Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“წითელი არმიის ფრაქციის” ყოფილ წევრს საპატიმროდან ვადაზე ადრე გაუშვებენ


24-წლიანი პატიმრობის შემდეგ

ციხიდან პირობით უშვებენ “წითელი არმიის ფრაქციის” ტერორისტული გაერთიანების ყოფილ აქტიურ წევრს, ახლა უკვე 57 წლის ბრიგიტე მონჰაუპტს. სამუდამო პატიმრობამისჯილ ქალბატონს შეუძლია ბავარიაში - აიხახში - მდებარე საპატიმრო 27 მარტს დატოვოს. გადაწყვეტილება შტუტგარტის უზენაესმა სამხარეო სასამართლომ მიიღო.

მონჰაუპტს მისჯილი ჰქონდა ხუთგზის სამუდამო პატიმრობა. 1977 წლიდან დაპატიმრებადმე, 1982 წლამდე, ის გერმანიაში მოქმედი ტერორისტული გაერთიანების , “წითელი არმიის ფრაქციის”, ერთ-ერთი წამყვანი წევრი იყო. მაშინ სასამართლომ განსაზღვრა, რომ მონჰაუპტი, სულ მცირე, 24 წელიწადი უნდა მჯდარიყო. გავიდა 24 წელი. სასამართლომ განიხილა მისი გაშვების საკითხი და მონჰაუპტი, ტერორისტი და მკვლელი, განთავისუფლდება. თუ - ყოფილი ტერორისტი და მკვლელი? ყოფილი ტერორისტი - შეიძლება, მაგრამ ყოფილი მკვლელი? ეს და არა მარტო ეს შეკითხვები ხშირად ისმის ამ დღეებში გერმანიაში, სადაც “წითელი არმიის ფრაქცია” ახსოვთ და არ ავიწყდებათ. ამ გაერთიანებამ 1998-ში გამოაქვეყნა წერილი იმის თაობაზე, რომ არსებობას წყვეტს, რადგან ფუნქცია დაკარგა და მხარდაჭერა აღარა აქვს.

მეორე ყოფილი ტერორისტი, რომლის ასევე განთავისუფლებაზეა კამათი, მონჰაუპტის თანამოსაქმე კრისტიან კლარია. მასაც ასევე ხუთგზის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, მაგრამ მისი გამოშვება მხოლოდ გერმანიის პრეზიდენტის შეწყალებაზეა დამოკიდებული. კლარს, როცა განაჩენი გმოუცხადეს, 24 წლის წინ, მინიმალური ვადა 26 წელი დაუდგინეს. კურტ ბროიკერს მთავარი მოსამართლის სავარძელი ეკავა, როცა, 1982 წელს, მონჰაუპტისა და მისი თანამოსაქმეების საქმე გაარჩიეს. ბროიკერი ასე იხსენებს მაშინდელ მონჰაუპტს:

(ბროიკერის ხმა) “ქალბატონი მონჰაუპტი ფანატიკოსი იყო, იყო სასტიკი, სრულიად მოუდრეკელი და ბოლომდე, სანამ მე ამ სამსახურში ვიყავი, მკაცრი ხაზის მომხრე. “წითელი არმიის ფრაქციის” შეიარაღებული ბრძოლის გაბოროტებული და ფანატიკოსი წარმომადგენელი იყო.”

გერმანიის უფრო ფართო საზოგადოებაში დანაშაულსა და სასჯელზე ბევრს ლაპარაკობენ. “წითელი არმიის ფრაქციის” არსსა და დანაშულს არაერთი წიგნი, ფილმი და გამოკვლევა მიეძღვნა. თავისას ამბობენ ყოფილი თუ გარდაცვლილი ტერორისტების შვილები, ასევე მათი შვილები, ვინც მსხვერპლია ტერაქტებისა. ერთი მათგანია გერმანიის მოკლული გენერალური პროკურორის შვილი მიხაელ ბუბაკი, რომელსაც მიაჩნია, რომ დამნაშავეთა გასათავისუფლებლად გადამწყვეტი უნდა იყოს, ინანიებენ თუ არა ისინი ნამოქმედარს. ბუბაკი ამბობს, რომ ამგვარი დამნაშავეების განთავისუფლების საკითხში არ უნდა ჩაერიონ მსხვერპლის ოჯახის წევრები: რაც გაგვიკეთეს, პირადად ჩვენ კი არ გაგვიკეთეს, მათ ადამიანები თანამდებობების გამო დახოცესო. ეს იყო ბრძოლა რომელიღაც განსაზღვრული ჯგუფის წინააღმდეგ და, ამდენად, ეს არაპირადული ამბავიაო. მიხაელ ბუბაკი ისევ მონანიებაზე ლაპარაკობს და ამბობს, როცა ვინმე ასეთ დანაშაულს სჩადის, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რამდენად ინანა მან შემდგომში თავისი დანაშაული, რამდენად მოხდა მასში შემობრუნებაო. ბუბაკისთვის ასევე მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რა მოხდა სინამდვილეში - მან დღემდე არ იცის, ვინ ესროლა მამამისს. ცოტა უკვირს კიდეც, რომ შეწყალებაზე ლაპარაკობენ - ჯერ ხომ უნდა გავიგოთ, რა მოხდა სინამდვილეშიო.

გერმანიის იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა კლაუს კინკელმა განაცხადა, რომ ამგვარი აქტი - შეწყალება და სხვა მისთანა - გერმანიის სამართლებრივი სისტემის ნაწილია.მისი აზრით, დამნაშავის მხრივ მონანიება და მსხვერპლის წინაშე ბოდიშის მოხდა, ცხადია, სასურველი იქნებოდა, მაგრამ ეს მორალური კატეგორიაა და სასამართლოს გადაწყვეტილებაში აუცილებელ როლს არ თამაშობს. კინკელი, როგორც თავად განაცხადა, მოსამართლეებს ენდობა.

ზემოთ ითქვა, რომ საზოგადოებაში სხვადასხვა მოსაზრება არსებობს ყოფილი ტერორისტების განთავისუფლების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით თავისი დამოკიდებულება გამოხატა “წითელი არმიის ფრაქციის” ყოფილმა წევრმა პეტერ იურგენ ბოოკმა. ის ფიქრობს, რომ პატიმრის ძალიან დიდი ხნით ციხეში ყოფნა მის ხელახალ სოციალიზაციას ხელს უშლის. თვითონ ბოოკი მკვლელობისა და ადამიანის გატაცებაში აქტიური მონაწილეობისთვის გაასამართლეს და ცხრა წლის შემდეგ გაუშვეს - მას მერე, რაც სამართალდამცავებთან თანამშრომლობა ისურვა. ყოფილი ტერორისტი აცხადებს, ჩვენ არ ვიცით, რას ფიქრობს, რა შინაგანი ცვლილება განიცადა კაცმა, რომელიც მკვლელობისთვის იხდის სასჯელსო. ბოოკისთვის არ არის მთავარი, ნანობს თუ არა სიტყვიერად დამნაშავე. საზოგადოება, მისი თქმით, არ უნდა აზროვნებდეს პრინციპით: თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ - მან ადამიანს შანსი უნდა მისცეს.

(ბოოკის ხმა) “ეს არ ნიშნავს, რომ კაცი საზოგადოების წინაშე მუხლებზე უნდა დაემხოს, სანამ ისარგებლებდეს დემოკრატიის უპირატესობებით, კერძოდ, იმით, რომ დანაშაული ოდესმე შეიძლება მონანიებულ იქნეს."

თუმცა ამის თაობაზე გერმანიის საზოგადოებაში საპირისპირო აზრიც ისმის, კერძოდ, რომ ტერორისტ დამნაშავეებს - მათ, ვინც სახელმწიფოს ებრძოდა - არ უნდა ჰქონდეთ პრეტენზია ამ სახელმწიფოში დემოკრატიითა და სამართლებრიობით ისარგებლონ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG