Accessibility links

სამედიცინო დაზღვევას მიმდინარე წელს 700 000 ღარიბი მოქალაქე მიიღებს


სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო დაზღვევის პოლისს წელს 700 000 მოქალაქე მიიღებს.


ჯანდაცვის პოლისების გაცემა, წინასწარი მონაცემებით, ორი კვირის შემდეგ დაიწყება. პროგრამის თანახმად, სამედიცინო დაზღვევას მოქალაქეებისთვის თავად სახელმწიფო შეიძენს. თითო სადაზღვევო პოლისის საშუალო ღირებულება 6 ლარი იქნება.

სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის ლევან ფერაძის თქმით, გასული წლისგან განსხვავებით, ღარიბი მოქალაქეების დახმარების პროგრამის ჯანდაცვის კომპონენტი წელს განსაკუთრებული ცვლილებებით არ ხასიათდება. მისი თქმით, პოლისები ძალაში 1 მარტიდან შევა. პოლისებით კი ის მოქალაქეები ისარგებლებენ, რომლებიც ღარიბი მოსახლეობის მონაცემთა ბაზაში 70 000–ზე ნაკლები ქულით მოხვდნენ. ეგრეთ წოდებული გამსვლელი ქულის დაწევის საკითხს ჩვენ კვლავ დავუბრუნდებით, მანამდე კი ლევან ფერაძე განგვიმარტავს, სამედიცინო მომსახურების რა სპექტრს მოიცავს ღარიბი მოსახლეობის დახმარების პროგრამა:

[ლევან ფერაძის ხმა] “პრაქტიკულად აქ არის მთელი მედიცინა. ეს არ არის მარტო ურგენტული. ეს არის ნებისმიერი პათოლოგია, რომელიც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. შარშან, მაგალითად, ამ პოლისით ხალხმა გაიკეთა ენდოპროტეზია, რომელიც 5–7 ათასი ლარი ღირს, აუტო–კორონარული შუნტირება და ასე შემდეგ. ძალიან დიდი სპექტრია. პრაქტიკულად ეს არის, კარგი სადაზღვევო კომპანია რომ გთავაზობს ოქროს ბარათს, ასეთი დონის პოლისია. პრაქტიკულად ამ ხალხს საკუთარ მკურნალობაზე კაპიკი არ დაეხარჯება.“ (სტილი დაცულია)

თუმცა, როგორც ირკვევა, ჯანდაცვის პოლისით სარგებლობის უფლების მქონე ბენეფიციართა რაოდენობა, შარშანდელთან შედარებით, წელს შემცირდება. მოუსმინეთ, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის მოადგილეს ლევან ჯუღელს:

[ლევან ჯუღელის ხმა] “ეხლა, 70 000 ქულაზე ნაკლები ვინც არის, ისინი მიიღებენ ჯანდაცვის დამატებით პაკეტს. შარშან იყო დაახლოებით, ზუსტი ციფრი არ მახსოვს, 900 000 კაცი. წელს 670 000–ით დავიწყეთ და სადღაც 700 000–მდე გაიზრდება.“ (სტილი დაცულია)

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეების დახმარების ბაზა მუდმივად განახლებადია. სწორედ ამას ითვალისწინებს ჯანდაცვის სამინისტრო, როცა წლის განმავლობაში უფასო სამედიცინო დახმარების პოტენციურ მიმღებთა რაოდენობის ზრდას ვარაუდობს და გეგმავს. ამ დროისათვის არსებული მონაცემები ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს უკვე გადაუგზავნა. მოუსმინეთ ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილეს ვახტანგ სურგულაძეს:

[ვახტანგ სურგულაძის ხმა] “ჯერჯერობით არის 609 000 ბენეფიციარი, რომელიც მე მყავს დალუქული, დისკზე გადმოტანილი და ასე შემდეგ. 609 000–ზეა საუბარი. თანხა არის გამოყოფილი 43 მილიონი. აქედან - თბილისის და იმერეთის უმწეოებს. გაიყიდება ეს პაკეტი და ამას, უხეშად რომ ვთქვათ, მოუვლიან კერძო სადაზღვევო კომპანიები. დანარჩენი რიცხვები და ეს პროგრამა ჯერჯერობით ბოლომდე არ არის გაწერილი და ამას ამზადებს ჯანდაცვის სამინისტრო.“ (სტილი დაცულია)

ჯანდაცვის სამინისტრო სამუშაო პროცესშია და, შესაბამისად, უცნობია, ეგრეთ წოდებულ პილოტურ რეგიონებში - იმერეთსა და დედაქალაქში - სადაზღვევო კომპანიების შერჩევის რა პრინციპს მიენიჭება უპირატესობა. თუმცა, როგორც მინისტრმა უკვე განაცხადა, მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ თავად აირჩიონ სასურველი სადაზღვევო კომპანია.
XS
SM
MD
LG