Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში „მართლმადიდებლური ენციკლოპედიის“ მე-13 ტომი გამოვიდა


მოსკოვში სულ ახლახან დღის სინათლე იხილა „მართლმადიდებლური ენციკლოპედიის“ მორიგმა, მე-13, ტომმა,

რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ დაწერილ სტატიებს ეთმობა. გამოცემის პრეზენტაცია 2007 წლის 2 მარტისთვისაა დანიშნული და, როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტოები ირწმუნებიან, მასზე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორეცაა მიწვეული. როგორ აფასებენ ქართველი ისტორიკოსები „მართლმადიდებლურ ენციკლოპედიაში“ შეტანილი სტატიების შინაარსს და მიიღო თუ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ალექსი II-ის მიპატიჟება?

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ალექსი მეორის მიპატიჟებას ერთი დღის დაგვიანებით, 14 თებერვალს, გამოეხმაურა:

[ილია მეორის ხმა] „საერთოდ, ეს მიღებულია, ტრადიციაა ასეთი: რომელი ეკლესიის ისტორიაც იწერება, იმ ქვეყნის პატრიარქს იწვევენ. ვნახოთ, ჩვენ ვემზადებით.“

ჩვენ ვემზადებითო, ბრძანა ილია მეორემ, რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ კი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს კათალიკოს- პატრიარქი მოსკოვს აუცილებლად ეწვევა და რომ საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიების საჭეთმპყრობელები 4 მარტს კრემლში მდებარე მიძინების ტაძარში ერთობლივ ლიტურგიასაც კი აღავლენენ. თუმცა საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა მოვლენებს გაუსწრეს:

[ზურაბ ცხოვრებაძის ხმა] „ამგვარი მოწვევა, მართლაც, მიღებულია, მაგრამ გადაწყვეტილება წასვლასთან დაკავშირებით პატრიარქს არ მიუღია. ასე რომ, ჩვენ არ ვიცით, დაესწრება თუ არა იგი ამ ღონისძიებას.“

ღონისძება, ანუ „მართლმადიდებლური ენციკლოპედიის“ მე-13 ტომის პრეზენტაცია, მოსკოვში 2007 წლის მარტში გაიმართება. ენციკლოპედიის პირველმა ტომმა დღის სინათლე ხუთი წლის წინ იხილა, თუმცა საქართველოში ყველაზე დიდი ვნებათაღელვა ენციკლოპედიის მესამე ტომში შეტანილმა მასალამ გამოიწვია. საქმე საქართველოში რუსული მართლმადიდებლური ენციკლოპედიის საეკლესიო-სამეცნიერო ცენტრის წარმომადგენლობის დახურვამდეც კი მივიდა. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და ენციკლოპედიის საეკლესიო-სამეცნიერო ცენტრის წარმომადგენლობის ამჟამინდელი კოორდინატორი ერეკლე ჟორდანია განმარტავს:

[ერეკლე ჟორდანიას ხმა] „ხარვეზები, რომელიც, ძირითადად, იყო სომხური ეკლესიისადმი მიძღვნილ სტატიაში, ეხებოდა, უმთავრესად, ტაო-კლარჯეთში არსებულ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს, რომლებიც წარმოდგენილი გახლდათ, როგორც სომხური ქალკედონური ხუროთმოძღვრების ძეგლები. ამასთან, ასევე იყო დაშვებული სხვადასხვა სახის ხარვეზები და ჩვენ შევეცადეთ ყოველივე ეს გამოგვესწორებინა და წარმოგვედგინა რეალური სურათი უკვე საქართველოსადმი მიძღვნილ სტატიაში.“

საქართველოსადმი მიძღვნილი სტატიები, ერეკლე ჟორდანიას თქმით, რედაქციას ქართველმა ისტორიკოსებმა მიაწოდეს, მასალის რედაქტირებაში კი, ენციკლოპედიის საეკლესიო-სამეცნიერო ცენტრის გარდა, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც მონაწილეობნენ. საბოლოო ჯამში, როგორც ერთ-ერთი სტატიის ავტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა აბაშიძე ამბობს, საქართველოდან მოსკოვში ენციკლოპედიური ხასიათის სამი ნაშრომი გაიგზავნა:

[ზაზა აბაშიძის ხმა] „ერთი სტატიის სათაურია „გრუზია“, მეორის - „გრუზინსკი ეგზარხატ“, მესამის კი - „გრუზინსკაია პრავოსლავნაია ცერკოვ“. სულ არის სამი დიდი სტატია, რომლებშიც შედის ქართული გალობა, ქართული ენა, ლიტერატურა, ჰაგიოგრაფია და ყველაფერი, რაც შეეხება საქართველოს და საქართველოს ეკლესიის ისტორიას და, გარდა ამისა, სტატიაში „საქართველო“ არის მოკლე მიმოხილვა საქართველოს ისტორიისა.“

რუსეთის საპატრარქოში იმედს გამოთქვამენ, რომ ილია მეორის მოსკოვში ჩასვლა ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის არსებული ძმური ურთიერთობების განმტკიცებას, თუმცა, როგორც საქართველოს საპატრიარქოს წარომადგენელი ზურაბ ცხოვრებაძე ამბობს, ხშირ შემთხვევაში რუსეთის საპატრიარქოს ქცევა არ შეესაბამება ისეთ სიტყვათშეთანხმებას, როგორიცაა „ძმური ურთიერთობა“. ცხოვრებაძეს მაგალითად მოაქვს ის მოვლენები, რომლებიც 1993 წლის შემდეგ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ტერიტორიაზე განვითარდა:

[ზურაბ ცხოვრებაძის ხმა] „მათ დაიწყეს აფხაზი ახალგაზრდების სასულიერო პირებად კურთხევა რუსეთის ტერიტორიაზე და მერე გამწესება აფხაზეთში. ეს საეკლესიო კანონების უხეში დარღვევაა, იმიტომ რომ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში და, ბუნებრივია, რაც იქ ხდება, უნდა იყოს შეთანხმებული საქართველოს საპატრიარქოსთან, მაგრამ ამგვარი რამ არ ხდებოდა.“

თუმცა ცნობილია, რომ 2003 წელს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა სპეციალური დადგენილებით დაადასტურა, რომ ის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას საქართველოს ეკლესიის შემადგენლობაში ცნობს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ერთი თვის წინ მოსკოვის საპატრიარქომ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეუთანხმებლად, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ტერიტორიაზე აფხაზურად თარგმნილი სახარება შეიტანა, რითაც კვლავ დაარღვია მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ დადგენილი კანონები.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG