Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოში ინტეგრაცია თუ ნეიტრალიტეტი?


“24 საათი” აფხაზეთში, დრანდის ციხეში, პატიმრობაში მყოფი 25 წლის ლევან მამასახლისის გათავისუფლების შესახებ წერს.

გაზეთი აღნიშნავს, რომ “აფხაზების მიერ გაურკვეველი მიზეზით დაპატიმრებული ლევან მამასახლისის პრობლემა წლების წინ მას შემდეგ გახდა აქტუალური, როცა მისმა ადვოკატმა პავლე ბერიამ 21 წლის მსჯავრდებულის საქმე სტრასბურგში გაგზავნა და უკანონო პატიმრის უფლებების დაცვა ევროსასამართლოს სთხოვა”. მამასახლისი აფხაზეთში 2001 წლის ზაფხულში დააკავეს, როცა მას დედის ბინაში კუსტარული წესით დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა. მაშინ მან მარჯვენა ხელის მტევანი და მარცხენა ხელზე ორი თითი დაკარგა. სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ მაშინ მამასახლისს აღიარებითი ჩვენება დააწერინეს და ტერორიზმის ბრალდებით დააპატიმრეს. მის ადვოკატ პავლე ბერიას “24 საათისთვის” განუცხადებია: “უპირველესი მიზანი – ანუ მამასახლისის გათავისუფლება - მიღწეულია. ევროსასამართლოში კი ბრძოლას გავაგრძელებთ იმისათვის., რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ადამიანების მიმართ ევროკონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის ფაქტზე პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისროს.”

დღეს რამდენიმე გაზეთი გამოეხმაურა უმრავლესობის დღემდე უცნობი წევრი დეპუტატის, გოგი წულაიას, ფრაქციიდან გარიცხვის თემას და, კერძოდ, დეპუტატის მიერ გუშინ ჩატარებულ პრესკონფერენციას. “ალია” წერს, რომ “ნაციონალებიდან გარიცხულმა წულაიამ ნადირაძის საიდუმლო გასცა”, “ახალი თაობა” კი არ მალავს, რომ “ამ სამი წლის მანძილზე პარლამენტში გამართული პრესკონფერენციებიდან წულაიას პრესკონფერენცია ყველაზე მხიარული იყო.” “ახალ თაობაში” წაიკითხავთ არაერთ ინტერვიუს, მათ შორის, იმის შესახებ, რომ “მარტში აფხაზეთში სიტუაცია გამწვავდება”, “რომ საქართველოში ვიღაცებს სამოქალაქო ომი აწყობთ”.

“რეზონანსის” პირველ გვერდზე იხილავთ სათაურს “15-19 წლის ასაკში აბორტების რაოდენობა 37 პროცენტით გაიზარდა”, თუმცა პუბლიკაციის გაცნობისას წინააღმდეგობრივ ინფორმაციას გაეცნობით, რომლის თანახმადაც, აბორტების რაოდენობა კი არ გაიზარდა, არამედ შემცირდა, რიცხვის ზრდა კი აღრიცხვიანობის გაუმჯობესების ბრალია. “რეზონანსს” გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა თამრიკო ხომასურიძემ განუცხადა, რომ აბორტების რაოდენობის კლებას ფონდის მიერ ჩატარებული კვლევებიც ადასტურებს. კლების მიზეზად კი გაზეთთან საუბარში ფონდის წარმომადგენელი კონტრაცეპტივების უფრო ხშირად გამოყენებას ასახელებს.

“საქართველოს რესპუბლიკა” საქართველოს ნატოში ინტეგრაციის, ქვეყნის ნეიტრალიტეტისა და ზოგადად დღევანდელ საერთაშორისო პოლიტიკური ვითარების კონტექსტში საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე წერს. გაზეთთან ინტერვიუში პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოუგვარებლობა საქართველოს ხელისუფლების სისუსტეა, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევიდეს ნატოში და რომ ნეიტრალიტეტზე ლაპარაკი აბსურდია. “საქართველოს რესპუბლიკაშივე” ქვეყნდება პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის წერილი. ავტორს მიაჩნია, რომ “ცივი ომის მეორე რაუნდის დაწყების მსგავს ვითარებაში თავშეკავება [საქართველოს მხრიდან] უკეთესი დიპლომატია იქნება.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG