Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა


ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა თომას ჰამარბერგმა

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა თომას ჰამარბერგმა
დღეს დაასრულა თავისი მეორე ვიზიტი საქართველოში. მისი ვიზიტის კონკრეტული მიზანი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ რამდენიმე წლის წინ დაკავებული ლევან მამასახლისის გათავისუფლება გახლდათ. დრანდის ციხეში მამასახლისი 14 წლიან სასჯელს იხდიდა. ჰამარბერგმა რადიო ”თავისუფლებასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი წარმატების მთავარი საიდუმლო არის ის, რომ მისი უწყება პოლიტიკური ზრახვებისგან თავისუფალია და მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვაზე ზრუნავს. გარდა ამისა, დასკვნით პრესკონფერენციაზე მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ციხეებში (მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალში) არსებულ მდგომარეობაზე. ისევე, როგორც პირველი ვიზიტისას, ახლაც აღნიშნა, რომ ციხეები გადავსებულია და თბილისის ერთ-ერთ ციხეში, რომელიც მან მოინახულა, პატიმრებს მორიგეობით უწევთ ძილი. ჰამარბერგი შეეხო დევნილების ცხოვრების პირობებსაც და აღნიშნა, რომ მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნაზე პასუხისმგებელი უწინარესად საქართველოს ხელისუფლებაა - თუმცა, მისი თქმით, ამ ადამიანების მიმართ პასუხისმგებლობა საერთაშორისო ორგანიზაციებსაც ეკისრებათ. პრესკონფერენციის დასასრულს თომას ჰამარბერგმა ჟურნალისტებს შეახსენა საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. “თურქი მესხების” რეპატრიაციის შესახებ აღებული ვალდებულება. ჰამარბერგს მიაჩნია, რომ პოტენციური სირთულეების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შექმნას პირობები მათი მასობრივი დაბრუნებისთვის.
XS
SM
MD
LG