Accessibility links

logo-print

ნატოს შეფასებით მისიას მხოლოდ სამი დღე დასჭირდა, რომ პროგრესში დარწმუნებულიყო


22 თებერვალს სახელმწიფო კანცელარიაში ერთობლივი ბრიფინგითა და ოპტიმისტური განცხადებებით დასრულდა ნატოს შემფასებელთა მისიის შემაჯამებელი შეხვედრა, რომელსაც საქართველოს რამდენიმე უწყების წარმომადგენელი და თავად ნატოელი ექსპერტები ესწრებოდნენ.

როგორც გაირკვა, ნატოს მისიას სულ სამი დღე დასჭირდა იმისათვის, რომ დარწმუნებულიყო სახელმწიფო მშენებლობის ყველა სფეროში მიღწეულ პროგრესში. თუმცა კონკრეტულად არაფერი თქმულა არც ვადებზე და არც იმაზე, შეუშლის თუ არა ხელს გაყინული კონფლიქტების არსებობა ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესს..

ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი ფრენკ ბოლანდი, შეფასებითი მისიის დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში, ყოველ წელს ჩამოდის საქართველოში და ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან ღებულობს. თუმცა, მიუხედავად საკმაოდ მაღალი ხარისხის ინფორმირებულობისა, პრესისთვის გაკეთებული განცხადებები მეტად თავშეკავებულია. ფრენკ ბოლანდს ტრადიცია არც 22 თებერვალს დაურღვევია - სტუმარმა ზოგადად ილაპარაკა პროგრესზე, მაგრამ კონკრეტულად არაფერი უთქვამს, თუ რა სფეროებში აქვს ყველაზე უფრო მეტი ხარვეზი საქართველოს იმ ვალდებულებათა შესრულების მხრივ, რომელიც ქვეყანამ 2 წლის წინ, ნატოში გაწევრიანების მიზნით, იკისრა:

[ფრენკ ბოლანდის ხმა] ”ბოლომდე სრულყოფილი არაფერია. მე მხედველობაში მაქვს ის ფაქტი, რომ არის სფეროები, სადაც დროის მოკლე მონაკვეთში უდიდესი წარმატება იქნა მიღწეული. მაგრამ რეფორმები საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. და, რა თქმა უნდა, ყოველთვის იარსებებს სფეროები, სადაც საჭირო იქნება შემდგომი მუშაობა ვითარების გასაუმჯობესებლად. საქართველოში კარგად იციან, რომ გრძელვადიანი დაგეგმვა არის პროცესი, რომელშიც მთელი მთავრობა უნდა იყოს ჩართული. და ეს პროცესი საქართველოში უკვე დაწყებულია.”

ნატოს დელეგაციის ხელმძღვანელმა დიპლომატიურად უპასუხა რადიო ”თავისუფლების” შეკითხვას მოუგვარებელი კონფლიქტების თაობაზე - კერძოდ, შეუშლის თუ არა ხელს ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას მოუგვარებელი კონფლიქტების არსებობა, თუკი საქართევლო შეასრულებს ყველა დანარჩენ პირობებს, რასაც აი-პა-პი, ანუ ”ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა”, ითვალისწინებს:

[ფრენკ ბოლანდის ხმა] ”ნება მიბოძეთ, განვმარტო, რომ გაწევრიანების პროცესი დამოკიდებულია ალიანსის 26-ივე სახელმწიფოს გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ისინი ინდივიდუალურად საკუთარ დედაქალაქებში მიიღებენ, ხოლო შემდეგ ერთმანეთში კონსენსუსის წესით გაარკვევენ, მიიწვიონ რომელიმე ქვეყანა თუ არა. აქ მხედველობაში იქნება მიღებული მთელი რიგი საერთაშორისო ფაქტორები. ამიტომ მე თავს ავარიდებ ვარაუდებს იმაზე, თუ რომელი ფაქტორი შეიძლება გახდეს არსებითი და რომელი არა გადაწყვეტილებისთვის, რომელიც შეიძლება მხოლოდ ნატოს წევრებმა მომავალ სამიტზე მიიღონ.”

ნატოს წარმომადგენლის თქმით, გაწევრიანების გადაწყვეტილებაზე გავლენას მოახდენს რეფორმები საქართველოში, რომელიც ნელ-ნელა ავითარებს სიჩქარეს. აღსანიშნავია, რომ ნატოს შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტს დაემთხვა ხელისუფლების ახალი ინიციატივა. 22 თებერვალს სენაკის მოტომსროლელ ბრიგადაში მოულოდნელად ჩასულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზეიმო ვითარებაში გამოაცხადა ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ოფიცერთა პროფესიისთვის განსაკუთრებული შეღავათებისა და პრივილეგიების მინიჭებას ითვალისწინებს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ყველა ოფიცერი, ვინც იმსახურებს კონტრაქტით დადგენილ ვადას, დღევანდელი დღიდან მიიღებს უფასო საცხოვრებელ ფართს, ბინას თბილისსა და ბათუმში. ყველა ოფიცერი მიიღებს შეღავათიან კრედიტს, რათა თავადვე მოაწყოს საკუთარი ცხოვრება; თბილისში აშენდება მთელი მიკრორაიონი, სადაც იქნება სკოლები და პოლიკლინიკები, რათა ყველა ადამიანი იყოს დაცული.”[სტილი დაცულია]

შესაბამის აქტს მიხეილ სააკაშვილმა სენაკის ბრიგადაში, სამწყობრო პლაცზე, მოაწერა ხელი. პრეზიდენტმა მოუწოდა უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულებს მონაწილეობა მიიღონ ახალი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მშენებლობაში, ქვეყნისა, რომელსაც მომავალში ”ვეღარავინ დააჩოქებს.”
XS
SM
MD
LG