Accessibility links

დღეს დილიდან რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ცნობებს საქართველოს მიერ რუსეთიდან


თამარ ჩიქოვანი, თბილისი დღეს დილიდან რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ცნობებს საქართველოს მიერ რუსეთიდან სამხედრო შეიარაღების უკანონო იმპორტის შესახებ.

საუბარია სამხედრო ვერტმფრენების სათადარიგო ნაწილებზე, რომელთაც, რუსეთის მხარის განცხადებით, დაღესტანში დარეგისტრირებული კომპანია აწვდიდა საქართველოს როგორც სამოქალაქო ვერტმფრენის ნაწილებს. ქართული მხარე ამ ცნობას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ საქართველო რუსეთთან სამხედრო შეიარაღების შეძენის სფეროში საერთოდ არ თანამშრომლობს. სავარაუდოდ, ხვალინდელი რუსეთის პრესა ამ თემას ყურადღებას დაუთმობს. მე კი ამჯერად რუსეთის გაზეთების იმ პუბლიკაციებს გაგაცნობთ, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას შეეხება.

”საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში რჩება” - ასე აფასებს 16 თებერვლის გაზეთი ”მოსკოვსკიე ნოვოსტი” საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს, როცა უმრავლესობამ კენჭისყრაზე არ დააყენა ოპოზიციური ფრაქცია ”რესპუბლიკელების” პროექტი საქართველოს მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დატოვების შესახებ. გაზეთს მოჰყავს რესპუბლიკური პარტიის არგუმენტები, თუ რატომ უნდა დატოვოს საქართველომ ეს გაერთიანება: პირველი, დსთ მკვდრადშობილი ორგანიზაციაა და, მეორე, საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის ემზადება და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში მისი ადგილი არ არის.

ამ ფაქტის კომენტირებისას, პოლიტოლოგმა რამაზ კლიმიაშვილმა გაზეთთან საუბარში “რესპუბლიკელების” მოთხოვნას პოპულიზმი უწოდა. ” მათ იციან, რომ ამ ეტაპზე საქართველოს არ შეუძლია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლა, მაგრამ თავად შეუძლიათ ხელისუფლება აკრიტიკონ იმის გამო, რომ ამას არ აკეთებს,” - ამბობს ქართველი პოლიტოლოგი და შენიშნავს: ნატოს სამიტზე საქართველოს გადასცეს რეკომენდაციები, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის ნატოში გასაწევრიანებლად და ამ რეკომენდაციებს შორის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დატოვების რჩევა არ ყოფილაო.

ენერგოუსაფრთხოების საკითხებს ეხება 20 თებერვლის ”ნეზავისიმაია გაზეტა”, რომლის ცნობითაც, ეს პრობლემა აწუხებს არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებს, არამედ თვითაღიარებულ რესპუბლიკებსაც - მაგალითად კი ცხინვალის ხელისუფლების ლიდერის ედუარდ კოკოითის განცხადება მოჰყავს, კერძოდ, რომ თბილისის გვერდის ავლით მშენებარე გაზსადენი ”ჯუარიკაუ-ცხინვალი” თვითაღიარებული რესპუბლიკის სუვერენიტეტის განმტკიცებას შეუწყობს ხელს. გაზეთი მკითხველს შეახსენებს, რომ ახალი გაზსადენი, რომლის სიგრძე 163 კილომეტრია და რომლის მშენებლობაც ნახევარი მილიონი დოლარი დაჯდება, რუსეთის ტერიტორიაზე “გაზპრომის” ხარჯით შენდება, სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობა კი ცხინვალის ხელისუფლების მიერ დაფინანსდება. ქართული მხარე ამ ფაქტს ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვად მიიჩნევს. ”ნეზავისიმაია გაზეტამ” ამ შეფასების კომენტირება ”გაზპრომის” პრესმდივანს სერგეი კუპრიანოვს სთხოვა, მაგრამ მან არავითარი განმარტების მიცემა არ ისურვა.

და კიდევ ერთი ცნობა, რომელსაც რუსეთის ვებ-გამოცემა ”ნიუსრუ” აქვეყნებს და რომელიც, მართალია, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას არ ეხება, მაგრამ, ვფიქრობ, ბევრს დააინტერესებს: არაბეთის საამიროებში ყოფნისას, მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა შეთანხმებას არაბეთის ემირატ რას ალ-ხაიმახთან ბიზნესის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ამ ხელშეკრულებით, არაბული მხარე საქართველოში უძრავ ქონებაში 817 მილიონ დოლარს ჩადებს. გათვალისწინებულია თბილისში, 2 მილიონ კვადრატულ მეტრზე, კომპლექს ”თბილისის სიმაღლეების” მშენებლობა, აგრეთვე აშენება სავაჭრო ცენტრისა. ამის გარდა, დაგეგმილია სერიოზული თანხების დაბანდება საქართველოში ტურიზმის ბიზნესის განვითარებაში.
XS
SM
MD
LG