Accessibility links

გეტოდან - კეთილდღეობამდე. საქართველოს მთავრობამ ევროსაბჭოს კომისარს ლტოლვილთა ახალი სტრატეგია გააცნო


საქართველოში ვიზიტს განაგრძობს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი თომას ჰამარბერგი, რომელიც სპეციალურ მოხსენებაში ასახავს საქართველოში შექმნილ ვითარებას.

შთაბეჭდილება კი, განსაკუთრებით აფხაზეთიდან ლტოლვილების მასობრივ ჩასახლებათა მონახულების შემდეგ, საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა და ეს ჩასახლებები გეტოს შედარდა. თუმცა საქართველოს მთავრობამ ევროსაბჭოს დელეგაციას აღუთქვა, რომ ლტოლვილებისთვის ღირსეული ცხოვრების პირობებს შექმნის.

საქართველოს ხელისუფლების წევრებთან შეხვედრამდე ევროსაბჭოს კომისარი თომას ჰამარბერგი სოხუმში თვითაღიარებული აფხაზეთის ლიდერებს შეხვდა და 6 წლიანი ტყვეობიდან გაათავისუფლა 24 წლის ლევან მამასახლისი, რომელსაც, აფხაზეთის სპეცსამსახურის ბრალდებით, ტერორიზმის გამო 14 წლის თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ზუგდიდში მყოფმა თომას ჰამარბერგმა აფხაზეთიდან ლტოლვილების მასობრივი დასახლებები მოინახულა და მათი უმძიმესი საყოფაცხოვრებო პირობებით შოკირებული დარჩა. ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია ლტოლვილებს ღირსეული ცხოვრების პირობები შეუქმნას მათი დროებითი ჩასახლების ადგილებში.

[თომას ჰამარბერგის ხმა] ”რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს ლტოლვილები დაბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში, მაგრამ სანამ ისინი დევნილობაში იმყოფებიან, მათი ცხოვრება და მათი ბინადრობა უნდა იყოს ღირსეულ პირობებში და არ იყვნენ ასე გაჭირვებულები ფინანსურად და მატერიალურად. ასე არ უნდა უჭირდეთ.”

საქართველოს ხელისუფლებამ ევროსაბჭოს დელეგაციას გააცნო სახელმწიფო პროგრამა, რომლის სტრატეგია ორი ნაწილისაგან შედგება. პროგრამა მაქსიმუმი ითვალისწინებს ლტოლვილების დაბრუნებას მათ საცხოვრებელ ადგილებში. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს აღნუსხული აქვს ყოველი სახლი აფხაზეთის ტერიტორიაზე, შემუშავებული აქვს დეტალური ხარჯთაღრიცხვა და იცის რა დაჯდება თითოეული ლტოლვილის დაბრუნება. სტრატეგიის მეორე ასპექტი, დევნილების დროებით საცხოვრებელ ადგილებში ნორმალური პირობების შექმნას გულისხმობს. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა გიორგი ხევიაშვილმა ევროსაბჭოს უმაღლეს კომისართან შეხვედრის შემდეგ განაცხადა: ვიმედოვნებ, რომ თომას ჰამარბერგი პირადად დაეხმარება საქართველოს ამ პროგრამის დაფინანსებაშიო.

[გიორგი ხევიაშვილის ხმა] ”დონორთა კონფერენციაზე ჩვენთან იქნება [ჰამარბერგი] და დაგვეხმარება, რათა თანხები სწრაფად მოვიძიოთ ამ სტრატეგიის განხორციელებისათვის. თქვენ მოგეხსენებათ, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მისი მუშაობა - ის, რომ აფხაზეთში შეწყდეს დევნა ქართველების ქართველობის გამო და მოვახერხოთ იქ ადამიანების უფლებების დაცვა.” (სტილი დაცულია)

თუმცა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის თვალთახედვის არეში, ლტოლვილების საყოფაცხოვრებო პირობების გარდა, პენიტენციალურ სისტემაში შექმნილი ვითარება და უმცირესობათა უფლებების დაცვაც აღმოჩნდა. თომას ჰამარბერგმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ კმაყოფილია იმ სამუშაო გეგმებით, რაც მან საქართველოს ხელისუფლებისგან მოისმინა:

[თომას ჰამარბერგის ხმა] ”ბევრი რამ გასაკეთებელია - მათ შორის, გასაუმჯობესებელია სიტუაცია ციხეებში. აქაც მივიღე დაპირება, რომ ვითარება გაუმჯობესდება და ახალი ციხე აშენდება. დანარჩენს კი ჩემს წერილობითი სახის ანგარიშში გაეცნობით.”

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი და მისი თანმხლები დელეგაციის წევრები საღამოს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. ხვალ კი დელეგაცია ცხინვალში ჩასვლას და თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან შეხვედრას გეგმავს.
XS
SM
MD
LG