Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის უმაღლესი სამხედრო ჯილდოს მფლობელი ქართველი ოფიცერი საკუთარ სამშობლოში დაუფასებელია


საქართველოს ხელისუფლების განცხადებები

ურყევი პროდასავლური ორიენტაციისა და ამერიკასთან სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის თაობაზე ბოლო ხანს ხშირად მოდის წინააღმდეგობაში რეალობასთან. ამის დამადასტურებელი კიდევ ერთი ფაქტი გასული კვირის ბოლოს მოხდა. პირველად საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში, ამერიკის ერთ-ერთი უმაღლესი სამხედრო ჯილდო გადაეცა ქართველ ოფიცერს, რომელიც სამხედრო სისტემას 2 წლის წინ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, ჩამოაშორეს. დღევანდელ სამხედრო პროგრამაში მინდა ”უმწიკვლო სამსახურისათვის” ამერიკელის მიერ დაჯილდოებული, მაგრამ სამშობლოში მივიწყებული, ეს ოფიცერი გაგაცნოთ.

გასული კვირის ხუთშაბათს თბილისში, დიღმის ტრასაზე მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, ძალიან ვიწრო წრეში, გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომელიც პრესითა და ტელევიზიით არ გაშუქებულა. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჯიმ მაკდუგალმა, რომელიც საგანგებოდ ჩამოფრინდა საქართველოში, ამერიკის ერთ-ერთი პრესტიჟული სამხედრო ჯილდო გადასცა საქართველოს ყოფილ სამხედრო ატაშეს შეერთებულ შტატებში, პოლკოვნიკ არჩილ ცინცაძეს. რადიო ”თავისუფლებამ” სარწმუნო წყაროებისგან მიღებული ინფორმაცია თავად არჩილ ცინცაძესთან გადაამოწმა და ამერიკის სამხედრო ჯილდოს პირველი ქართველი კავალერი სტუდიაში მიიწვია, რათა უშუალოდ მისგან გაეგო ამ დაჯილდოების ამბავი.

[არჩილ ცინცაძის ხმა] ”ეს არის ჯილდო , რომელსაც ჰქვია ინგლისურად “Legion of Merit“. ეს რომ გადავთარგმნოთ, გამოვა - ”უმწიკვლო სამსახურისათვის”. ეს არის ყველაზე მაღალი ჯილდო, რომელსაც ამერიკელები გადასცემენ უცხო ქვეყნის სამხედრო მოქალაქეებს. გადაცემის ცერემონიალი, სხვათა შორის, დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა, იმიტომ რომ თვითონ ჯილდო დაახლოებით ერთი წლის წინ მაქვს მიღებული და, უბრალოდ, გადმოცემული არ იყო ეს ჯილდო, რადგან ვერ მოხერხდა შესატყვისი სიტუაციის, შესატყვისი ფონის შექმნა.”(სტილი დაცულია)

უმწიკვლო სამსახურის ორდენის და ამ ორდენის კავალრების შესახებ ინტერნეტში აუარებელი მასალა მოიპოვება. როგორც ირკვევა, შეერთებული შტატების სამხედრო უწყებამ თავის დროზე უმწიკვლო სამსახურისათვის დააჯილდოვა ისეთი ცნობილი მხედართმთავრები, როგორიც იყვნენ გიორგი ჟუკოვი, ჩან კაიში, თურქეთის ყოფილი გენერალური შტაბის უფროსი ჰილმი ოზქოქი, რუმინეთის მეფე მიხეილ პირველი და უამრავი სხვა პოლიტიკოსი და მხედართმთავარი. თუ რატომ შეჩერდა არჩევანი ამჯერად ქართველ პოლკოვნიკზე, ამ შეკითხვაზე პასუხს იძლევა ამერიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრის დომალდ რამსფელდის მიერ ხელმოწერილი ჯილდოს სერტიფიკატი. ”თვალსაჩინო სამსახურის განსაკუთრებულად უმწიკვლო შესრულებისათვის” - ასე შეაფასა პენტაგონის ყოფილმა შეფმა ღვაწლი პოლკოვნიკ არჩილ ცინცაძისა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სამხედრო ატაშე გახლდათ შეერთებულ შტატებში და ამ დიპლომატიურ პოსტზე 1999-დან 2005 წლამდე მუშაობდა. ეს ის პერიოდია, როდესაც ამერიკა-საქარათველოს სამხედრო ურთიერთობა პარტნიორულიდან სტრატეგიულ დონეზე გადავიდა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ”წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამაზე ამერიკის სამხედრო ხარჯებმა თითქმის 130 მილიონ დოლარს მიაღწია. პოლკოვნიკი ცინცაძე ფიქრობს, რომ ეს ჯილდო მთელ ქართველ ხალხს და მის თითოეულ ოფიცერს ეკუთვნის:

[არჩილ ცინცაძის ხმა] ”კომენტარი, რომელიც მაკდუგალმა გააკეთა, სწორედ ეს იყო. ეს იყო არა მხოლოდ ჩემი დამსახურება, არამედ ჩვენი მეგობრობა შეერთებულ შტატებთან და, მისი თქმით, დღესდღეობით მას წარმოუდგენლად მიაჩნია უფრო ახლო მეგობარი შეერთებული შტატებისთვის, ვიდრე საქართველო.”(სტილი დაცულია)

მაგრამ ჩვენი თხრობა არ იქნება სრულყოფილი, თუ არ შევეხეთ ერთ პარადოქსულ მომენტს, რის გამოც ამერიკელებმა ამ ჯილდოს გადაცემა მოკრძალებულად აღნიშნეს და საჭიროდ არ მიიჩნიეს მისი გაშუქება. პარადოქსი კი ისაა, რომ ამერიკის ერთ-ერთი უმაღლესი სამხედრო ჯილდოს მფლობელი ოფიცერი 2 წელია ჩამოშორებულია სამხედრო საქმიანობას საკუთარ სამშობლოში - იმ ქვეყნის სამხედრო სისტემას, რომლის მთავარი დონორი და ლობისტიც საერთაშორისო ასპარეზზე სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებია. შესაძლოა, სწორედ ამიტომ არ გაშუქდა ქართველი ოფიცრის დაჯილდოების ფაქტი, რადგან გამომზეურდებოდა კიდევ ერთი პარადოქსი. ჟურნალისტები აუცილებლად დასვამდნენ შეკითხვას, თუ როგორ მოხდა, რომ ოფიცერი ვისი უმწიკვლო სამსახურიც უმაღლეს დონეზე შეფასდა ამერიკის მთავრობის მიერ, 2 წლის წინ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩამოაშორეს სამხედრო სტრუქტურას. მიუხედავად წინასწარი შეთანხმებისა, მე დავარღვიე პირობა და ეს შეკითხვა მაინც დავუსვი პოლკოვნიკ არჩილ ცინცაძეს და, როგორც მოველოდი, დიპლომატიური პასუხიც მივიღე:

[არჩილ ცინცაძის ხმა] ”მე ვთვლი ასეთნაირად და, ალბათ, ამერიკის მხარეც ასე თვლის, რომ ეს უფრო ჩვენი მთავრობის და სამხედრო ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია: სჭირდებათ მათ, არ სჭირდებათ თუ რა ეტაპზე სჭირდებათ გამოცდილება და ცოდნა.” (სტილი დაცულია)

მაგრამ არჩილ ცინცაძე, საქართველოს პირველი სამხედრო ატაშე შეერთებულ შტატებში და უმწიკვლო სამსახურისათვის ამერიკის ერთ-ერთი უმაღლესი სამხედრო ჯილდოს პირველი ქართველი კავალერი, უფრო კონკრეტული აღმოჩნდა, როდესაც საუბარი იმ ქართველ ოფიცრებზე ჩამოვარდა, რომლებმაც ბოლო 8 წლის განმავლობაში ამერიკის პრესტიჟული სამხედრო სასწავლებელი დაამთავრეს და ამჟამად რატომღაც გარიყულნი აღმოჩნდნენ ნატოზე ორიენტირებული საქართველოს სამხედრო სისტემიდან:

[არჩილ ცინცაძის ხმა] ”მე, ცოტა არ იყოს, შეშფოთებით ვუყურებ დღევანდელ მდგომარეობას. იმიტომ რომ პროცენტულად იმათი პროცენტი, ვინც განათლება მიიღო უცხოეთში და არა მხოლდო განათლება, არამედ გამოცდილება აქვთ საბრძოლო მიღებული, - ისინი გარეთ არიან. ეს ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. ”(სტილი დაცულია)

ასეთი შეკითხვების სია საკმაოდ გრძელია, თუმცა ყველა მათგანი, შესაძლოა, ერთ შეკითხვად განზოგადდეს: რამდენად არის საქართველოსთვის ანგარიშგასაწევი მისი სტრატეგიული პარტნიორების სამხედრო გამოცდილება, თუკი ქვეყნის ხელისუფლება ასე დაუდევრად ეპყრობა ამ ქვეყნების მიერ მომზადებულ სამხედრო კადრებს, პროფესიონალ ადამიანებს - იმათ, ვისზეც სახელმწიფო უნდა იდგეს?
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG