Accessibility links

logo-print

საჭიროა თუ არა ქონების ხელახალი პრივატიზება ან რეგისტრაცია


ბოლო დროს თბილისის მოსახლეობაში გავრცელდა ინფორმაცია უძრავი ქონების,

ბინებისა და სახლების ხელახალი რეგისტრაციის აუცილებლობის შესახებ. ამ ინფორმაციის წყაროს დადგენა ვერ ხერხდება, თუმცა იგი ელვის სისწრაფით გავრცელდა მოსახლეობაში და საჯარო რეესტრის სამსახურს უამრავმა მოქალაქემ მიაკითხა, ქონების ხელახალი რეგისტრაციის სურვილით. რიგში დგომის, დროის ხარჯვისა და უამრავი საბუთის გარდა, მოქალაქე ქონების რეგისტრაციაში არცთუ უმნიშვნელო თანხას ხარჯავს. მე შევეცადე გამერკვია, საჭიროა თუ არა ბინებისა და სახლების ხელახალი პრივატიზება ან რეგისტრაცია.

[ისმის ხმაური]

ასეთი ხმაური და ხალხმრავლობაა იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის თბილისის განყოფილების შენობაში. საჯარო რეესტრი ისედაც არ უჩივის მოქალაქეთა სიმცირეს, მაგრამ ხალხის ნაკადის განსაკუთრებული მატება მოსახლეობაში გავრცელებული ერთი ინფორმაციის შედეგია.

[ნათელას ხმა] ”მე ასე გავიგე, რომ უნდა გაკეთდეს საჯარო რეესტრი ახლიდან. მეზობლებისგან გავიგე. მაგათმა უკვე გააკეთეს...”(სტილი დაცულია)

ეს არის ქალბატონი ნათელა, რომელსაც ბინის პრივატიზება უკვე კარგა ხნის წინ აქვს გაკეთებული და, როგორც ჩემთან საუბარში გაირკვა, რეგისტრირებულიცაა საჯარო რეესტრის წინამორბედ უწყებაში, ეგრეთ წოდებულ ”ტექბიუროში”.

[ნათელას ხმა] ”ისე, გაფორმებული მაქვს და დაკანონებულია დიდი ხნის წინ...”

ამ ქალბატონის მდგომარეობაში კიდევ რამდენიმე მოქალაქე ვიპოვე საჯარო რეესტრის შენობაში ყოფნისას, სულ 10 წუთის მანძილზე. ერთ-ერთი მათგანი დიდ პლაკატზე დიდი ასოებით დაწერილ განცხადებას კითხულობდა. მე მასაც გავესაუბრე.

[მოქალაქის ხმა] ”ჩვენც გავიგეთ და, აი, ახლა ვეუბნებოდი, რა კარგია, რომ ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა.”

ასეთი სიხარული მოქალაქეს მოჰგვარა საჯარო რეესტრის განცხადებამ, რომელშიც ნათქვამია, რომ უძრავი ქონების, ბინის ან სახლის ხელახალი რეგისტრაცია ან პრივატიზაცია საჭირო არ არის. იგივე მითხრა საჯარო რეესტრის ერთ-ერთმა თანამშრომელმა და რომ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიმეღო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს ჯამბულ ებანოიძეს გავესაუბრე.

[ჯამბულ ებანოიძის ხმა] ”არავითარი ასეთი რამ არ არის დაგეგმილი. ჩვეულებრივ, ყველა ის პრივატიზებული ბინა, რომელიც პრივატიზებული იქნა გასული წლების განმავლობაში, ჩვეულებრივ რჩება მათ კერძო საკუთრებაში. არავითარი ხელახალი პრივატიზაცია და რეგისტრაცია მათი მოთხოვნილი არ არის კანონმდებლობით და არც უახლოეს ხანებში ესეთი არც იქნება მომზადებული და ეს არის აბსურდი, საერთოდ.”(სტილი დაცულია)

მაშ, რა გახდა მოსახლეობაში მცდარი ინფორმაციის ელვის სისწრაფით გავრცელების მიზეზი? მოქალაქეთა ის ნაწილი, ვინც მიხვდა, რომ ფუჭად მიაკითხა საჯარო რეესტრის სააგენტოს და დაახლოებით 40 ლარი გადაიხადა, ამბობს, რომ ყველაფერი შიშის ბრალია:

[მოქალაქის ხმა] ”საკუთრებაა და მიდის და გინგრევს და არავინაა დაზღვეული, რომ ხვალ არ იტყვის ეს პრივატიზირება ანულირებულია და წადი აქედან...”(სტილი დაცულია)

საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი ჯამბულ ებანოიძე შეშფოთებული მოქალაქეების დამშვიდებას ცდილობს პრეზიდენტის ახალი ბრძანებულებით, რომელიც ბინების პრივატიზების პროცესს, წინანდელთან შედარებით, ერთიორად ამარტივებს.

XS
SM
MD
LG