Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარემოს დამცველთა აზრით, იმ შემთხვევაში, თუ ოლიმპიადას უმასპინძლებს, სოჭის მდიდარ ბუნებას დიდი საფრთხე ემუქრება


მომავალ კვირაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრები სოჭს ესტუმრებიან, რათა განსაზღვრონ, რამდენად მზად არის ის იმისათვის, რომ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძლოს.

კომიტეტის წევრებს დახვდება რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც სოჭში საზაფხულო რეზიდენციას ფლობს და რომელიც სოჭის ოლიმპიურ ამბიციებს პირადად უჭერს მხარს. პარალელურად, გარემოს დამცველები აცხადებენ, რომ მდიდარი ველური ბუნების მქონე გარემოში მშენებლობის დაწყება იშვიათ და გადაშენების პირას მყოფ ცხოველებს დიდ საფრთხეს უქმნის.

რუხი დათვი, ირემი, არჩვი, წავი და კავკასიური გარეული კატა – ეს გახლავთ ჩამონათვალი სახეობებისა, რომლებიც, შესაძლოა, რუსეთის სამხრეთში მშენებლობის დაწყებამ გაანადგუროს. ასეთია გაფრთხილება, რომლითაც გარემოს დამცველი ორგანიზაციები გამოდიან.

სოჭის ეროვნული პარკისა და კავკასიის ბუნების საცავის ტერიტორიაზე სათხილამურო ტრასებისა და ზამთრის სპორტის სახეობათა კომპლექსების აშენების საწინააღმდეგო კამპანიას სათავეში უდგანან ორგანიზაციები “გრინპისი” და “ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი”, იგივე ”WWF”-ი. საცავი წარმოადგენს ნაწილს ტერიტორიისა, რომელსაც იუნესკო მსოფლიოს მემკვიდრეობის საგანძურს მიაკუთვნებს.

“გრინპისის” რუსეთის წარმომადგენლობის თანამშრომელი მიხეილ კრეინდლინი აცხადებს, რომ ამ სივრცეში მშენებლობის წარმოებამ, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოიტანოს:

[კრეინდლინის ხმა] “ჩვენ ოლიმპიური თამაშების სოჭში გამართვის იდეას არსებითად დადებითად ვაფასებთ. მაგრამ ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ამ თამაშების გამართვა უნიკალური ტყეებისა და ცხოველების განადგურების ხარჯზე – მით უფრო, საერთაშორისო ორგანიზაციების დაცვის ქვეშ მყოფ კონსერვაციის ზონებში, მსოფლიოს მემკვიდრეობად მიჩნეული ტერიტორიისთვის ზიანის მიყენების რისკის ფასად."

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დელეგაცია სოჭში მომავალ კვირას ჩავა, რათა განიხილოს 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე სოჭის განაცხადი. სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანსა და ავსტრიის ზალცბურგთან ერთად, სოჭი ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად შეირჩა.

კანონში გასულ წელს შესული ცვლილებების თანახმად, სოჭის გარშემო მთებს და ტყეებს ახლა ეკონომიკური განვითარების სამინისტრო განაგებს. რუსეთის განაცხადს ოლიმპიადის მასპინძლობაზე სწორედ ეს უწყება უწევს კოორდინაციას.

სამინისტროს განცხადებით, იმის გამო, რომ სოჭი დანარჩენ ორ კანდიდატს აღჭურვილობით ჩამორჩება, საჭიროა მისი განვითარება. თუმცა, კრეინდლინის თქმით, განვითარების რეალური მიზეზი უფრო შემაშფოთებელია:

[კრეინდლინის ხმა] “სამწუხაროდ, ოლიმპიადას ხშირად იყენებენ იმ მიზნით, რომ სამშენებლო კომპანიებს ღიად მიეცეთ ამ მეტად ღირებული მიწის მითვისების ან შესყიდვის საშუალება. მაგალითად, რუსეთის მთავრობის მიერ ამ ტერიტორიის შესახებ იანვარში მიღებული რეზოლუცია ოლიმპიადას საერთოდ აღარ ახსენებს. რეზოლუციაში წერია, რომ მიწის ნაკვეთები სოციალური ინფრასტრუქტურისთვის გამოიყოფა. თუმცა ეს საკმაოდ ცინიკური განაცხადია, ვინაიდან სინამდვილეში ამ ტერიტორიას დაიტაცებენ ელიტარული კურორტებისა და გოლფის კლუბებისთვის, რასაც ოლიმპიადასთან საერთო არაფერი აქვს.”

მშენებლობის აღკვეთის მიზნით, “გრინპისმა” მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანა სარჩელი. უზენაესმა სასამართლომ სარჩელი მომავალი თვის დასაწყისში უნდა განიხილოს.

პარალელურად, პრეზიდენტ პუტინს წერილობით მიმართა “ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა” და განუცხადა, რომ რეგიონში გარეული ცხოველების განადგურება მიმდინარეობს. რუსეთში “ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის” დირექტორი, იგორ ჩესტინი, ასეთი განცხადებით გამოდის:

[ჩესტინის ხმა] “სოჭში არის ადგილები, სადაც სავსებით შესაძლებელია ამ ობიექტების აგება. ბუნებრივია, ეკოლოგიური ექსპერტიზა ყველა ნაკვეთმა უნდა გაიაროს, მაგრამ ადგილების პოვნა ნამდვილად შეიძლება. თუმცა ეს ის ადგილები არ არის, რომლებიც ამჟამად არის გამოყოფილი."

თუმცა ჯგუფი, რომელიც 2014 წლის ოლიმპიადის სოჭში გამართვის კამპანიას ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ მშენებლობის პროცესში მკაცრად დაცულია რუსეთში მოქმედი კანონები.

ჯგუფის წარმომადგენელი, ანდრეი ბრაგინსკი, ამბობს, რომ მთავრობამ სოჭში, გარემოს დაცვაში, ასი მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო. მისი თქმით, გარემოს დამცველთა შეშფოთება ოლიმპიური თამაშების შესაძლო გავლენის შესახებ გათვალისწინებულია:

[ბრაგინსკის ხმა] “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება გარემოს დამცველ ორგანიზაციებთან. ჩვენ, 2014 წლის ოლიმპიური თამაშების სოჭში გამართვის შესახებ განაცხადის ავტორი გუნდი, ამ ორგანიზაციებს რეგულარულად ვხვდებით, რათა მათი შენიშვნებიდან რაც შეიძლება ბევრი გავითვალისწინოთ. ეკოლოგიურ ორგანიზაციებთან დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია."

მაგრამ “გრინპისისა” და “ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის” განცხადებით, ეს შეხვედრები არასაკმარისი სიხშირით ტარდება. მეტიც – მათი აზრით, ეს პროცესი საერთოდ დაგვიანებით დაიწყო. იგორ ჩესტინი გარემოს დაცვისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროებისა და პრეზიდენტ პუტინის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე ასეთი განცხადებით გამოვიდა:

[ჩესტინის ხმა] “აჯობებდა, ეს შეხვედრა ახლა კი არა, გასული წლის ოქტომბერში ან ნოემბერში გაგვემართა. ახლა უკვე ამ საკითხის ირგვლივ მთავრობასთან შეთანხმებული პოზიცია გვექნებოდა. ვნახოთ, როგორ ჩაივლის ეს შეხვედრა. ახლა, ცოტა არ იყოს, დაგვიანებულია. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მთავრობასთან გარკვეული შეთანხმების მიღწევას შევძლებთ.”

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი 2014 წლის თამაშების მასპინძელს ივლისის დასაწყისში ქალაქ გვატემალაში გამოაცხადებს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG