Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


უცხოეთის პრესის მიმოხილვაში შევეცდებით ის საერთაშორისო თემები გამოვყოთ, რომლებსაც ბეჭდვითი მედია ყველაზე ინტენსიურად აშუქებდა.

ჩრდილო კორეა გასულ კვირაში ჩრდილო კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიღწეულმა შეთანხმებამ საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. ნორვეგიაში გამომავალი გაზეთი "დაგბლადეტი" მაინც ეჭვით უყურებს პეკინში მიღწეულ შეთანხმებას. გაზეთი წერს: "ჩრდილო კორეამ ადრეც გამოავლინა, რომ არ არის სანდო პარტნიორი, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, 1994 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების შემთხვევაში. ამ ხელშეკრულებით, ფხენიანს უნდა შეეწყვიტა პლუტონიუმის წარმოება. ახლა მიღწეული შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გარღვევა, თუკი კიმ ჩენ ირი მართლაც დაიცავს მის პირობებს, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში კი საჭირო მოთმინებას გამოიჩენს რეჟიმის მიმართ, რომელიც ასე სძულს."

"შეიძლება თუ არა ჩრდილო კორეასთან შეთანხმება მოდელად იქცეს ირანისთვისაც?" - ასეთ შეკითხვას სვამს თურქეთის გაზეთი "მილიეთი"."პარალელები მართლაც არსებობს", მიაჩნია "მილიეთს". "ორივე ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი ბატონობს. ორივე სახელმწიფოს სათავეში დგანან დაუფიქრებელი, რადიკალი ლიდერები. ორივე თავგამოდებით ცდილობს, ბირთვული იარაღი მოიპოვოს. მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებებიც. ნავთობის საბადოების გამო ირანი უფრო მდიდარია და, შესაბამისად, სანქციების მიმართ უფრო მდგრადიც. ამასთან, ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობა ისე შეკრული არ არის. ჩრდილო კორეის მოდელის პოზიტიური მხარე კი ისაა, რომ ძალის ადგილი დიპლომატიამ დაიკავა," დაასკვნის სტამბულში გამომავალი “მილიეთი” 15 თებერვლის ნომერში.

თურქმენეთში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. მრავალი მიმომხილველის აზრით, ბერდიმუხამედოვის არჩევით თურქმენეთში შეიძლება ლიბერალიზაციისა და რეფორმების კურსი დაიწყოს. თუმცა გაისმის გაფრთხილებებიც. რიგაში გამომავალი "დიენა" მიიჩნევს, რომ აღფრთოვანება ნაადრევია. "მართალია, ბერდიმუხამედოვმა გამოაცხადა, რომ მისი წინამორბედის მიერ დახურულ საავადმყოფოებს კვლავ გახსნის, მოსახლეობას ინტერნეტით სარგებლობა შეეძლება და ოპერა და ბალეტიც კი შეიძლება კვლავ დაუშვან, მაგრამ უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდეთ პოლიტიკურ დათბობას. ქვეყნის ხელმძღვანელობა დღესაც შედგება ნიაზოვის მიერ შერჩეული ადამიანებისგან, რომლებიც მკაცრად იზოლირებულ სამყაროში ცხოვრობენ. და არ არსებობს ოპოზიცია, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ამ სახელს."

კიდევ ერთი თემა, რომელმაც დასავლეთ ევროპის ქვეყნების პრესის ფურცლებზე ფართო გამოხმაურება პოვა, იყო გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილება ყოფილი ტერორისტის, "წითელი არმიის ფრაქციის" წევრის, რიგიტე მონჰაუპტის გათავისუფლების თაობაზე, 24-წლიანი პატიმრობის შემდეგ. მონჰაუპტს მინიმუმ 24 წელი უნდა მოეხადა ციხეში, მაგრამ მრავალგზის ჰქონდა მისჯილი სამუდამო პატიმრობა.

კოპენჰაგენში გამომავალი "პოლიტიკენი" სამშაბათს შენიშნავდა: "ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ გერმანიის მართლმსაჯულება მართლაც შეესატყვისება თავის იდეალებს მაშინაც კი, როცა საქმე ტერორიზმს ეხება. სამართლებრივ სახელმწიფოში იუსტიცია კერძო საქმე არ არის. "წითელი არმიის ფრაქციის" ტერორისტებს სხვებისგან განსხვავებულად არ შეიძლება მოექცნენ. როცა პატიმრობას მოიხდიან, ისინი უნდა გაათავისუფლონ. სულ ერთია, რას იფიქრებს ამაზე საზოგადოების გარკვეული ნაწილი."

გასულ კვირაში დასავლეთის პრესა ინტენსიურად ეხმაურებოდა რუსეთთან დაკავშირებულ პროცესებსაც. 14 თებერვალს გაზეთი ”ლოს ანჯელეს ტაიმსი” მიუნხენის კონფერენციაზე პრეზიდენტ პუტინის გამოსვლაზე წერდა. პუტინის სიტყვა ისე ჟღერდა, თითქოს ცივი ომის პერიოდს ეკუთვნოდაო, აღნიშნავს გაზეთი. ”ზედაპირულ დონეზე პუტინის შენიშვნები, შესაძლოა, ”ამერიკული უნილატერალიზმის” შესახებ დასავლელი ლიბერალების განცხადებებს ჩამოჰგავდეს,” – წერია სტატიაში. მაგრამ, განაგრძობს ავტორი, მაქს ბუტი, ”როდესაც ასეთი არალიბერალი ლიდერი წარმოთქვამს, ამ შენიშვნებს, ერთდროულად, ვერაგული და აბსურდული შეფერილობა დაჰკრავთო”. მაქს ბუტი საკუთრივ რუსეთში არსებულ პრობლემებს მიმოიხილავს - იქნება ეს დემოკრატიულობის დონე, ჩეჩნეთის კონფლიქტი თუ მედიაზე ზეწოლა. ჟურნალისტის აზრით, მიუნხენში წარმოთქმული სიტყვით პუტინს, შესაძლოა, უწინარესად, რუსი აუდიტორიის გულის მოგება უნდოდა, თორემ საკუთრივ მიუნხენში ეს გამოსვლა საკმაოდ ნეგატიურად მიიღესო, აღნიშნავს ჟურნალისტი. სტატია აწ გარდაცვლილი ამერიკელი პოლიტიკოსის დინ ეიქსონის სიტყვების პარაფრაზით მთავრდება - ”რუსეთმა იმპერია დაკარგა, ახალი როლი კი ჯერ არ უპოვიაო”.

პარასკევს კი, 16 თებერვალს, უკვე რუსეთის მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს, სხვა გამოცემებთან ერთად, ”ნიუ-იორკ ტაიმსი” გამოეხმაურა. სტატიაში საუბარია ჩეჩნეთის მთავრობაში მომხდარ ცვლილებებზე, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება მაინც ყოფილი თავდაცვის მინისტრის, სერგეი ივანოვის, დაწინაურებას ეთმობა. წერილში აღნიშნულია, რომ, დიმიტრი მედვედევთან ერთად, ივანოვი რუსეთის მომავალი პრეზიდენტობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატია. ”ივანოვი პუტინის თანასწორია. იგი არანაკლებ ჭკვიანია. ახლა მან უნდა დაამტკიცოს, რომ ძლიერი ფიგურაა, რომელსაც მყარი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია. თუმცა, რასაკვირველია, ის მხოლოდ თავდაცვაში ვერ დარჩებოდა. მისი სამუშაო არეალი
უნდა გაფართოებულიყო. ეს შემდეგი ნაბიჯიაო,” - უთქვამს ”ნიუ-იორკ ტაიმსისთვის” რუს სოციოლოგს, ოლგა კრუშტანოვსკაიას. სოციოლოგი, რომლის სპეციალიზაციის სფეროს რუსეთის ლიდერების შესწავლა წარმოადგენს, სერგეი ივანოვს პუტინის ”ნომერ პირველ შემცვლელად” მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG