Accessibility links

logo-print

გაეროს ატომური უწყება აქვეყნებს ანგარიშს ირანის ბირთვულ პროგრამაზე


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ირანმა არათუ არ შეწყვიტა ურანის გამდიდრება - როგორც ამას ქვეყნისგან გაეროს უშიშროების საბჭო მოითხოვდა - არამედ ნატანცის ობიექტზე ურანის გამამდიდრებელი ცენტრიფუგების ინსტალაცია გაზარდა კიდეც.

გაეროს ატომური უწყების აზრით, ცენტრიფუგების რაოდენობის გაზრდა იმის მანიშნებელია, რომ ირანი თავის ატომურ პროგრამას აფართოებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ირანმა გამდიდრებული ურანის წარმოების პროცესში კვლევითი დონიდან ინდუსტრიულ მასშტაბებს მიაღწია. ანგარიშის თანახმად, ირანის მხარემ სააგენტოს წარმოამდგენლებს უთხრა, რომ მაისის თვისთვის 3000-მდე ცენტრიფუგის დადგმას და ამუშავებას გეგმავს.

ამასთან, გაეროს ატომური უწყება ამბობს, რომ ირანის მიერ წარსულში განხორციელებული ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებულ შეკითხვებზე პასუხების მოძებნის პროცესში პროგრესი მცირეა.

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიში დაეგზავნა საკუთრივ სააგენტოს საბჭოს - რომელშიც 35 ქვეყანაა წარმოდგენილი - და გაეროს უშიშროების საბჭოს.

გაეროს მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი ირანს კიდევ უფრო გაფართოებული სადამსჯელო სანქციების კანდიდატად აქცევს. გაეროს უშიშროების საბჭომ დეკემბერში მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ირანს შეზღუდული სანქციები დაუწესდა. საბჭომ ირანს 60 დღე მისცა ურანის გამდიდრების შეწყვეტისთვის. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, გამოცხადდა, რომ ირანის წინააღმდეგ დამატებითი ზომები გატარდებოდა.

გაეროს მიერ დაწესებული ვადა - 60 დღე - ოთხშაბათს ამოიწურა. ირანის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანა ატომურ პროგრამას გააგრძელებს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის აზრით, ირანის უარი, დამორჩილებოდა უშიშროების საბჭოს მოთხოვნებს, წარმოადგენს ”ირანის მთავრობისთვის, და ირანელი ხალხისთვის მიცემული შანსის ხელიდან გაშვებას”. დეპარტამენტის წარმომადგენლის, ტომ კეისის თქმით, შეერთებული შტატები გაეროს უშიშროების საბჭოსგან ირანის წინააღმდეგ გატარებული ზომების გამკაცრებას მოითხოვს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფილიპ დუსტ ბლეისიმ, გაეროს ატომური უწყების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მეორე რეზოლუციის მიღების, და სანქციების გაგრძელების, მომხრეა.

თუმცა, ირანის წარმომადგენელის თქმით, გაეროს ატომური უწყების ანგარიში ამტკიცებს, რომ ირანს მშვიდობიანი მიზნები ამოძრავებს. ირანის ატომური ენერგეტიკის ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, მუჰამედ საედიმ, სააგენტო ”როიტერსს” უთხრა, რომ ანგარიში ამტკიცებს - ამ საკითხის გადაჭრის საუკეთესო გზა მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება, და ფართო შეთანხმების მიღწევაა.

მოგეხსენებათ, ირანი აცხადებს, რომ მისი ატომური პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. მაგრამ დასავლეთის ქვეყნები ეჭვობენ, რომ ირანი სინამდვილეში ატომური იარაღის შექმნაზე მუშაობს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა, ხუთშაბათს განაცხადა, რომ იმისათვის, რომ ირანმა ბირთვული გამდიდრების სამუშაოები შეწყვიტოს და მოლაპარაკება დაიწყოს, საერთაშორისო თანამეგობრობა ყველა შესაძლო ბერკეტს გამოიყენებს - მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციებს.

პერსპექტივას, რომ ანგარიშის გამოქვეყნების შედეგად ირანის წინააღმდეგ ამჟამინდელზე უფრო ფართომასშტაბიანი სანქციები იქნება მიღებული, ანალიტიკოსებიც ეთანხმებიან. ლონდონში მოღვაწე ექსპერტის, მარკ ფიცპატრიკის ვარაუდი ასეთია: [ფიცპატრიკის ხმა] “გაეროს უშიშროების საბჭო დაიწყებს მსჯელობას მორიგ სანქციებზე. უშიშროების საბჭოს წინა, 23 დეკემბრის რეზოლუციაში ცალსახადაა ნათქვამი, რომ თუ ირანი არ დაიცავს 60-დღიან ვადას, უშიშროების საბჭო მიიღებს დამატებით ზომებს 41-ე მუხლის მიხედვით, რაც არის ეკონომიკური სანქციები”, - ამბობს მარკ ფიცპატრიკი, ბირთვული გაუვრცელებლობის საკითხების ექსპერტი სტრატეგიულ კვლევების ლონდონის ინსტიტუტში. მაგრამ მისი კოლეგა, სტოკჰოლმში მოღვაწე ექსპერტი შანონ კაილი ფიქრობს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს გაუჭირდებათ ერთსულოვნების მიღწევა უფრო მკაცრ სანქციებზე, რადგან წინააღმდეგობაა მოსალოდნელი გაეროს უშიშროების საბჭოს ორი მუდმივი წევრის, ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან. ორივეს აკავშირებს ირანთან კონტაქტები ეკონომიკის სფეროში და ბირთვული პროგრამის გარშემო დაპირისპირებაში პეკინიც და მოსკოვიც, უწინარეს ყოვლისა, დიპლომატიის გზას ემხრობიან.

როგორც უნდა იყოს, გაეროს უშიშროების საბჭოში სანქციებზე მსჯელობა მოსალოდნელია და, ფიცპატრიკის რწმენით, ირანის წინააღმდეგ გამკაცრებულ სანქციებზე ბოლოს მოსკოვს და პეკინსაც დაიყოლიებენ.

რა მოხდება მერე, ამის განჭვრეტა ძნელია. აი, რა ვარაუდს გამოთქვამს ბირთვული გაუვრცელებლობის საკითხების ექსპერტი, შანონ კაილი: [შანონ კაილის ხმა] “ცხადია, შესაძლებლობების სპექტრში ერთ მხარეზეა სამხედრო ოპერაციის პერსპექტივა. ასეთი ოპერაცია შესაძლოა, აშშ-მა განახორციელოს, შესაძლოა - ისრაელმა, თუ ჩათვალეს, რომ ირანს ბევრი აღარაფერი აკლია ატომური იარაღის შექმნამდე. ვფიქრობ, ჯერ კიდევ არის დრო დიპლომატიისთვის - ვფიქრობ, ირანი 2009 ან 2010 წლამდე ვერ შეძლებს ატომური იარაღი შექმნას”.
XS
SM
MD
LG