Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს შეფასების მისია სამხედრო ნაწილების დათვალიერებას იწყებს


საქართველოს ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი უმთავრესი პირობა თანამედროვე სტანდარტების მიხედვით სამხედრო დანაყოფების აღჭურვა და მოდერნიზებაა.

შესაბამისად, ნატოს შეფასების მისიამ საქართველოში ჩამოსვლის მეორე დღეს სწორედ სამხედრო ნაწილების შემოწმება დაიწყო, რათა საკუთარი თვალით დარწმუნდეს, თუ რას წარმოადგენს რეალობაში ქართული სამხედრო ძალა. შემფასებელთა მისიის ზოგადი შთაბეჭდილება საზოგადოებისათვის კვირის ბოლოს გახდება ხელმისაწვდომი. მანამდე კი კიდევ ერთხელ განცხადდა, რომ გაყინული კონფლიქტების არსებობა საქართველოში ხელს ვერ შეუშლის ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესს.

საქართველოში ნატოს შემფასებელთა მისია და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი თითქმის ერთსა და იმავე დროს ჩამოვიდნენ. გერმანია, რომელიც 2007 წლიდან ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა, 1955 წლიდან არის ნატოს წევრი სახელმწიფო. შტაინმაიერმა თბილისში ყოფნის დროს გააქარწყლა ის სტერეოტიპი, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ბომონდში არსებობდა გერმანიის, როგორც იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც, ე.წ. მოუგვარებელი კონფლიქტების გამო, ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესს. 19 თებერვალს თბილისში გამართულ ბრიფინგზე რადიო "თავისუფლების" შეკითხვას, ხომ არ აღმოჩნდება საქართველო ამ "გაყინული კონფლიქტების" მძევალი ნატოში გაწევრიანების გზაზე, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასე უპასუხა:

[ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ხმა] "რა თქმა უნდა, ნატო და ნატოს წევრი ქვეყნები დაინტერესებული არიან, რომ კავშირის ახალმა წევრებმა ალიანსში საკუთარი კონფლიქტები არ შემოიტანონ. მაგრამ ეს, ცხადია, სულაც არ ნიშნავს, რომ ამ კონფლიქტების მოუგვარებლობას ნატოში გაწევრიანების გზაზე დაბრკოლებად უნდა განვიხილავდეთ. ასე რომ მოვიქცეთ, მესამე მხარეს შესაძლებლობას შევუქმნით, რაც შეიძლება მეტად გააჭიანუროს დაახლოების პროცესი."

ამ სიტყვების ავტორმა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა, საქართველო 20 თებერვალს დატოვა. თუმცა საქართველოში რჩება ნატოს შეფასებითი მისია, რომელმაც ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებათა შესრულება უნდა შეამოწმოს. ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა საქართველოს ავალდებულებს: მოახდინოს შეიარაღებული ძალების ყველა კომპონენტის რეფორმირება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად; უზრუნველყოს ქვეყანაში კანონიერების, კერძო საკუთრებისა და ადამიანის უფლებათა დაცვა; გაატაროს დემოკრატიული რეფორმები პოლიტიკაში, ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში. ნატოს შეფასებითი მისია, რომელიც ამ შემადგენლობით შარშან, მარტის დასაწყისში, უკვე იმყოფებოდა საქართველოში, მაშინ ბრიუსელში კმაყოფილი დაბრუნდა. მისიის ხელმძღავნელმა ფრანკ ბოლანდმა, რომელიც ამჟამადაც იმყოფება საქართველოში, შარშან თავისი შთაბეჭდილება ჟურნალისტთა ვიწრო წრეს გააცნო:

[ფრანკ ბოლანდის ხმა] “ნებისმიერი ერისათვის მეტად რთული პროცესია გადალახოს პრობლემები, რაც ისტორიულად ხვდა წილად. გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ ეკონომიის დაბალი დონე ზღუდავს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობას, ხორცი შეასხას ბევრ ისეთ წამოწყებას, რაც სურს. მაგრამ, ამ შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად, ჩვენ მართლა გაოცებული ვართ, თუ რამდენი რამ შეიცვალა და რამდენი რამის შეცვლას გეგმავს ხელისუფლება უახლოეს მომავალში. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ნატოს 26 წევრსა და საქართველოს ექნებათ სრული თანხვედრა ამ საკითხებში.”

ეს იყო შარშან. თუმცა საქართველოს ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ნატოს შეფასებითი ჯგუფი წელს კიდევ უფრო დიდი შთაბეჭდილებით დაბრუნდება ბრიუსელში. ამ მიზნით ნატოს წარმომადგენლები სენაკში ჩაიყვანეს და დაათვალიერებინეს ახალი სამხედრო ბაზა, რომლის მშენებლობაც სახელმწიფო ბიუჯეტს შარშან 20 მილიონი დოლარი დაუჯდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ დონის სამხედრო ბრიგადა ჯერჯერობით მხოლოდ ერთია საქართველოში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG