Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადაკეთდება თუ არა ”გაზპრომი” ”ქვანახშირპრომად”


უკანასკნელ წლებში რუსულმა მონოპოლისტმა კომპანია ”გაზპრომმა” ოლიგარქ რომან აბრამოვიჩის ნავთობის კომპანია ”სიბნევტი” შეიძინა

და ჰოლანდიური კომპანია ”შელ ოილი” აიძულა პროექტ ”სახალინ 2”-ში წილის ნაწილი მისთვის დაეთმო. მაგრამ ამ კრემლის საამაყო კომპანიას სურს კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს - ”გაზპრომი” ქვანახშირისა და ელექტროენერგიის კომპანიად გადაქცევასაც აპირებს.

ახლახან ”გაზპრომმა” გამოაცხადა, რომ აპირებს გაერთიანდეს ”ციმბირის ქვანახშირის ენერგეტიკის კომპანიასთან”, იმავე ”სუეკთან”.

ამ გაერთიანებით, რომელსაც ფედერალურმა ანტიმონოპოლისტურმა სამსახურმა ნება დართო, რუსეთის ენერგეტიკის სექტორში ყველაზე მსხვილი - დაახლოებით 12 მილიარდი დოლარის ღირებულების - ჰოლდინგ-კომპანია ჩამოყალიბდება, რომელშიც წილის უმეტეს ნაწილს ”გაზპრომი” გააკონტროლებს.

”გაზპრომი” უკვე ფლობს რუსეთის ყველაზე დიდ ენერგეტიკის მაწარმოებელ კომპანიას - ”მოსენერგოს”.

ახალი გაერთიანების პერსპექტივა მიზნად ისახავს ენერგეტიკის რესურსების კიდევ უფრო მეტად ცენტრალიზებას და რუსეთის ბაზარზე ”გაზპრომის” გავლენის კიდევ უფრო გაძლიერებას. ამასთან, შესაძლოა, ეს გაერთიანება ვლადიმირ პუტინისთვის გავლენიანი თანამდებობის შექმნას ემსახურებოდეს - მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტის პოსტს დატოვებს.

წლის დასაწყისში პუტინი გამოვიდა წინადადებით რუსეთის ენერგეტიკის სექტორის ბალანსის შეცვლისა და ქვანახშირისთვის უფრო დიდი როლის მინიჭების თაობაზე. ეს წინადადება ლოგიკური ხდება, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ”გაზპრომს”, სავარაუდოდ, უკვე 2008 წელს გაუჭირდება გაზზე შიდა მოთხოვნილების დაკმაყოფილება.

რუსეთს მსოფლიოში სიდიდით მეორე ქვანახშირის საბადოები აქვს. შესაბამისად, ქვანახშირი რუსეთში ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ლოგიკურ რესურსს წარმოადგენს.

რუსეთში გამომავალი ”კომერსანტის” 15 თებერვლის ნომრის მიხედვით, დუმაში მზადდება ახალი კანონპროექტი, რომელიც მომავალ წლებში ენერგეტიკის ბალანსს დაარეგულირებს და გაზის მოხმარებას შეამცირებს.

მათ, ვინც ”გაზპრომის” ქვანახშირის ბაზარზე გაფართოების გეგმას აკრიტიკებს, მიაჩნათ, რომ ეს ნაბიჯი საბჭოთა ცენტრალიზებულ, დაგეგმილ ეკონომიკას თუ სახელმწიფო კაპიტალიზმს ჩამოჰგავს.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის გერმან გრეფის აზრით, ”გაზპრომის” გაერთიანება ”სუეკთან” კონკურენციის პროცესისთვის საზიანოა.

ბევრი ანალიტიკოსი შიშობს, რომ თუ ეს გაერთიანება მართლაც შედგა, ენერგეტიკის ძირითად წყაროებს, ისევე როგორც მათ ძირითად მიმწოდებლებს, ”გაზპრომი” გააკონტროლებს.

საყურადღებოა, რომ ”გაზპრომსა” და რუსეთის წამყვან ელექტროკომპანია ”რაო ეესს” შორის პოლიტიკური სხვაობა არსებობს. ”რაო ეესის” ხელმძღვანელ ანატოლი ჩუბაისსა და კრემლს შორის ერთგვარი დაპირისპირებაა, ჯერ კიდევ პრეზიდენტის პოსტზე პუტინის პირველად არჩევის დროიდან.

ჩუბაისი ”გაზპრომს” ხშირად აკრიტიკებს იმის გამო, რომ ეს კომპანია გაზზე შიდა მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. მისი თქმით, ეს რეგიონებში ენერგეტიკის მწარმოებელი რამდენიმე საწარმოს დახურვას გამოიწვევს. ამასთან, ჩუბაისი აცხადებს, რომ კრემლის მიერ კონტროლირებული ”გაზპრომი” თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს და ქვეყანაში გაზის ახალი საბადოების განვითარებას ყურადღებას არ აქცევს.

პარალელურად, ვრცელდება ცნობები, რომ რუსეთის ენერგეტიკის ბაზრის ლიბერალიზაციის შესახებ ჩუბაისის სტრატეგია კრემლის უკმაყოფილებას იწვევს. საერთოდ, პუტინის გუნდი ჩუბაისს ”თავისიანად” არასოდეს აღიქვამდა - მას ელცინის ”ოჯახის” უკანასკნელ წარმომადგენლად უფრო მიიჩნევენ.

თუ ჩუბაისს ”რაო-ეესს” დაატოვებინებენ, ხოლო ენერგეტიკის წარმოება ”გაზპრომის” ხელში გადავა, ამას კრემლი დადებითად შეხვდება.

რუსეთის ენერგეტიკის სექტორის გადანაწილების ირგვლივ მიმდინარე ბრძოლის ეს უკანასკნელი ტალღა, სავარაუდოდ, რუსეთს ენერგეტიკის სტაბილური მიმწოდებლის იმიჯს ევროპაში არ გაუმყარებს.

თუ ”გაზპრომი” იძულებული იქნება ქვეყნის შიგნით კლიენტებს მიწოდება შეუნარჩუნოს, ამან შეიძლება ევროპელ მომხმარებელზე იქონიოს გავლენა.

იანვარში გლობალური რეიტინგის სააგენტო ”ფიტჩმა” რუსეთის ენერგეტიკის სექტორზე უარყოფითი ანგარიში გამოაქვეყნა - მას ”ძალიან მაღალი რისკის” ბაზარი უწოდა, უწინარესად, პოლიტიკური არასტაბილურობის გამო.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG