Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამმხრივი შეხვედრა იერუსალიმში


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი დღეს იერუსალიმში შეხვდა ისრაელისა და პალესტინელების ლიდერებს.

რაისის ვიზიტის მიზანია ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის გამოცოცხლება.

დღევანდელმა შეხვედრამ - სხვათა შორის, პირველმა კონდოლიზა რაისის, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ეჰუდ ოლმერტისა და პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის მონაწილეობით - ორ საათზე მეტხანს გასტანა. შეხვედრის დაწყებამდე რაისმა მას უბრალოდ, “დისკუსია” უწოდა, შეხვედრის შემდეგ კი აი, რა უთხრა ჟურნალისტებს:

[რაისის ხმა] “ჩვენ სამივემ დავადასტურეთ ჩვენი მხარდაჭერა საკითხის მოგვარებისადმი, რომელიც ორი სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს, შევთანხმდით, რომ არ შეიძლება პალესტინელების სახელმწიფო ძალადობისა და ტერორის საფუძველზე შეიქმნას და განმეორებით გამოვთქვით ჩვენი ერთგულება წინა შეთანხმებებისა და ვალდებულებების, მათ შორის “გზამკვლევის” მიმართ.” თუმცა, დასძინა კონდოლიზა რაისმა, რაც შეეხება პალესტინელებსა და ისრაელს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებას - ამ საკითხზე მხარეებმა რაიმე წინსვლას ვერ მიაღწიეს.

[რაისის ხმა] “პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, რომ მალე ისევ შეხვდებიან ერთმანეთს. მათ განმეორებით გამოთქვეს სურვილი, რომ ამერიკა იყოს მონაწილე და ლიდერი დაბრკოლებების გადალახვის, რეგიონული და საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების, სამშვიდობო დარეგულირებისაკენ მიმართულ ძალისხმევაში”.

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის კონტექსტში საგულისხმოა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ეჰუდ ოლმერტის განცხადება, რომელიც მან გუშინ გააკეთა ისრაელის მთავრობის სხდომაზე: რომ ისრაელისა და აშშ-ის ლიდერები არ აპირებენ, ითანამშრომლონ პალესტინელების ახალ, ეროვნული თანხმობის მთავრობასთან, თუ ის ისრაელის სახელმწიფოს არ ცნობს. აქვე უნდა ითქვას, რომ ისრაელის სახელმწიფოს აღიარებას მოითხოვს ე.წ. “კვარტეტი” - აშშ-ის, ევროკავშირის, გაეროსა და რუსეთის მონაწილეობით მოქმედი ჯგუფი, რომელიც ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში შუამავლობს.

რაც შეეხება ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებას: [ოლმერტის ხმა] “პალესტინელების მთავრობა, რომელიც არ დათანხმდება კვარტეტის მიერ წაყენებულ პირობებს, არ შეიძლება იქნეს აღიარებული და არ შეიძლება მასთან თანამშრომლობა. ამის შესახებ პარასკევს ველაპარაკე აშშ-ის პრეზიდენტს და შემიძლია გითხრათ, რომ ისრაელისა და აშშ-ის პოზიციები სრულიად იდენტურია. არის სრული ერთსულოვნება და თანხმობა პალესტინელთა მთავრობის სტატუსთან მიმართებაში, თუ მისთვის მიუღებელი იქნება კვარტეტის პირობები მომავალი საქმიანობის საფუძვლად”.

ჯერ-ჯერობით საქმე ისეთი პირი უჩანს, რომ პალესტინელების მომავალი მთავრობა - მის შექმნაზე მიმდინარე თვეში, მექაში გამართულ მოლაპარაკებაზე მიაღწიეს ერთსულოვნებას - არ აპირებს ისრაელის სახელმწიფოს ცნობას. თვით კონდოლიზა რაისის შეფასებით, მექის შეთანხმება, როგორც ჩანს, არ შეესაბამება “კვარტეტის” მიერ წაყენებულ პირობებს.

ასეა თუ ისე, ისრაელის პრემიერ-მინისტრი და პალესტინელების პრეზიდენტი ისევ აპირებენ შეხვედრას, აშშ-ის სახელმწიფო მინისტრი კი - რეგიონში მალე დაბრუნებას.
XS
SM
MD
LG