Accessibility links

ვინ ართმევს ბინებს მიწისძვრისგან დაზარალებულ თბილისელებს?


2002 წლის 25 აპრილის მიწისძვრამ თბილისის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ათასობით შენობა დააზიანა, რამაც ათიათასობით ადამიანის ისედაც მძიმე ყოფა

კიდევ უფრო დაამძიმა. სტიქიური უბედურების შედეგების აღმოსაფხვრელად იმავე 2002 წლის აპრილში დედაქალაქის მერიასთან სპეციალური ფონდი შეიქმნა. საზოგადოების გულისხმიერი და შეძლებული წევრების შემოწირულობების წყალობით, ფონდის ხელმძღვანელობამ ყველაზე მეტად დაზარალებული თბილისელებისთვის 346 ბინის შეძენა მოახერხა, თუმცა მიწისძვრიდან ხუთი წლის თავზე ირკვევა, რომ დაზარალებულთა ერთი ნაწილი, 47 ოჯახი, სარგებლობაში გადაცემული ბინებიდან გამოსახლებას ექვემდებარება.

მიწისძვრამ ყველაზე მეტად თბილისის ისტორიულ ნაწილში მდებარე შენობები დააზიანა. 2002 წლის 25 აპრილამდე ირმა ბასილაშვილიც ძველ თბილისში, მეიდანზე, ცხოვრობდა.

[ირმა ბასილაშვილის ხმა] „25 აპრილის მიწისძვრის შემდეგ მესამე კატეგორიის დაზიანება მიანიჭეს, აღდგენას არ ექვემდებარება და ამიტომ ფონდმა მოგვცა ბინა, თუმცა მაშინ სულ სხვა თავმჯდომარე იყო. შემდეგ, შერაძის ხელდასხმით, დაინიშნა გონგლაძე და აქედან დაიწყო ჩვენი უბედურება. მან დაიწყო ხალხის გამოსახლება.“(სტილი დაცულია)

უნდა ითქვას, რომ ირმა ბასილაშვილსა და კიდევ რამდენიმე ათეულ დაზარალებულს ფონდის ხელმძღვანელობა ბინებიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით უპირებს გასახლებას. დავით მანაგაძე, ადამიანის უფლებათა დაცვის საინფორმაციო ცენტრის იურისტი, ფონდის ტაქტიკას ასეთ ახსნას უძებნის:

[დავით მანაგაძის ხმა] „ფაქტობრივად, ფონდმა განახორციელა ძალიან მარტივი თაღლითური მოქმედება: მოქალაქეებს ეს ბინები გადასცა დროებით სარგებლობაში და გარკვეული დროის მერე მოითხოვა ამ ხალხის გამოსახლება. საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ სთხოვს გარკვეულ თანხას; წინააღმდეგობის შემთხვევაში, ფონდი იწყებს სასამართლო დავებს, რომ მოპასუხეებმა დაადასტურონ მათი საცხოვრებელი ბინების საკუთრების საკითხი.“ (სტილი დაცულია)

ბინების საკუთრების დამადასტურებელი საბუთი, როგორც დავით მანაგაძე ამბობს, დაზარალებულებმა ვერ წარმოადგინეს, მიწისძვრით დაზარალებულთა ფონდის დირექტორი აკაკი გონგლაძე კი განმარტავს, რომ ის ოჯახები, რომლებიც გამოსახლებას ექვემდებარებიან, საცხოვრებელ ფართს დროებით, სამი წლით, განკარგავდნენ, თუმცა, დაზარალებულთა გასახარად, ვადის გასვლამდე ვარდების რევოლუცია მოხდა:

[აკაკი გონგლაძის ხმა] „მაგრამ იმის მერე, რაც ქვეყნის სათავეში მოვიდა მიხეილ სააკაშვილი, მიიღეს დადგენილება, რომ სამი წლის გასვლის შემდეგ, ანუ 2005 წლის აპრილის შემდეგ, ბინები გადაეცათ პირად საკუთრებაში იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც შესახლებული იყვნენ ამ 346 ბინაში, მაგრამ გადაეცათ არა ბრმად, არამედ მიწისძვრით დაზარალებულებს.“ (სტილი დაცულია)

აკაკი გონგლაძის თქმით, მოქალაქეთა ერთი ნაწილი, რომელიც გამოსახლებას ექვემდებარება, მიწისძვრით დაზარალებულთა კატეგორიას არ მიეკუთვნება, ნაწილი კი:

[აკაკი გონგლაძის ხმა] „არიან მიწისძვრით დაზარალებულები, მაგრამ, სულადობისა და სანიტარული ნორმების მიხედვით, არ ეკუთვნით იმ ბინების საკუთრებაში გადაფორმება, რომლებშიც ისინი შესახლებული არიან. ანუ იმის მერე, რაც პრეზიდენტის განკარგულება გამოვიდა, ასევე გამოვიდა დებულება, თუ როგორ გადაუფორმდეს ამ მოქალაქეებს პირად საკუთრებაში მათ მიერ დაკავებული ბინები. ერთ-ერთი პუნქტია სანიტარული ნორმა, რომლის მიხედვითაც, ერთ სულს ერთოთახიანი ეკუთვნის, სამ სულს ოროთახიანი და ასე შემდეგ.“(სტილი დაცულია)

ფონდის დირექტორი ამტკიცებს, რომ ქუჩაში არავინ დარჩება - უბრალოდ, დაზარალებულები შედარებით ნაკლები, ანუ დებულებით გათვალისწინებული, ფართობით დაკმაყოფილდებიან. თუმცა ირმა ბასილაშვილი ეჭვობს, რომ ფონდის დირექციას არა კანონების დაცვა, არამედ სარგებლის მიღების სურვილი ამოძრავებს:

[ირმა ბასილაშვილის ხმა] „რომ გაყიდის 4 ათასიან ბინას 20 ათასად, რამდენი დარჩება მოგება მასაც და ფონდის სხვა თანამშრომლებსაც?“

დაბოლოს, როგორ აპირებს ხელისუფლება მიწისძვრით დაზარალებულთა პრობლემის გადაჭრას? საქმე ის არის, რომ ფონდმა ბინებით დაზარალებულთა მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი დააკმაყოფილა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მაია ნადირაძის კომენტარი:

[მაია ნადირაძის ხმა] „ხელისუფლებას ნამდვილად არ აქვს იმის საშუალება, რომ ამდენი ადამიანი უზრუნველყოს ბინით. ეს არის გრანდიოზული თანხები, რის გაღების საშუალებაც ბიუჯეტს არ აქვს, მაგრამ არსებობს სხვა შეთავაზება: მოელაპარაკონ ინვესტორს და დაკმაყოფილდნენ იმავე ადგილზე აშენებულ შენობაში იმავე ფართით, ან გარკვეულ საფასურად გადავიდნენ ქალაქის სხვა ნაწილში.“(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG