Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირის მოვლენების მიმოხილვა


რით იყო გამორჩეული გასული კვირა

საქართველოში? რომელმა მოვლენებმა მიიპყრო საზოგადოების ყურადღება? გასული კვირის პოლიტიკური ცხოვრება აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების კომენტირებით დაიწყო. რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებმა დე ფაქტო რესპულიკაში ჩატარებულ არჩევნებს დიამეტრულად განსხვავებული შეფასებები მისცეს. რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყებამ 14 თებერვალს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, „არჩევნები შეესაბამებოდა საყოველთაოდ აღიარებულ დემოკრატიულ პრინციპებს“. გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ 11 თებერვლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შესაძლებელია განხილულ იქნეს როგორც 4 მარტს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წარმატებული რეპეტიცია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსი დიპლომატების შეფასებას „ცინიკური და ამორალური უწოდა“. „არ შეიძლება ასეთი ცინიკური განცხადებების გაკეთება, მაშინ როდესაც სწორედ ამ რეჟიმმა, რომელიც მოინათლა "დემოკრატიის მატარებლად“, ეთნიკური წმენდის საშუალებით აიძულა მკვიდრი მოსახლეობა დაეტოვებინა საკუთარი სახლები. ეს არის რეჟიმი, რომელიც მშობლიურ ენაზე სწავლას უკრძალავს ქართველ ბავშვებს“, განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა 15 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოში სტუმრად მყოფმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა. თუმცა გელა ბეჟუაშვილთან შეხვედრამდე თომას ჰამარბერგი სოხუმში თვითაღიარებული აფხაზეთის ლიდერებს ეწვია და 6 წლიანი ტყვეობიდან გაათავისუფლა 24 წლის ლევან მამასახლისი, რომელსაც, ტერორიზმის ბრალდებით, 14 წელი ჰქონდა მისჯილი. მოგვიანებით თომას ჰამარბერგმა დევნილთა დასახლებებიც მოინახულა.

[თომას ჰამარბერგის ხმა] ”რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს ლტოლვილები დაბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში, მაგრამ სანამ ისინი დევნილობაში იმყოფებიან, მათი ცხოვრება და მათი ბინადრობა უნდა იყოს ღირსეულ პირობებში და არ იყვნენ ასე გაჭირვებულები ფინანსურად და მატერიალურად. ასე არ უნდა უჭირდეთ.”

აქვე უნდა ითქვას, რომ გასულ კვირას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებს მხოლოდ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი არ შეხვედრია. ჟენევაში გაეროს მეგობარი ქვეყნების წარომადგენელთა შეხვედრაზე სეპარატისტების მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა, ხოლო საქართველოს მთავრობიდან სახელმწიფო მინისტრი მერაბ ანთაძე და გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი ალასანია იყვნენ მიწვეული.

[ირაკლი ალასანიას ხმა] „დაიწყო პირდაპირი დიალოგი აფხაზურ მხარესთან, პირველად ეს დიალოგი შეეხება უსაფრთხოების საკითხებს გალის რაიონში, შეხვედრა შედგება მერაბ ანთაძესა და სერგეი შამბას შორის. მეგობართა ჯგუფის მიერ დაფიქსირებულ პოზიციებს შორის უმნიშვნელოვანესია დევნილთა დაბრუნების თემა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს პრინციპი აუცილებლად უნდა იყოს ყველა დოკუმენტში ხაზგასმული.“

ირაკლი ალასანია საქართველოში ორიოდე დღით ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნდა. დაბრუნდა ქვეყნიდან, რომლის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტმა გასულ კვირაში მოიწონა 5 ქვეყნის - მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის - ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის კანონპროექტი, უფრო ზუსტად კი, „2007 წლის აქტი ნატოში თავისუფლების კონსოლიდაციის შესახებ” . საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი ამბობს, რომ აქტის მიღება ითვალისწინებს ნატოსკენ მსწრაფი ქვეყნების როგორც პოლიტიკურ, ასევე ფინანსურ მხარდაჭერას:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ”ეს არის ძალიან სერიოზული ღია მხარდაჭერა - მათ შორის, ეკონომიკური მხარდაჭერა - იმ ინსტიტუციონალური ცვლილებებისთვის, რაც საჭიროა ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მისაღებად. ”(სტილი დაცულია)

კოტე გაბაშვილის ამ მოსაზრებას იზიარებს საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი არჩილ გეგეშიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ შეერთებულ შტატებში მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, მხარი დაუჭირონ ნატოში საქართველოს დაჩქარებული ტემპით გაწევრიანებას.

[არჩილ გეგეშიძის ხმა] ”რადგან საქართველოსთან ერთად სამი ბალკანური ქვეყანაა, რომელთა გაწევრიანებაზეც საუბარი მიდის, ეს ნიშნავს იმას, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველომ დაჩქარებულად გაიაროს ის გზა, რაც ამ ქვეყნებმა გაიარეს. ”(სტილი დაცულია).

თუმცა ასევე გასულ კვირაში გაირკვა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს. არადა, ლიტვის საელჩოსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელშეწყობით განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მოსახლეობის 83 პროცენტი უჭერს მხარს. რაშია საქმე? ამ შეკითხვას საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის თანამშრომელმა არჩილ გეგეშიძემ ასე უპასუხა:

[არჩილ გეგეშიძის ხმა ] ”საქართველოში მაღალია ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერა. ჩემი ინფორმაციით, ასე მაღალი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც არ ყოფილა ნატოში გაწევრიანების წინ. მაგრამ ეს დებატები, რომლებიც დღეს მიდის, ფუჭი, კონტრპროდუქტიული და მავნებლური, მიზნად ისახავს ამ მხარდაჭერის შესუსტებას. ”

ნატოში გეწევრიანების თემამ გასულ კვირაში საქართველოს საკანონმდებლო ორგანოშიც შეაღწია, თუმცა პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის პირველი კვირა სხვა არაერთი საკითხის განხილვასაც მიუძღვნა. პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ მუშაობა დაასრულა რუსეთიდან დეპორტირებულთა საქმეების შემსწავლელმა კომისიამ, რომლის დასკვნის საფუძველზე მომზადებული დადგენილება დეპუტატებმა 16 თებერვალს მიიღეს. კომისიის თავმჯდომარის ნიკა გვარამიას თქმით, დადგენილებაში საგანგებოდაა გაწერილი რეკომენდაცია სარჩელის მომზადების თაობაზე:

[ნიკა გვარამიას ხმა]“ სარჩელის თვალსაზრისით, აქტივობა შესაძლებელია 2 მიმართულებით. ეს არის სარჩელი “ქვეყანა ქვეყნის წინააღმდეგ” და სარჩელი საკუთრივ მოქალაქეებისა, ინდივიდუალური სარჩელები.სარჩელი “ქვეყანა ქვეყნის წინააღმდეგ” უფრო გამარტივებულ პროცედურებს გულისხმობს; ამასთანავე, ევროპის სასამართლოს ინტერესიც, მე ვეჭვობ, უფრო მომეტებული იქნება ასეთი სარჩელის მიმართ. მე პირდაპირ გეტყვით, რომ, ევროსასამართლოს პრაქტიკით, უმრავლესობა ასეთი სარჩელებისა მთავრდება მხარეთა მორიგებით, დიპლომატიური გზებით. თუმცა რამდენიმე პრეცედენტია, სადაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება ქვეყნის წინააღმდეგ.“


დეპუტატებმა გასულ კვირაში ასევე კენჭი უყარეს ოპოზიციის მიერ მომზადებულ ლუსტრაციის კანონპროექტსა და სანდრო გირგვლიანისა და ამირან რობაქიძის მკვლელობების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის წინადადებას, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, უმრავლესობამ ოპოზიციონერი კოლეგების ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. გასულ კვირაშივე პარლამენტი დატოვა უმრავლესობის წევრმა ზურაბ ცქიტიშვილმა, რომელმაც, მისივე სიტყვებით, ბიზნესში დაბრუნება გადაწყვიტა. უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა კი, გოგი წულაიამ, თანაფრაქციელთა რისხვა დაიმსახურა. აქამდე საზოგადოებისთვის უცნობი დეპუტატი ურჩობის გამო ფრაქციიდან გარიცხეს, თუმცა ამგვარი დისციპლინარული სასჯელის გამო თავად გოგი წულაიამ კმაყოფილება გამოთქვა:

[გოგი წულაიას ხმა] „კომკავშირიდან მხოლოდ და მხოლოდ ვრიცხავთო და გამრიცხეს კომკავშირიდან. მე ბედნიერი ვარ და მე მეამაყება, რომ გამრიცხეს კომკავშირიდან, გამრიცხეს “ნაციონალური მოძრაობიდან“, რომ იმას მივაღწიე, რომ ვარ თავისუფალი.“ (სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG