Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა პერსპექტივა აქვს დედაქალის ცენტრში მდებარე შენობების რეკონსტრუქცია-განახლებას


საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია „ჯი-არ-დი-სი“, ჰოლანდიელი და ქართველი არქიტექტორების დახმარებით, დედაქალაქის ცენტრში ორი ძვირად ღირებული პროექტის განხორციელებას იწყებს.



ლაპარაკია თავისუფლების მოედანთან მდებარე ყოფილი „ცეკავშირის“ სახლსა და თბილისის რკინიგზის ვაგზლის შენობის რეკონსტრუქციაზე. წინასწარი გათვლებით, საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიას აღნიშნული პროექტების დაფინანსება 50 მილიონი დოლარი დაუჯდება, განახლებული შენობების გახსნა კი 2008 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის „ჯი-არ-დი-სის“ ძირითადი მიმართულება უძრავი ქონების შეძენა და განვითარებაა. კომპანიის თვალსაწიერში ხვდება დედაქალაქის ცენტრში მდებარე როგორც ისტორიულად, ასევე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები. „ჯი-არ-დი-სის“ დიზაინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯონათან კოჰენ ლიტანტი კომპანიის სტრატეგიას ასე განმარტავს:

[ჯონათან კოჰენ ლიტანტის ხმა] „ჯი-არ-დი-სის“-თვის ძალზე მნიშვნელოვანია, არ დაანგრიოს არსებული შენობები. ჩვენი მიზანია გამოვიყენოთ ეს ობიექტები და მოვახდინოთ მათი რეკონსტრუქცია, რათა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ამ შენობების იერსახე.“

საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია ამჟამად ორი პროექტის განხორციელებაზე მუშაობს. მამუკა ხაზარაძე, კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ამბობს, რომ ჰოლანდიელმა და ქართველმა არქიტექტორებმა უკვე გაიარეს სქემატური დიზაინის ფაზა:

[მამუკა ხაზარაძის ხმა] „ მუშაობა დაიწყება ორ თვეში, მთლიანი ბიუჯეტი არის დაახლოებით 28-30 მილიონი დოლარი, პროექტი დამთავრდება 24 თვეში. ეს, რაც შეეხება ყოფილი ცეკავშირის სახლს. ვაგზლის შენობის რეკონსტრუქციაც ორ თვეში დაიწყება. ეს პროექტიც განხორციელდება დაახლოებით ორ წელიწადში და მისი მთლიანი ბიუჯეტი არის დაახლოებით 20 მილიონი დოლარი.“


მამუკა ხაზარაძის თქმით, რეკონსტრუქციის შემდეგ ყოფილი ცეკავშირის სახლში კომპანიათა ოფისები, აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზი და რესტორანი განთავსდება. რაც შეეხება თბილისის რკინიგზის ვაგზლის შენობას, იგი 40 წლიანი იჯარით აღებული აქვს სააქციო საზოგადოება „თბილისი ცენტრალს“, რომელიც, თავის მხრივ, „ჯი-არ-დი-სისა“ და „ჯი-ემ-თი ჯგუფის“ მიერაა დაფუძნებული. რა ბედი ელის ვაგზლის შენობას? ამ კითხვას „თბილისი ცენტრალის“ გენერალური დირექტორი დავით გიგაია ასე უპასუხებს:

[დავით გიგაიას ხმა]„შენობის კონსტრუქციული ნაწილი არ შეიცვლება, ის მიიღებს განახლებულ სახეს, შეიცვლება მხოლოდ შენობის დიზაინი. ასევე შეიცვლება მგზავრთა ნაკადის მოძრაობა შენობის შიგნით.“

დავით გიგაიას თქმით, თბილისის ვაგზლის შენობა გადაუდებელ რემონტსა და რესტავრაციას საჭიროებს. საქმე ის არის, რომ ჯერ კიდევ ოცი წლის წინ ვაგზლის ექსპლუატაცია სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე დაიწყო. ნაგებობას ასევე მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს დევნილებმა, რომლებიც იქ წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, მერიის მესვეურთა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო: დევნილებისგან დაცლილსა და იჯარით გადაცემულ ვაგზლის შენობაში მრავალმილიონიანი ინვესტიცია იდება. თბილისის ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი მოვლენის მნიშვნელობაზე ლაპარაკობს:

[მამუკა ახვლედიანის ხმა] „ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ქალაქში მნიშვნელოვანი ინვესტიციები იდება. არ არის საუბარი ერთსა და ორ მილიონ დოლარზე. ლაპარაკია რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიციაზე. თუმცა ასევე ძალზე მნიშვნელოვანია ქალაქისათვის იერსახისა და ტრადიციული არქიტექტურის შენარჩუნება და სათანადო ფორმის მოძებნა, რაც ასე წარმატებულად შეძლეს ჰოლანდიელმა არქიტექტორებმა.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG