Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა მარეგულირებელ ”წურბელებს” და ”პარაზიტებს” შეუტია


21 თებერვლის მთავრობის სხდომა, რომლის დღის წესრიგიც მინისტრებს სრულ იდილიას ჰპირდებოდა, საქართველოს პრეზიდენტის შესავალი სიტყვის შემდეგ ”აღმზრდელობითი მუშაობის” გაკვეთილს დაემსგავსა.

დაახლოებით 20 წუთში, მიხელ სააკაშვილმა გაუქმებულად გამოაცხადა ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისია, როგორც კორუმპირებული და პარაზიტული სტრუქტურა, მიწასთან გაასწორა საგადასახადო სამსახურის უინიციატივო მოხელეები, ხოლო თავად მინისტრებს მობილიზება გაუკეთა ლილოს საბაჟო ტერმინალზე, რათა რეალურ ვითარებაში ეჩვენებინა ის ქაოსური ვითარება, რომელიც საქართველოს საბაჟოებზე სუფევს. მინდა გაცნობოთ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები სააკაშვილის მოულოდნელი რეიდის შემდეგ.


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ანთელიძემ თანამდებობა დატოვა, მუშაობა შეწყვიტა და დაილუქა ტრანსპორტის ეროვნული მარეგულირებელი კომისიის სამუშაო კაბინეტები, თავად კომისიის უფროსი ალექსანდრე ჩხიკვაძე ჰოსპიტალიზებულია. ასეთია შედეგი იმ განკითხვისა, რომელიც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამთავრობო სხდომაზე მოაწყო. ასეთი რადიკალური გადაწყვეტილების მიღება სააკაშვილს, როგორც თავად თქვა, უკარნახა დუბაიში მიღებულმა შთაბეჭდილებამ, რომლის ფონზე საქართველოს ფისკალურ ინსტიტუტებში გამეფებული ბიუროკრატიული ატმოსფერო და მოხელეთა არაკომპეტენტურობა დამთრგუნველი აღმოჩნდა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”დაბალ სტრუქტურებში, დაბალ ეშელონებში მომუშავე პერსონალი - და, ზოგჯერ, მაღალ ეშელონებშიც - ხშირად არის ძალიან არაკომპეტენტური. ჩვენ, რა თქმა უნდა, კონტრაბანდისაგან უნდა დავიცვათ ბაზარი, მაგრამ სწორედ ამიტომ გავამარტივეთ საბაჟო ტარიფები, პროცედურები, რომ - იმის ხარჯზე, რომ ჩვენ გვინდა კონტრაბანდისაგან დავიცვათ ბაზარი, - არ გავუმწაროთ სიცოხლე ჩვენს კეთილსინდისიერ მოქალაქეებს.” (სტილი დაცულია)

საქართველოს პრეზიდენტმა ხმას კიდევ უფრო აუწია, როდესაც ახლად შექმნილი სტრუქტურის - ტრანსპორტის ეროვნული მარეგულირებელი კომისიის - მუშაობას შეეხო. სააკაშვილმა მიწასთან გაასწორა კომისიის მუშაობა, მას სახელმწიფოს წურბელა და პარაზიტი უწოდა და ეკონომიკის მინისტრს კომისიის დაუყოვნებლივ დალუქვა მოსთხოვა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ყოველგვარი დამატებითი გადასახადების ამოღება მოქალაქეებისაგან ამ პარაზიტის მიერ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს. თუ საჭიროა, პოლიციაც დაიხმარეთ. და აწი დავხურავ ასე ყველაფერს! და რამდენიც უნდა პარლამენტში და ვისაც უნდა და
როგორც უნდა, ისე დაალობიროს. სულ არ მაინტერესებს არაფერი! მე მაინტერესებს ერთი რაღაც, რომ საზოგადოება და მოქალაქეები დაცული იყვნენ სხვადასხვა სახის სპეციალური ინტერესებისაგან. ეს არის გაკვეთილი იმათთვისაც, ვინც პარლამენტში ეს კანონი გაიტანა.”(სტილი დაცულია)

მაგრამ საქართველოს პრეზიდენტის სიტყვიერი ბრძანების შესასრულებლად პოლიციის დახმარება არ გახდა საჭირო. 21 თებერვალს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისიის სამუშაო კაბინეტები დათქმულ დროზე ოპერატიულად დალუქეს. კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ჩხიკვაძე კი ჰოსპიტალში აღმოჩნდა.

რაც შეეხება ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისიის შექმნის საკითხს. როგორც ირკვევა, შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებას, რომელსაც პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი, 2006 წლის 25 მაისს თავად საქართველოს პრეზიდენტმა მოაწერა ხელი. თუმცა სააკაშვილმა საკუთარი თავიც და პარლამენტის უმრავლესობაც დაინდო. პრეზიდენტის თქმით, ”მისი მომხრე უმრავლესობა პარლამენტში ჯანსაღია”, ხოლო საკანონმდებლო ცვლილების დამტკიცება თურმე, უბრალოდ, ”კურიოზი” ყოფილა. ამასთან, ხელისუფლებამ ოთხშაბათს კიდევ ერთი ”კურიოზული” სტრუქტურა ამოიღო მიზანში. როგორც ეკონომიკის მინისტრმა გიორგი არველაძემ განაცხადა, ასეთივე უფუნქციო მარეგულირებელი ორგანო ყოფილა ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო, რომელიც თავის დროზე ასევე პრეზიდენტის მოხრე საპარლამენტო უმრავლესობის ლობირებით შეიქმნა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG