Accessibility links

logo-print

რას მოასწავებს ჩეჩნეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად რამზან კადიროვის დანიშვნა?


ხუთშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთი საკადრო ცვლილება განახორციელა, ოღონდ ამჯერად არა უშუალოდ რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში,

არამედ ფედერაციის ყველაზე ურჩი სუბიექტის, ჩეჩნეთის მთავრობაში: პრემიერ-მინისტრი რამზან კადიროვი ვლადიმირ პუტინმა რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. ამას წინ უძღოდა ჩეჩნეთის პრეზიდენტის პოსტიდან ალუ ალხანოვის გადადგომა. ალხანოვი ვლადიმირ პუტინმა რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დანიშნა და თან მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის.
[ვლადიმირ პუტინის ხმა]: "ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე 2004 წლის აგვისტოდან ხართ. მას შემდეგ ჩეჩნეთში ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ. ჩეჩნეთში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი კავკასიაში - ეს იოლი წლები არ ყოფილა. მაგრამ ბევრი რამ გაკეთდა."
საინტერესოა, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, ალხანოვი შესაძლო ცვლილებებს "ჭორებს" უწოდებდა და კადიროვს ირიბად აკრიტიკებდა ძალაუფლებისკენ სწრაფვისთვის. რამზან კადიროვი ოქტომბერში 30 წლის შესრულდა - ეს კი ის ასაკია, რომლის მიღწევის შემდეგაც პირს კანონი ჩეჩნეთის პრეზიდენტობის უფლებას ანიჭებს. აქვე შეგახსენებთ, რომ რამზან კადიროვის მამა, აჰმად კადიროვი, რომელიც ჩეჩნეთის პრომოსკოვური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო, 2004 წლის მაისში მოკლეს გროზნოში.
მაინც, რას ნიშნავს ჩეჩნეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად რამზან კადიროვის დანიშვნა? ამ კითხვით მივმართე ჩემს კოლეგას, რადიო "თავისუფლების" ჩრდილოკავკასიური სამსახურის დირექტორს, ასლან დუკაევს.
ასლან დუკაევის ხმა: "კაცმა რომ თქვას, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ დე ფაქტო ვითარება ახლა დე იურე დადასტურდა. რამზან კადიროვი ჩეჩნეთის არაოფიციალური ლიდერი იყო - კაცი, რომელიც ჩეჩნეთში ყველაზე დიდი ძალაუფლებით სარგებლობდა და ჩეჩნეთს სრულად აკონტროლებდა. ის უაღრესად ძლიერი ლიდერია და მისი ლიდერობა ემყარება მისსავე კერძო არმიას. ეს არმია სასტიკი და დაუნდობელია, მის ანგარიშზეა მრავალი სასტიკი მკვლელობა, ხალხის წამება თუ სხვა მძიმე დანაშაულები. ამ არმიამ, რომლის წევრები უსიტყვოდ და უპირობოდ ემორჩილებიან პირადად რამზან კადიროვს, ჩეჩნეთში ტერორის მმართველობა დაამკივდრა. მეორე მხრივ, გუშინდელი გადაწყვეტილება გამოხატულებაა ჩეჩნეთის საკითხში კრემლის პოლიტიკის სისუსტისა, იმისა, რომ კრემლი მთლიანად ეყრდნობა ერთ ადამიანს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ადამიანი მეტად ახალგაზრდა სრულიად და არაპროგნოზირებადია, და ფსიქიკურადაც არ ტოვებს სტაბილური კაცის შთაბეჭდილებას, ნათლად დავინახავთ, რამდენად სუსტია რუსეთის პოზიცია ფედერაციის ამ ნაწილში. საკმარისია, ამ ერთ ადამიანს რაიმე მოუვიდეს, ჩეჩნეთში კრემლის მთელი პოლიტიკა ქაღალდის სახლივით დაიშლება."
ამ შეფასების მოსმენის შემდეგ ლოგიკურია კითხვა, რამდენად შესაძლებელია, რომ ერთ მშვენიერ დღეს კადიროვმა ზურგი შეაქციოს კრემლს და მოსკოვს დაუმორჩილებლობა გამოუცხადოს. ასლან დუკაევის პასუხი ასეთი იყო:
ასლან დუკაევის ხმა: "ვერ ვიტყვი, რომ ეს შეუძლებელია. გარკვეულ სიტუაციაში ეს სრულიად შესაძლებელია. ვიცი, რომ ის გარკვეულ ზეწოლას ახდენდა ხელისუფლებაზე მოსკოვში, ისეთი სიგნალების გაგზავნით, რომ თუკი ალხანოვს არ მოხსნიდნენ და მის ნაცვლად კადიროვს არ დანიშნავდნენ, საკუთარ ხალხს გროზნოს ქუჩებში გამოიყვანდა. ეს კი ათასობით კარგად შეიარაღებულ ადამიანს ნიშნავს. მათ დასაკარგი არაფერი აქვთ, ხელები სისხლით აქვთ გასვრილი და მთელ ჩეჩნეთში ჰყავთ მტრები, რომლებიც მათ ნამოქმედარს არასდროს დაივიწყებენ და კიდევ თაობებით ემახსოვრებათ. თუკი რაღაც მოხდება და სიტუაცია შეიცვლება, თავად კადიროვის სიცოცხლისთვის გროშსაც კი არავინ გადაიხდის. გარკვეული პოლიტიკური განლაგების შემთხვევაში, სრულიად დასაშვებია, რომ ის მოსკოვის დაქვემდებარებიდან გამოვიდეს. ანუ, ის აღმოჩნდება სიტუაციაში, როდესაც მოსკოვის წინააღმდეგაც იქნება და მეორე მხრივ, მასზე ნადირობას დაიწყებენ ის სეპარატისტები და ის ადამიანები, რომლებსაც მისი რეჟიმი სძულთ და რომლებსაც მან ძალიან ბევრი ბოროტება მოუტანა."
პარასკევს რამზან კადიროვმა ინტერვიუ მისცა იტარ-ტასის კორესპონდენტს, რომელსაც გაანდო თავისი განზრახვა, ჩეჩნეთი რუსეთის ერთ-ერთ უმდიდრეს რეგიონად აქციოს. საამისოდ კადიროვი ჩეჩნეთში "ახალი ეკონომიკური პოლიტიკის" შემოღებას აპირებს.
XS
SM
MD
LG