Accessibility links

logo-print

რატომ ვერ თანხმდება ბელორუსიის პოლიტიკური ოპოზიცია?


ბელორუსიის პოლიტიკური ოპოზიცია

ეროვნული კონგრესის გამართვას გეგმავს 17 და 18 მარტს, გაყალბებულად მიჩნეული საპრეზიდენტო არჩევნების წლისთავზე - არჩევნების, რომელმაც პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს უპრეცედენტო მესამე ვადა მოუტანა. მაგრამ ლუკაშენკოს მთავარი მეტოქე, ალექსანდრ მილინკევიჩი, აცხადებს, რომ არ აპირებს კონგრესში მონაწილეობის მიღებას. მილინკევიჩი ფიქრობს, რომ ეს კონგრესი ოპოზიციურ სპექტრში ძალაუფლების გადანაწილების ირგვლივ კონფლიქტს დაეთმობა. ბელორუსიის ამ ყველაზე ცნობილი ოპოზიციონერის გადაწყვეტილებას ბევრი ანალიტიკოსი ბელორუსიის პროდემოკრატიულ ძალებში განხეთქილების დასაწყისად მიიჩნევს. ”ახალი ევროპის” დრევანდელ გამოშვებას ამ პროცესებზე საუბარს დავუთმობთ.

2005 წლის ოქტომბერში გამართულ ასეთივე კონგრესზე ალექსანდრ მილინკევიჩი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იყო. მაშინ კენჭისყრაში მონაწილეობა მთელი ქვეყნიდან ჩასულმა დაახლოებით 800-მდე დელეგატმა მიიღო და მილინკევიჩმა მცირედი განსხვავებით დაამარცხა გაერთიანებული სამოქალაქო პარტიის ლიდერი ანატოლ ლიაბედკა.

2006 წლის 19 მარტის არჩევნების შემდეგ კი, სადაც, ოფიციალური მონაცემებით, მილინკევიჩმა ხმების 6 პროცენტი მიიღო, ის ბელორუსიის პოლიტიკური ოპოზიციის მთავარი წარმომადგენელი გახდა დასავლეთის ქვეყნებში.

ალექსანდრ მილინკევიჩი რეგულარულად მართავს შეხვედრებს მაღალი რანგის ევროპელ პოლიტიკოსებთან. 2006 წლის ოქტომბერში მას ევროპის პარლამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვისათვის დაწესებული პრესტიჟული ჯილდო - სახაროვის პრემია - გადასცა.
ზოგიერთის ვარაუდით, დასავლეთში ამგვარი პოპულარობის გამო, მილინკევიჩის მიმართ ოპოზიციის სხვა ლიდერებს ერთგვარი შური გაუჩნდათ - ეს ეხება, მაგალითად, იმავე ლიაბედკას ან ბელორუსიის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელს სერგეი კალიაკინს, რომელმაც ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერად ქცევისთვის ბრძოლაში ასევე მარცხი განიცადა.

მიმდინარე წლის იანვარში პროდემოკრატიულ ძალთა პოლიტიკურმა საბჭომ - უწყებამ, რომელიც მილინკევიჩის არაოფიციალური ხელმძღვანელობით მოქმედ გაერთიანებულ ოპოზიციას უწევს კოორდინაციას - გამოაცხადა, რომ ხელმძღვანელის პოსტის როტაციის პრინციპზე დამყარებას გეგმავს და ამ სტატუსის მოპოვება ყველა პარტიის ლიდერს შეეძლება.

როტაციის პრინციპი მარტის კონგრესზე უნდა დამტკიცდეს. თუმცა ალექსანდრ მილინკევიჩი უკვე გამოვიდა მისი მწვავე კრიტიკით:

[მილინკევიჩის ხმა] ”შეჯიბრის არ მეშინია და მზად ვარ კიდევ ერთხელ ვიბრძოლო ოპოზიციაში ლიდერის სტატუსის მოსაპოვებლად. მაგრამ როდესაც კოალიციამ გადაწყვიტა, რომ როტაციის პრინციპის შემოღება უნდა, მე მაშინვე განვაცხადე, რომ ყოველივე ეს აღარ მაინტერესებდა. როტაცია იმას ნიშნავს, რომ ლიდერი აღარ იარსებებს - ამავე დროს, ყველა ლიდერი იქნება, ერთდროულად. რამდენიმე თვით ყველა გახდება ლიდერი - თუმცა შემდეგ შეიცვლება. ყოველ სამ წელიწადში ერთხელ შეძლებ ლიდერად ქცევას. მაგრამ დიქტატურას ასეთი შეუკრავი მუშტით ვერ დაამარცხებ.”

მილინკევიჩის თქმით, კონგრესზე დასასწრებად დელეგატების შერჩევა გამჭვირვალე არ ყოფილა - პირიქით, მისი თქმით, ამ პროცესს ოპოზიციის ლიდერად ქცევის მსურველმა კანდიდატებმა გაუკეთეს მანიპულირება.

მარტის კონგრესის ორგანიზატორს, დამოუკიდებელი პროფკავშირების წარმომადგენელ ალექსანდრ ბუხვოსტაუს მიაჩნია, რომ მილინკევიჩის გადაწყვეტილება ოპოზიციის რიგებში განხეთქილებას წაროადგენს.

კომუნისტური პარტიის ლიდერი კალიაკინი, რომელიც 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე წარმოებულ კამპანიაში მილინკევიჩის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა, ახლა აცხადებს, რომ მილინკევიჩმა კონკრესში მონაწილეობაზე უარი ლიდერის სტატუსის დაკარგვის შიშით თქვა:

[კალიაკინის ხმა] ”ჩემი აზრით, ეს ადამიანი, უბრალოდ, დარწმუნებული არ არის, რომ ამ კონგრესში მხარდაჭერის მოპოვებას შეძლებს. ამდენად, მან მცდელობის გარეშე დაყარა ფარ-ხმალი. ეს კი არასოდეს არ არის სწორი ნაბიჯი.”

ოპოზიციის ლიდერობის აშკარა მსურველმა ანატოლ ლიაბედკამ კი რადიო ”თავისუფლების” ბელორუსულ სამსახურს უთხრა, რომ, მისი აზრით, მილინკევიჩი ამ გადაწყვეტილებით პოლიტიკას საერთოდ ტოვებს:

[ლიაბედკას ხმა] ”ცხადია, რომ ამ მომენტიდან გაერთიანებულ დემოკრატიულ ძალებს არც დე იურე და არც დე ფაქტო ლიდერი არა ჰყავთ. მილინკევიჩმა, ალბათ, იმ სექტორში დაბრუნება გადაწყვიტა, საიდანაც მოვიდა კიდეც პოლიტიკაში - კერძოდ, სამოქალაქო სექტორში.”

თუმცა მილინკევიჩის წასვლას ბევრი ოპოზიციონერი უარყოფითად შეხვდა - მაგალითად, ბელორუსიის სახალხო ფრონტის პარტიის ლიდერი ვინსუკ ვიაჩორკა, რომელსაც მიაჩნია, რომ ამან, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს როგორც გაერთიანებულ ოპოზიციას, ისე თვითონ მილინკევიჩს:

[ვიაჩორკას ხმა] ”ჩვენ გვესმის, რომ მილინკევიჩის გარეშე კონგრესი ვერ იქნება დემოკრატიული ძალების გაერთიანებული კონგრესი. მაგრამ, მეორე მხრივ, გაერთიანებული დემოკრატიული ძალების გარეშე ვერც მილინკევიჩი იქნება ეროვნული მასშტაბის ლიდერი.”

ამგვარი ვითარების შექმნის თავიდან არიდების მიზნით, ვიაჩორკა გამოვიდა წინადადებით, მილინკევიჩი დარჩეს პროდემოკრატიული ძალების საბჭოს ხელმძღვანელად და დასავლეთში ოპოზიციის მთავარ წარმომადგენლად. პარალელურად, მისი წინადადებით, უნდა შეიქმნას საბჭოს პრეზიდიუმის ლიდერის პოსტი, რომელიც როტაციის პრინციპით იმოქმედებს. თუმცა ვიაჩორკას წინადადებას ჯერჯერობით შედეგი არ მოჰყოლია - საბჭო 19 თებერვალს ამ იმედის განსახილველად შეიკრიბა, მაგრამ შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

ეს განხეთქილება დაემთხვა დროს, როდესაც ბელორუსიის ოპოზიციას ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში მნიშვნელოვანი როლის შესრულების შანსი გაუჩნდა. რუსეთთან ენერგეტიკის საფასურის გამო შექმნილმა კონფლიქტმა ლუკაშენკო აიძულა, დასავლეთთან ურთიერთობაში შედარებით დათბობაზე წასულიყო. თავდაჯერებული და ძლიერი ოპოზიცია, რომელიც ქვეყნის შიგნითაც და საზღვარგარეთაც შეძლებდა მოქმედებას, ამ კავშირების გამყარებაში შეასრულებდა როლს. თუმცა მოცემულ ვითარებაში ოპოზიცია საკმაოდ სუსტად გამოიყურება და, როგორც ჩანს, პოლიტიკურ სიტუაციაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენას ვერ ახერხებს. ლიდერის პოზიციის ირგვლივ დაწყებული ბრძოლის გაღრმავება კი, სავარაუდოდ, ბელორუსიის ოპოზიციის კიდევ უფრო დასუსტებას მოიტანს.
XS
SM
MD
LG