Accessibility links

logo-print

საქართველოს მხარე ამზადებს ინიციატივებისა და წინადადებების პაკეტს კონფლიქტებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისა და სამშვიდობო პროცესების ფორმატის შესაცვლელად


საქართველოს მხარე ინიციატივებისა და წინადადებების პაკეტს ამზადებს კონფლიქტებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებისა და სამშვიდობო პროცესების ფორმატის შესაცვლელად.

ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა და, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დირექტორი დავით დონდუა ამბობს, საქართველოს მხარე ახალი ინიციატივებით გამოსვლისას აუცილებლად გაითვალისწინებს საკითხის გადაწყვეტის შესაძლო შედეგებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა გასულ კვირაშიც განაცხადა, რომ აქტიურად მიდის მსჯელობა აფხაზეთში სამშვიდობო ძალების სხვა ძალებით - მათ შორის, უკრაინული კონტინგენტით - ჩანაცვლებაზე. აფხაზთა მხარე კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების სხვა - ნეიტრალური - ძალებით ჩანაცვლების იდეას.

”საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტურ ზონებში რუსეთის სამშვიდობო ძალების საერთაშორისო სამშვიდობო ძალებით ჩანაცვლება ადვილი არ არის, მაგრამ არც არარეალისტურია” - ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა უკვე 21 თებერვალს გააკეთა. მისივე თქმით, საერთაშორისო სამშვიდობო ძალებში ჩართვის მზადყოფნა უკვე გამოხატა უკრაინამ, აგრეთვე ბალტიისპირა ქვეყნებმა და პოლონეთმა და რუმინეთმაც. მინისტრის განცხადებით, სამშვიდობო ძალების ჩანაცვლების საკითხზე საქართველო აგრძელებს მუშაობას საერთაშორისო დონეზე, კერძოდ, იმ მიმართულებით, თუ რომელი საერთაშორისო ორგანიზაცია გასცემს მანდატს სამშვიდობო პროცესში ჩართვის თაობაზე.

{დათო დონდუას ხმა} ”საქართველოს მხარე ამზადებს ინიციატივებისა და წინადადებების პაკეტს, რომლებიც ეხება, როგორც მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლას, ისე სამშვიდობო ძალების შეცვლას. ეს ეხება ორმხრივი დიალოგის დაწყებასაც და იმ ლეგალური ბაზის გადახედვასაც, რომელიც არეგულირებს კონფლიქტების მოგვარების პროცესს. ”

თქვა რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურმა დირექტორმა დავით დონდუამ. ლეგალური ბაზის გადახედვაში მან იგულისხმა საქართველოს წინა ხელისუფლების პერიოდში გაფორმებული და დღეისთვის უკვე მოძველებული შეთანხმებები, რომლებსაც დღემდე ეფუძნება სამშვიდობო პროცესები როგორც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოწესრიგების მიმართულებით.
ერთია ინიციატივები და წინადადებები, მეორეა ის, თუ რა გზები არსებობს მათ ხორცშესასხმელად. არსებობს საქართველოს პარლამენტის დადგენილებები, რომლებითაც ის საქართველოს მთავრობას მოუწოდებს მიზანშეწონილად ცნოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არაეფექტიანი სამშვიდობო ოპერაციების შეწყვეტა. რამდენიმე ქვეყანა მზადაა მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს კონფლიქტურ ზონებში. შეგახსენებთ: უკრაინის პრეზიდენტმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზეც დაადასტურა უკრაინის მზადყოფნა მიიღოს მონაწილეობა საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში.

დავით დონდუას ვკითხეთ, როგორ შეიძლება მოხდეს რუსეთის სამშვიდობო ოპერაციების შეწყვეტა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

[ დავით დონდუსა ხმა] ”აფხაზეთის შემთხვევაში უფრო ადვილია. იქ არის დოკუმენტი, რომლის მიხედვით, თუ ერთ-ერთი მხარე ჩათვლის საჭიროდ, რომ ფორმატი უნდა შეიცვალოს და რუსეთის სამშვიდობოები გავიდნენ, ისინი ვალდებულები არიან გავიდნენ.”(სტილი დაცულია)

შედარებით რთულად დგას საკითხი ცხინვალის რეგიონში, რადგან ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგებისთვის მოქმედებს ოთხმხრივი ფორმატი და ამ შემთხვევაში საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ ერთი მხარის ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული. ასეა თუ ისე, საქართველოს მხარე ამუშავებს გზებს არაეფექტიანი სამშვიდობო ოპერაციების პრობლემის გადასაწყვეტად და მუშაობის პროცესში ითვალისწინებს იმას, რომ საჭიროა ამ ძალების ჩანაცვლება არა რომელიმე სამხედრო ბლოკის, არამედ გაეროს მანდატით აღჭურვილი ძალებით, ოღონდ ამ ახალ საერთაშორისო ძალებში რუსეთის წარმომადგენლობაც უნდა იგულისხმებოდეს.

გავრცელებული ცნობებით, საქართველოს მხარე შეეცდება აპრილში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციის საკითხი წამოსწიოს.
XS
SM
MD
LG