი რთული იქნება არა მარტო სამართლებრივი თვალსაზრისით, არამედ ემოციურადაც. სასამართლო დარბაზში 50 ადგილი გამოყოფილია დაზარალებულებისა და დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის; კიდევ 150-მდე პირი პროცესს თვალს მიადევნებს საგანგებოდ გამოყოფილ ოთახში, სადაც დიდი ტელეეკრანია გამართული.

სხდომის დაწყებას მიესალმება "11 მარტის მსხვერპლთა ასოციაციის" თავმჯდომარე პილარ მანხონი. აი, რა უთხრა მან რეიტერის სააგენტოს კორესპონდენტს:

[პილარ მანხონის ხმა] "იურისტთა დაუღალავი შრომის გრძელ გზაზე ეს სინათლის პირველი სხივია, რომელიც დღეს გამოჩნდა. აქამდე რომ მოვაღწიეთ, ჩვენთვის მნიშვნელოვან გამარჯვებას ნიშნავს: დღეს 11 მარტის საქმის პირველი სასამართლო მოსმენაა."

პროცესზე მივიდა მაჰმადიანი ქალი, სახელად იამილა, რომელმაც მადრიდის ტერაქტებში ქალიშვილი დაკარგა.

[იამილას ხმა] "ჩემთვის შინაგანად ძალიან ძნელია იმ მკვლელების პირისპირ დგომა, ვინც ჩემი ქალიშვილი სიცოცხლეს გამოასალმა."

იქვეა ხესუს რამირეს კასტანედოც. 11 მარტს, როცა აფეთქება მოხდა, იგი ერთ-ერთ მატარებელში იჯდა. ფეხების მრავალგზის მოტეხილობა, კანის დამწვრობა, ყურის აპკის დაზიანება - ეს იმ ტრავმების არასრული ჩამონათვალია, კასტანედომ აფეთქების შედეგად რომ მიიღო. რეიტერის კორესპონდენტთან საუბარში კასტანედო გაოცებას ვერ მალავს ბოროტმოქმედთა აზროვნების წესის გამო.

[ხესუს რამირეს კასტანედოს ხმა] "კითხვა, რომელსაც ჩვენ, დაზარალებულები, გამუდმებით ვუსვამთ საკუთარ თავს, ასე ჟღერს: რა უნდა ხდებოდეს იმ ადამიანის ტვინში, ვინც დილაადრიან მატარებელში ადის და იქ დანაღმულ ზურგჩანთას ტოვებს, და წარმოდგენაც არა აქვს იმ სულიერთა ცხოვრებაზე, რომელთა მოსპობა განიზრახა?"

როგორც ზემოთაც ითქვა, სასამართლო პროცესი რამდენიმე თვეს გასტანს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ 2004 წლის 11 მარტის ტერაქტების მოწყობაში ეჭვმიტანილი შვიდი პირი იმავე წლის აპრილში დაიღუპა მადრიდის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქებისას, როცა პოლიციამ მათს კვალს მიაგნო და დანებება შესთავაზა.
XS
SM
MD
LG