Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნდა გამოიძიოს თუ არა პარლამენტმა გირგვლიანისა და რობაქიძის მკვლელობათა საქმეები


საქართველოს პარლამენტის წევრები - უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები - ვერ თანხმდებიან სანდრო გირგვლიანისა და ამირან რობაქიძის მკვლელობათა შემსწავლელი

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე. კომისიის შექმნის ინიციატივა ფრაქცია „დემოკრატიულ ფრონტს“ ეკუთვნის და მას მხარს უჭერს პარლამენტში წარმოდგენილი ყველა ოპოზიციური პარტია. დეპუტატების მტკიცებით, საზოგადოება მკვლელობებში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვს, თუმცა უმრავლესობის ლიდერები მიიჩნევენ, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნით პარლამენტი უხეშად ჩაერევა პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების საქმეში.

სანდრო გირგვლიანისა და ამირან რობაქიძის მკვლელობებში ბრალდებული პოლიციელები სასჯელს იხდიან, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი და, მათ შორის, მოკლული ახალგაზრდების ოჯახების წევრთა ადვოკატები დარწმუნებულნი არიან, რომ მთავარმა დამნაშავეებმა მართლმსაჯულებას თავი დააღწიეს. გირგვლიანის მკვლელობისათვის ნათელის მოფენას ითხოვს პარლამენტის თავმჯდომარეც:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] „ჩვენთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს სასამართლო პროცესი ისე, როგორც ამას საზოგადოება ელოდება და ერთხელ და სამუდამოდ ითქვას სიმართლე აღნიშნულ ტრაგედიასთან დაკავშირებით.“

სწორედ იმისათვის, რომ სიმართლე ითქვას, პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციური ძალები სანდრო გირგვლიანისა და ამირან რობაქიძის მკვლელობათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის დავით გამყრელიძის არგუმეტები:

[დავით გამყრელიძის ხმა] „საგამოძიებო კომისია საჭიროა იმისთვის, რომ ის დამატებითი ფაქტები, ის დამატებითი მასალები, რომელიც არის მოსაძიებელი და რომელსაც ითხოვდა დაზარალებულის ადვოკატი, ის ფაქტები რომელთა მოძიებასაც ითხოვდნენ რობაქიძის ოჯახის წევრები, საგამოძიებო კომისიის მეშვეობით იქნას მოძიებული. საგამოძიებო კომისიას აქვს დაკითხვის უფლება და უნდა დაიკითხონ ის ადამიანები, ვინც ფლობს სერიოზულ ინფორმაციას.“(სტილი დაცულია)

თუმცა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცედურა პარლამენტის რეგლამენტითა და დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ კანონითაა განსაზღვრული. ლევან ბეჟაშვილი, პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ამბობს, რომ კომისიის შექმნის ინიციატორი შეიძლება იყოს პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატთა მეოთხედი, რომელიმე კომისია ან ფრაქცია:

[ლევან ბეჟაშვილის ხმა] „რაც შეეხება საკითხებს, რომლებსაც იხილავს საგამოძიებო კომისია, ესეც განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით და ამ შემთხვევაში რეგლამენტი განსაზღვრავს მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული საზოგადოებრივი და სახელმწიფო მნიშვნელობის ისეთი საკითხების შესწავლას, რომლის მიმართაც საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობს.“ (სტილი დაცულია)

და მართლაც - ხომ არ განელებულა გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით საზოგადოების ინტერესი? მე ამ შეკითხვით, რუსთაველის გამზირზე ქვეითად მოსიარულე თბილისელებს მივმართე:

[მამაკაცის ხმა] „დაიღუპა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დამნაშავე არ იყო და არ ისჯებიან ამის გამო მკვლელობის შემკვეთები. საზოგადოება ელის სამართლიანობას და სწორ გადაწყვეტილებას.“

[ქალბატონის ხმა] „დამკვეთები იყვნენ და საზოგადოებას იმედი აქვს, რომ აღმოაჩენენ ამ დამკვეთებს. ქართველი ერი ისეთია, სანამ სიმართლეს არ იპოვის, იბრძოლებს.“

უნდა ითქვას, რომ სიმართლის დადგენის წინააღმდეგი, როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატების“ თავმჯდომარე ამტკიცებს, არც საპარლამენტო უმრავლესობაა, თუმცა მაია ნადირაძეს ეჭვი შეაქვს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაში:

[მაია ნადირაძის ხმა] „რა შედეგი დადგება? არანაირი! ძალიან ძნელია ამის თქმა, მაგრამ რისიც მჯერა, იმას ვამბობ: ამ კომისიის შექმნას აქვს ერთადერთი მიზანი - შინაგან საქმეთა სამინისტროზე თავდასხმა და ეს ხდება ძალიან არაკეთილსინდისიერი მეთოდით. გაუბედურებული დედა ჩართო ამ საქმეში და ამით მოახდინო საკითხის მუდმივი ტირაჟირება, არა მგონია, რომ ოპოზიციას ღირსებას მატებდეს.“ (სტილი დაცულია)

საკითხისადმი საპარლამენტო უმრავლესობის ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, ოპოზიციამ კენჭისყრის ჩატარება მაინც მოითხოვა. კოკა გუნცაძემ და ფიქრია ჩიხრაძემ კოლეგებს მიმართეს:

[კოკა გუნცაძის ხმა] „თქვენ შეგიძლიათ დღეს ბიძგი მისცეთ უაღრესად პოზიტიურ საზოგადოებრივ მოვლენებს. იფიქრეთ და გადაწყვიტეთ.“

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] „დავფიქრდეთ და მივიღოთ ადამიანურად სწორი გადაწყვეტილება. მერწმუნეთ, ადამიანურად და მორალურად სწორი გადაწყვეტილება ყოველთვის არის პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება.“

თუმცა, დანამუსების მიუხედავად, უმრავლესობამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ოპონენტების ინიციატივას დუმილით უპასუხა. საკითხის განხილვა ისე დასრულდა, რომ მიკროფონთან უმრავლესობის არც ერთი წარმომადგენელი არ მისულა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG