Accessibility links

logo-print

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თბილისს მოუწოდებს, შეასრულოს მესხეთიდან დეპორტირებულთა რეპატრიაციის შესახებ ნაკისრი ვალდებულება. ინტერვიუ თომას ჰამარბერგთან


12-18 თებერვალს საქართველოში იმყოფებოდა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი. ამჯერად ის კონფლიქტურ ზონებსაც ეწვია,

ძირითადად, დევნილებისა და პატიმრების მდგომარეობით დაინტერესდა. თუმცა ვიზიტის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით შეახსენა საქართველოს მთავრობას ევროსაბჭოს წინაშე გასული საუკუნის ორმოციან წლებში მესხეთიდან დეპორტირებულთა რეპატრიაციის შესახებ აღებული ვალდებულება. ჰამარბერგი თითქმის ხუთი ათეული წელია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწეობს. ის საქართველოში მეორედ იყო ჩამოსული. გუშინ თბილისში, ევროსაბჭოს ოფისში გამართული პრესონფერენციის შემდეგ შვედ დიპლომატს ნინო გელაშვილი ესაუბრა.

- წინა ვიზიტისას თქვენ საქართველოს მთავრობას ურჩიეთ პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა “თანასწორობის ინსტიტუტის” წევრები, რომლებიც სასამართლოს ეზოში ჩატარებული საპროტესტო აქციისთვის დააკავეს. ახლა ჩამობრძანდით და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ რამდენიმე წლის განმავლობაში დაკავებული ადამიანი გაათავისუფლეთ. რა გიბიძგებთ ასეთი მყისიერი მოქმედებისკენ, თქვენი გამოცდილება?

- ერთი ის გახლავთ, რომ ჩვენ პოლიტიკური ზრახვებისა თუ პოლიტიკური დღის წესრიგის გარეშე ვმუშაობთ. ყურადღებას ვამახვილებთ მხოლოდ ადამიანის უფლებათა ასპექტებზე და როდესაც რაიმე პრობლემას აღმოვაჩენთ, მხოლოდ ევროპული სტანდარტების საფუძველზე შეგვიძლია მოვითხოვოთ ესა თუ ის ცვლილება. ზოგჯერ ამის გაკეთებას ადგილზევე ვახერხებთ, რაც მამასახლისის შემთხვევაში მოხდა.

- თქვენ ბრძანეთ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ბაღაფშმა თქვენთან შეხვედრისას თანხმობა განაცხადა გალში გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის გახსნაზე. აქამდე ეს შეუძლებელი იყო და, ამდენად, ბაღაფშის თანხმობა ერთგვარი მოულოდნელობა აღმოჩნდა ბევრისთვის. შეგიძლიათ გვითხრათ როგორ მოხდა ეს?

- ალბათ, არ შეიძლება ასი პროცენტით ვიყოთ დარწმუნებული, რომ ეს მხოლოდ გაეროს ოფისი იქნება. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს იქნება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გაეროს შერწყმა. მე ვთქვი, რომ ოფისის გახსნის შემდეგ ჩვენ ვითანამშრომლებთ მასთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს ოფისი რეალური და დამოუკიდებელი იყოს, იმუშაოს ადგილობრივი მოსახლეობის საჩივრებზე. ვფიქრობ, ბაღაფშის თანხმობის მიზეზი ის იყო, რომ მან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გარკვეული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა დაინახა. ამას გარდა, ბაღაფშმა, შესაძლოა, იგრძნო, რომ ამგვარი გადაწყვეტილების გამართლება თავისივე მოსახლეობის წინაშე უფრო გაუადვილდებოდა, თუკი საქმე ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტებით დაცვას შეეხებოდა. მან ამ გზით საკითხის დეპოლიტიზაცია მოახდინა, რაც ჩვენი მუშაობის პრინციპიც გახლავთ. ჩვენ ვცდილობთ თავი ავარიდოთ პოლიტიკურ განზომილებებს, ყურადღება გავამახვილოთ რეალობასა და ადამიანის უფლებათა სტანდარტებზე.

- თქვენ შეეხეთ სეპარატისტული რეგიონებიდან დევნილი მოსახლეობის საკუთრების დაცვასაც. გქონდათ თუ არა შესაძლებლობა ამ საკითხზე საქართველოს მთავრობასთან გესაუბრათ?

- საკუთრების უფლების დასაცავად იმ რეგიონებში, საიდანაც იძულებით გადაადგილებული პირები არიან, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში შეიქმნა ცენტრი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ შესაბამისი დოკუმენტების მიტანა. სამინისტრომ დაიწყო სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დარჩენილი კერძო საკუთრების რუკების შედგენა. ეს ძალიან დადებითი ნაბიჯია. მეორე საკითხი გახლავთ დევნილობაში მყოფთა უფლება საცხოვრებელზე საქართველოს იმ ნაწილში, სადაც ახლა ცხოვრობენ. გვაშფოთებს ის, რომ სრულად არ არის განსაზღვრული რა უფლებები აქვთ მათ. ძალიან მნიშვნელოვანია დაცული იყოს პრინციპი: ვიდრე დევნილი საკუთარ სახლში დაბრუნებას ელოდება, მან უნდა მიიღოს ყოველგვარი მხარდაჭერა დევნილობაში ღირსეულად ცხოვრებისთვის, მათ შორის, ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფისთვის.

- არის თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ დევნილთა მდგომარეობა ყველაზე ცუდი, რაც აქამდე გინახავთ?

- მათი მდგომარეობა, მართლაც, ცუდია. მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ეს უკვე 14 წელია გრძელდება. ეს სრულიად შემაძრწუნებელია, განსაკუთრებით, თუკი ვიფიქრებთ ბავშვებზე, რომლებიც ასეთ პირობებში ცხოვრობენ. ეს დაუშვებელია. ამიტომაც საკმაოდ დაგვიანებულიც კია მთავრობის მიერ ახალ პოლიტიკაზე მუშაობის დაწყება. როგორც მე მითხრეს, საქართველოს მთავრობა დონორთა კონფერენციას გამართავს ჟენევაში და იქ საერთაშორისო მხარდაჭერას მოითხოვს. მე განვაცხადე, რომ მზად ვარ წვლილი შევიტანო ამ შეხვედრაში და განვმარტო, რომ ეს პრობლემა ყურადღების ღირსია და მისი გადაჭრა საერთაშორისო საზოგადოებრიობის მოვალეობაც არის. თუმცა, უპირველესად, საქართველოს მთავრობის ვალია, დევნილები იმავე უფლებებით უზრუნველყოს, რომლებიც ქვეყნის დანარჩენ მოქალაქეებს აქვთ. დღეს მათ ეს უფლებები არ გააჩნიათ.

- თქვენ ბევრი არაფერი გითქვამთ სამხრეთ ოსეთში გამართულ შეხვედრებზე. ვის შეხვდით ცხინვალში და იყო თუ არა კოკოითი იქ?

- არა, ის იქ არ იმყოფებოდა. მე შევხვდი ვიცე-პრემიერს, განათლებისა და იუსტიციის მინისტრებს, მათ ომბუდსმენს. შევხვდი, ე.წ. “სიზოს” (საგამოძიებო იზოლატორის) ადმინისტრაციას. სულ ეს იყო. ცხინვალში იმისთვის ჩავედი, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია შემეგროვებინა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული პრობლემების შესახებ. მე მეორე ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შევხვდი, რომ ორივე მხარისთვის მომესმინა. ჩემს მომავალ ანგარიშში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.

- ციხეებს რაც შეეხება, ხომ ვერ შეადარებდით მდგომარეობას სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და დანარჩენი საქართველოს ციხეებში? არის განსხვავება?

- როგორც წესი, შედარებებს თავს ვარიდებ, რადგან სხვების მიერ დახარისხებად აღიქმება ხოლმე. ცხინვალის ციხეზე აღვნიშნავდი, რომ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, მათ იქ მდგომარეობის გაუმჯობესება შეძლეს, დაამონტაჟეს გათბობისა და ცხელი წყლის სისტემა, რაც ძალიან კარგი და სწორი ნაბიჯია. რაც შეეხება საქართველოს დანარჩენ ნაწილს, სხვადასხვა ციხეებს შორის დიდი განსხვავებაა. ზოგიერთში მართლა ცუდი მდგომარეობაა. ახალ ციხეებში გაცილებით კარგი პირობებია. ამდენად, რთულია საერთო მდგომარეობის შედარება. როგორც კონფლიქტურ ზონებში, დანარჩენი საქართველოს ციხეებშიც ვითარება გაუმჯობესებას საჭიროებს.

- ამ ვიზიტისას მესხეთიდან დეპორტირებულთა თემასაც შეეხეთ. ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ. შეგიძლიათ გაიხსენოთ მსგავსი შემთხვევა, როცა დეპორტირებულთა საკითხი გადაიჭრა და გაკვეთილად გამოდგებოდა საქართველოსთვის?

- ერთობ უნიკალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე - როცა ვითარება დეპორტაციიდან ამდენი ხნის შემდეგ უნდა გამოსწორდეს. იყო ხალხის რეპატრიაციის შემთხვევები აფრიკასა და ცენტრალურ ამერიკაში, თუმცა, იქ საქმე პოლიტიკური მიზეზით განდევნილ ხალხს შეეხებოდა. არ არის ადვილი მოდელის პოვნა მესხეთიდან დეპორტირებულთა საკითხის გადასაჭრელად. ამწუთას ვერ გავავლებ პარალელს ვერც ერთ სხვა შემთხვევასთან. ეს რთული ოპერაცია იქნება, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს და უნდა გაკეთდეს გარკვეული ცოდნისა და მომზადების საფუძველზე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG